ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
დეკანოზი პეტრე კვარაცხელია გარდაცვლილ დედას ემოციურ ლექსებს უძღვნის და სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
დ ე დ ა
შენი გული ჩემი გულით ფეთქავს,
სანამ შენ ხარ, არ მაკლდება წლები.
ტკივილები შენთვის რომც არ მეთქვა,
შენ ყველაფერს სიჩუმითაც ხვდები…
სირთულეც კი მარტივია შენთან,
ჩემს სიმძიმეს შენ იკიდებ ზურგზე.
ასე უფალს შეუძლია, დედა,
ღმერთმა იცის, რამდენ ტანჯვას უძლებ…
გვირილა რომ მომანათებს თვალებს,
მხოლოდ შენი მახსენდება მზერა…
დედი მტკივა, სულზე მიმკურნალე,
მხოლოდ შენი სასწაულის მჯერა…
***
დ ე დ ა
შენი ცრემლებით შედედებული რძე დამიდგი და ბავშვობა წართმეული ფიქრები ჩამიყარე, რომ დავნაყრდე დედა...
ისევ შეიცვალა ამინდი და ქარი ლეღვის ფოთოლს წუხელ გამალებით ხევდა,
მერე ქოხში, ვიდრე დავიბადე თურმე აღარ გიკარებდა ძილი,
შენში ვიზრდებოდი, მაგრამ ცხრა თვე მაგუებდი სევდას,
მამის გაღიმება ჩემთვის უხო იყო ხილი-
როგორ არ მინდოდა, როგორ არ მინდოდა გარეთ გამოგეშვი დედა.
ძარღვში სისხლის ნაცვლად, შენი ამოძრავდა ცრემლი.
გული ფეთქავს, როგორც უკვე განწირული ძალა და ჩემს გაჩენამდე, რომ შენს დაბადებას წყევლი,
ფიქრმა შენით სუნთქვა, თვეში ცხრაჯერ ამიკრძალა...
ფრთხილად, არ წაიქცე, მუცლით მღვდელს ატარებს დედი,
ჩუმად წამიკითხე წიგნში დაბადების თავი,
მერე მშობლიური ლოცვით შემიზავე მკერდი, მამამ შეიწირა, ჯერ არ გაჩენილი კრავი...
ნეტავ უსასრულოდ ცხრა თვე გამიგრძელდეს, დედა...
***
დეკანოზმა "პრაიმტაიმისთვის" მიცემულ საახალწლო ინტერვიუში დედის კულინარიულ ნიჭზე ისაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს.
დეკანოზი პეტრე კვარაცხელია: დედა საოცარი კულინარი გახლდათ. განსაკუთრებულად მიყვარდა მისი მომზადებული ნამცხვარი "დათუნია". არ ვიცი, მართლა არსებობდა თუ არა ასეთი ნამცხვარი, თუ დედას კულინარიული გამოგონება იყო, ერთი კი არის - მთელი ბავშვობა მომყვებოდა "დათუნია" თავისი დაუვიწყარი გემოთი. ზემოდან კაკაო ჰქონდა, შუაგულში თეთრი კრემი და მთელ-მთელი ნიგვზებით იყო... საოცრება... ვიდრე დედა გარდაიცვლებოდა, ყველა დაბადების დღეზე ვთხოვდი, დედა, "დათუნია" გამომიცხე, ხომ იცი, ჩემთვის შენგან მთავარი საჩუქარი, ეს ნამცხვარია-მეთქი.
გამორჩეულად ამზადებდა მეგრულ ფელამუშს, ოდესის წვენისგან. განსაკუთრებული სიფაქიზითა და უბრალოებით. იდგა და უჩუმრად ურევდა ფელამუშის ქვაბს. მახსოვს, არც ლაპარაკობდა, როდესაც ამზადებდა. მშვიდად იდგა და ასე რიტუალურად ამზადებდა. გიჟდებოდა ფელამუშისა და "დათუნიას" მომზადებაზე.
დედა აცხობდა საოცარ მეგრულ ხაჭაპურებს. უყვარდა აჩმის გაკეთება. აცხობდა ჭვიშტარს...
მეგრული თხილისგან ჩურჩხელას აკეთებდა და სხვენზე მალავდა საახალწლოდ. მაგარი იყო ჩურჩხელის გამოტანის პროცესი, როდესაც ჩვენ ჩუმად ვუთვალთვალებდით, აბა, სად ჰქონდა დამალული რომ ვერ ვაგნებდით. ყოველ წელს სხვადასხვა სამალავში მალავდა, რადგან ჩემი ძმა ჩურჩხელის მარაგს მუსრს ავლებდა.