„წარმატება შობს წარმატებას“ - UEFA-ს სტატია საქართველოს ნაკრების წარმატებაზე

ნაკრები

საქართველოს ნაკრების წარმატება რამდენიმე დღეა ევროპის არაერთ ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ სალაპარაკო თემად იქცა. ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ ჩვენი გუნდის შესახებ არაერთმა გავლენიანმა სააგენტომ დაწერა, თუმცა, ბუნებრივია, ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს, UEFA-ს შეფასებაა.

ორგანიზაციის ვებგვერდზე საქართველოს ნაკრების შესახებ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა:

„ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველომ ისტორია დაწერა და პირველად შეძლო დიდ საფეხბურთო ტურნირზე გასვლა. ეს არის უახლესი ეტაპი იმ მოგზაურობაში, სადაც ქართული ფეხბურთი ძლიერდება როგორც სათამაშო კუთხით, ისე გულშემატკივართა მხარდაჭერის მხრივაც.

თბილისის მთავარ გამზირზე საზეიმო სცენები აერთიანებს ქართველ ფეხბურთელებს და ათასობით გულშემატკივარს, ეს კადრები ამ წარმატების სიდიადეს ასახავს. ნიკა კვეკვესკირის გადამწყვეტმა პენალტიმ საქართველოს საბერძნეთთან გამარჯვება დაადასტურა, რითაც ასევე დადასტურდა ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში მათი ადგილი ჩეხეთთან, პორტუგალიასთან და თურქეთთან ერთად.

ზოგიერთისთვის, მათი ევრო 2024-ზე მოხვედრა შესაძლოა მოულოდნელი აღმოჩნდეს. თუმცა, ქართული ფეხბურთის ახლო დამკვირვებლები დაადასტურებენ, რომ დიდ საფეხბურთო ტურნირზე მოხვედრა მათ დიდი ხნის წინ დაიმსახურეს.

ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიკაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამბიციური გუნდის მუშაობის შედეგია, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში ახორციელებენ. ეს არის მათი სწორი მენეჯმენტისა და ინოვაციის კულმინაცია, რომელმაც UEFA-ს მრავალმხრივი მხარდაჭერა მაქსიმალურად გამოიყენა.

ერთა ლიგიდან ევროპის ჩემპიონატამდე

საქართველო, ევრო 2024-ზე მოხვედრის კანდიდატთა შორის, ერთა ლიგის 2022/23 წლების გავლით აღმოჩნდა. მათ ჯგუფური ეტაპი მოიგეს, თუმცა, ეს არ ყოფილა ერთადერთი გზა, რაც საქართველოს ამ ტურნირმა მისცა.

წარმატება შობს წარმატებას. ერთა ლიგის დაარსებამ საქართველოში საფუძველი ჩაუყარა მუდმივ იმპულსს. მათ ერთა ლიგაზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოგების პროცენტი აქვთ.

უფრო მეტიც, საქართველომ B ლიგის საგზური მოიპოვა და 2024/25 წლების სეზონიდან ექნება შესაძლებლობა, რეგულარულად გამოცადოს საკუთარი თავი კიდევ უფრო მაღალი დონის გუნდებთან. ერთა ლიგის შემოღებამდე ასეთი დონის მატჩების რეგულარულად გამართვა რთული იყო, განსაკუთრებით ევროპის მასშტაბით შედარებით პატარა საფეხბურთო ქვეყნებისთვის.

პრესტიჟული ტურნირების მასპინძლობისგან მიღებული სარგებელი

ეროვნული ნაკრების წარმატებას წინ უძღოდა შესამჩნევი მიღწევები ასაკობრივ დონეზე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კარგად გამოიყენა UEFA-ს ძირითადი ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობა, რითაც ინტერესი გაზარდეს და გუნდებს მნიშვნელოვანი გამოცდილება მისცეს.

2017 წელს საქართველომ 19-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც ჯგუფურ ეტაპზე მათ თამაშებს 25 ათასამდე კაცი ესწრებოდა. 2023 წელს საქართველომ რუმინეთთან ერთად 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა და დასწრების მხრივ ორივე ქვეყანამ რეკორდული ციფრი გვაჩვენა - 316,023 გულშემატკივარი. ტურნირის ისტორიაში საქართველომ მათი ნაკრებების თამაშზე ზედიზედ სამჯერ დაამყარა რეკორდი დასწრების თვალსაზრისით.

საქართველომ ისტორია პლეი-ოფში გასვლით გადაწერა, თანაც ისეთი ჯგუფიდან, სადაც მეტოქეები ბელგიის, პორტუგალიისა და ნიდერლანდების ნაკრებები იყვნენ.

ქართული ფეხბურთის განვითარების სტრატეგია

ბოლო ათწლეულში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ფეხბურთის მასობრიობის გაზრდა იყო. ეს სწორედ ის ნაწილია, სადაც მათ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.

2015-2021 წლებში რეგისტრირებული მამაკაცი ფეხბურთელების რაოდენობა 14 676-დან 37600-მდე გაიზარდა, ქალი ფეხბურთელების რიცხვი კი გაათმაგდა.

ეს პროგრესი ნაწილობრივ UEFA Grow პროგრამითაც არის განპირობებული, რაც დამატებით უნარებისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. ეს სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციებს განვითარებაში მნიშვნელოვნად ეხმარება.

UEFA Grow-ს მხარდაჭერა საქართველოსთვის გადამწყვეტი იყო, რათა 2022-2026 წლების სტრატეგია შეემუშავებინათ, რაც უწყვეტი წარმატების ჩარჩოს აყალიბებს. ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გასულ წელს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძლობაში.

UEFA-ს ჰეთთრიკის დაფინანსების ინვესტიცია

UEFA grow-ს მხარდაჭერის პარალელურად, UEFA-ს ჰეთთრიკის დაფინანსებამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა  სფფ-ის ბოლოდროინდელ  ინფრასტრუქტურულ პროექტებშიც.  ეს მოიცავს სტადიონების რეკონსტრუქციასა და სასწავლო ცენტრების შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

ჰეთთრიკის დაფინანსებით, საქართველომ 2014 წელს საფეხბურთო აკადემიის დაარსება შეძლო, რაც ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი პრეცედენტი იყო. საფეხბურთო ინფრასტრუქტურისა და ტალანტების განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე გუნდებისთვის.