საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულოს პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ 1981 წელს დაბადებულმა ს.ო.-მ თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 2002 წელს დაბადებული ო.ფ., 1988 წელს დაბადებული თ.ჩ., 1985 წელს დაბადებული ს.ი., 1989 წელს დაბადებული ჰ.ო. და 1987 წელს დაბადებული ა.ქ. სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტის „სარფის“ გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე ფარულად, უკანონოდ გადმოიყვანა.

პოლიციამ ექვსივე მათგანი საზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავა. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილითა და სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.