1739342153
შოთა ბერეკაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის ეკონომიკური პოლიტიკის, სამრეწველო და კომერციულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს აზერ ამირასლანოვს შეხვდა
![შოთა ბერეკაშვილი შოთა ბერეკაშვილი](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/12/111903/shota-berekashvili_w_h.jpeg)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის ეკონომიკური პოლიტიკის, სამრეწველო და კომერციულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს აზერ ამირასლანოვს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა შუა დერეფნის მნიშვნელობას და მის სატრანზიტო პოტენციალს. ასევე, პარტნიორობის გაღრმავებას აღნიშნული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით.
„აზერბაიჯანელ კოლეგებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვასთან დაკავშირებით, რომელმაც 1,3 მილიარდს მიაღწია. აქედან საქართველოდან აზერბაიჯანში განხორციელებული ექსპორტი 780 მილიონ დოლარს შეადგენს. აღვნიშნეთ, რომ ორივე მხარე ვიზრუნებთ, რათა მომავალში ვაჭრობის მოცულობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ასევე, ხაზი გავუსვით, რომ აზერბაიჯანიდან საქართველოში აქტიურად ხორციელდება ინვესტიციები, ჩვენს ქვეყანაში მუშაობს არაერთი აზერბაიჯანული კომპანია, მათ შორის „სოკარი“, ასევე დეველოპერული კომპანიები, ბანკი და სხვა. და ამ მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტის განხორციელება შეიძლება მომავალში“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, აზერბაიჯანელ კოლეგებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობით კიდევ მეტის მიღწევაა შესაძლებელი რეგიონში სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდა, როგორც საქართველოში ასევე აზერბაიჯანში, გაგრძელდეს და შენარჩუნდეს.
შეხვედრაში მონაწილეობდა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.