სპორტის სამინისტრო: დვალიშვილმა რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და MMA-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა

მერაბ დვალიშვილი

 UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილის გამარჯვების შესახებ სპორტის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

„აშშ-ში, კალიფორნიაში, არენა Intuit Dome-ზე გამართულ UFC 311-ის ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი პირველად დაიცვა. მან ოქტაგონზე რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და MMA-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

აღსანიშნავია, რომ 34 წლის მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეთორმეტე ბრძოლა მოიგო.

შეგახსენებთ, რომ UFC-ში ორი ქართველი ჩემპიონია. მერაბ დვალიშვილი შარშან სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამრისთვის ოქტაგონზე ამერიკელ შონ ო’მალის დაუპირისპირდა და UFC-ის ჩემპიონობა მოიპოვა. 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა ილია თოფურია. ის პირველი ქართველი მებრძოლია, რომელმაც UFC-ის ჩემპიონობა იზეიმა. ჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლაში მან ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.