რატომ არ იყენებენ ტუალეტის ქაღალდს ინდოეთში - მიზეზს ვერასდროს გამოიცნობთ
1741183080
კრივის პრობლემებსა და საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს კრივის აკადემიის დამფუძნებელი სპარტაკ ლაზარაშვილი.
- როგორ ვითარდება დღეს კრივი საქართველოში და, კონკრეტულად, თბილისში?
- თბილისში კრივი დღეს ძალიან პოპულარული სპორტის სახეობა გახდა, უამრავი ბავშვი და ადამიანია ჩართული.
კრივი ურთულესი სპორტია, შეიძლება ითქვას, კლასიკაა. მას დიდი ხნის ისტორია და იმხელა ტრადიციები აქვს, მასზე საუბარს ვერ ამოწურავ.
მწვრთნელები და მოკრივეები თანამედროვე კრივის პრობლემებს ხშირად განვიხილავთ - თბილისში არსებობს ტრადიციული დარბაზები, რომლებიც მრავალი ათეული წელია მუშაობს, იქ არიან ძალიან გამოცდილი მწვრთნელები. თბილისს და, ზოგადად, საქართველოს, გვაქვს ამის ფუფუნება, რომ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები გვყავდეს.
ტრადიციული დარბაზების პარალელურად არსებობს ფიტნეს დარბაზები, სადაც გამოუცდელი, სპორტის სხვა სახეობებიდან მოსული სპეციალისტები მუშაობენ. მათ გადაწყვიტეს, რომ კრივი ასწავლონ ბავშვებს, რაც, ჩემი აზრით, მიუღებელია. და აი, რატომ?
მწვრთნელი უნდა გრძნობდეს იმ ბავშვის განცდებს, რომელიც რინგზე გადის, თუ ის ამას ვერ გრძნობს, თუ რინგზე თავად არ გასულა და ეს ყველაფერი არ განუცდია, როგორ შეიძლება ბავშვს რამე ასწავლოს და ურჩიოს, ასე მოიქეციო?!
მე შეიძლება ცურვის მასწავლებლის გვერდით დავდგე და ცურვის შესწავლის მსურველს ტექნიკურად ხელის მოსმა ვასწავლო, მაგრამ რას გრძნობს ბავშვი წყალში, არ ვიცი. მე მოკრივე ვარ და არ გამოვდგები ცურვის მასწავლებლად.
ბევრ ფიტნეს დარბაზში მივდივარ, სადაც კრივს ასწავლიან და ვეკითხები, სპორტის რომელი სახეობიდან არიან ისინი? მეუბნებიან, რომ ზოგი ფეხბურთელია, ზოგი კალათბურთელი, ან მოჭიდავე. ეს მიუღებელია. კრივი ტრავმული სპორტია, ბავშვები ფაქიზები არიან, მათ ფსიქოლოგიურად უნდა მიუდგე და გაიგო, რას გრძნობენ, რინგზე რომ გადიან. რინგამდე იმხელა გზაა გასავლელი, იმდენი ემოციაა, შენ თუ არ გაგივლია და არ იცი, შეუძლებელია, ბავშვს რაღაც გადასცე და ასწავლო. მარტო ერთი-ორი ტექნიკური ილეთი არ გამოგადგება. რინგამდე დიდი გზაა, შეიძლება ითქვას, მთელი ცხოვრება უნდა გაიარო.
როგორც ერთმა დიდმა მოკრივემ თქვა, რინგზე რომ დადგებით, დროის ფასს მერე მიხვდებითო, ზუსტად ასეა.
- რას ურჩევდით ასეთ მწვრთნელებს? შესაძლოა, მართლაც არის ფეხბურთელი ან მოცურავე, მაგრამ მისი ინტერესია, ამ სპორტშიც განვითარდეს...
- მათ ვურჩევდი, კრივის სწავლებისგან თავი შეიკავონ, მით უმეტეს, ბავშვებთან ურთიერთობისას. კიდევ გავიმეორებ - შენ თუ რინგზე ოფლი და სისხლი არ დაგიღვრია და თავად არ გამოგიცდია ყველაფერი, სასურველ შედეგს ვერ მიიღებ. ასეთ მწვრთნელებს ვურჩევ, თავი შეიკავონ. ტექნიკურად შეიძლება, ასწავლონ კრივის ილეთები, მაგრამ რინგამდე ვერ მიიყვან ადამიანს. ეს არ ისწავლება, თუ შენში არ არის და არ იცი, დარტყმის დროს ბავშვი რა ტკივილს გრძნობს, რა ემოციებშია და რა ნერვიულობის გადატანა უხდება, სანამ რინგზე ავა.
ბრძოლის დროს შეიძლება პირველი რაუნდი წააგოს, მაგრამ გამოცდილმა მწვრთნელმა იცის, როგორ უნდა მოიქცეს, რომ მეორე რაუნდში გადატეხოს ეს მარცხი, იცის, როგორ უნდა იმუშაოს. მაგრამ თუ ეს ყველაფერი შეგრძნების დონეზეა, მხოლოდ თეორიულად ვერ ასწავლი კრივს. ამიტომ სჯობს, ყველამ ჩვენი საქმე კეთილსინდისიერად ვაკეთოთ.
- ანუ მწვრთნელს უნდა ჰქონდეს გამოცდილება?
- შეიძლება არ იყოს დიდი სპორტსმენი და მედალი არ ჰქონდეს, მაგრამ რინგზე ნამყოფი უნდა იყოს, თვითონ უნდა გრძნობდეს ყველაფერს, რასაც მოკრივე განიცდის. ამ საკითხზე კრივის ოჯახში ყოველთვის ვლაპარაკობთ, მოკრივეები სხვადასხვა დარბაზიდან რომ ვხვდებით ერთმანეთს, ერთ-ერთ პრობლემად ამ თემასაც განვიხილავთ. ეს უშუალოდ ბავშვის ჯანმრთელობას ეხება.
- როგორ ვითარდება კრივი თბილისში? რა ეტაპზე ვართ?
- თბილისში საკმაოდ ტიტულოვანი მოკრივეები გვყავს. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, ტრადიციული ძლიერი სკოლებია, საუკეთესო შედეგები აქვთ. თუმცა არიან მწვრთნელებიც, რომლებსაც დარბაზის მწვრთნელებს ვუწოდებდი.
- რა განსხვავებაა ე.წ. დარბაზის და ნაკრების მწვრთნელებს შორის?
- მათ შორის, სამწუხაროდ, ძალიან დიდი განსხვავებაა. სხვადასხვა პასუხისმგებლობაა. მაგალითად, არის თბილისში მწვრთნელი, რომელიც თავის საქმეს 40-45 წელია აკეთებს. დგას დარბაზში და ხმას არ იღებს, რომ მუშაობს. სულ შედეგი აქვს: ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიოს ჩემპიონატი, ფინალისტები, სსრკ-ს ჩემპიონები.
რა არის ჩვენი არსებითი პრობლემა? როცა ბავშვი გაიზრდება და უკვე სხვა ეტაპზე გადადის, მწვრთნელმა უნდა იცოდეს გადაცემა. უნდა გადასცეს სპორტსმენი ნაკრებს, შეკრებებსა და შეჯიბრებებზე გაუშვას. როგორც წესი, ნაკრების მწვრთნელს პირადი მოსწავლეები არ ჰყავს ან იშვიათად ჰყავს, რადგან ისინი ნაკრებში მუშაობენ და სხვა პასუხისმგებლობა აკისრიათ. სახელმწიფო დონეზე განიხილება ყველაფერი. ყველამ იცის, ჩვენი ქვეყანა სპორტზე და კულტურაზე დგას. თუ მომავალი განათლებული და ჯანმრთელია, ქვეყანაც შემდგარია.
ამიტომ, ნაკრების მწვრთნელებს სხვა პასუხისმგებლობა აქვთ სახელმწიფოსთან, მას შეჯიბრზე გაჰყავს სპორტსმენი, რომ ქვეყანას მედალი მოუტანოს, საქართველოს დროშა ფრიალებს, ჟღერს ჰიმნი.
თავად განსაჯეთ, რომელი უფრო რთულია. რომელიც თავიდანვე მუშაობს და გამზადებული ბავშვი მიჰყავს ნაკრებში თუ ის, რომელიც შემდეგ ამ ბავშვს ამზადებს შეჯიბრებებისთვის?
- როდესაც მშობელი კრივზე ბავშვის მოყვანას გადაწყვეტს, რა უნდა გაითვალისწინოს, რომელი ასაკიდან მოიყვანოს, რა რჩევას მისცემთ?
- ეს ყველაფერი საკუთარი შვილის მაგალითზე გამოვცადე და პატარ-პატარა შეცდომები მეც დავუშვი. ახლა კრივზე ბავშვის მიყვანა 7-8 წლიდან უკვე შეიძლება, თუმცა ჩემს ბავშვობაში 12 წლამდე არ შეიძლებოდა. 12-დან 18 წლამდე ბავშვი საღ-სალამათი უნდა მივიდეს, რომ დიდ სპორტში გადაღლილმა არ გადააბიჯოს. სამწუხაროდ, მშობლები, ჩემი ჩათვლით, ზოგჯერ შეცდომას უშვებენ და ძალიან პატარა ასაკიდან მიჰყავთ კრივში ბავშვები. მერე 18 წლამდე იმხელა დრო არის, რომ ბავშვი ბერდება.
თუმცა არ არის გამორიცხული, იმ ასაკში შედეგი გაჩვენოს. ჩემი შვილი 14 წლის ასაკში უკვე ევროპის პრიზიორი იყო. რუსეთში ანაპაში საქართველოს დროშა ავაფრიალეთ, მესამე გუნდურ ადგილზე გავედით.
გამოცდილ მწვრთნელთან 7-8 წლიდან მიდიან ბავშვები და ძალიან კარგადაც გრძნობენ თავს. მშვენივრად ვარჯიშობენ. მაგრამ კიდევ უფრო ზევით როგორ იქნება, ეგ არის ყოველთვის პრობლემა. ბავშვი დიდ სპორტში რომ მოდის და შედეგი უნდა მოგცეს, გადაღლილი არ უნდა იყოს. ბავშვი ხალისიანი უნდა იყოს და უხაროდეს.
თუმცა არის შემთხვევებიც, პატარაობიდან მიჰყავთ კრივში და შედეგს მაინც იღებენ, მრავალი ტიტულოვანი სპორტსმენი გვყავს, 6 წლიდან ვარჯიშობენ, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატის მედლები უკიდიათ კედელზე.
მე მაინც ძველ სკოლას მივემხრობი, რომ ბავშვი უნდა იყოს საღ-სალამათი, ცოცხალი და 18 წლამდე ასეთი მივიდეს.
- მშობელთა უმრავლესობას ჰგონია, კრივზე რომ ბავშვს მოიყვანს, ჩხუბს ისწავლის ბავშვი...
- ძალიან ვწუხვარ, როცა მშობლებს მოჰყავთ ბავშვი და მეკითხებიან, ჩხუბს ისწავლისო? მოკრივეები ყველაზე არაკონფლიქტური ხალხი ვართ. ამ ენერგიას ვტოვებთ რინგზე, აქ რომ ბავშვი მოდის, ჩხუბი კი არ უნდა ისწავლოს,პირიქით, კრივმა ურთიერთობები და დისციპლინა უნდა ასწავლოს მას.
უნდა შეიძინოს მეგობრები. რინგზე ადიან, ერთმანეთს ურტყამენ, სისხლიც იღვრება. ცრემლიც, ოფლიც, მაგრამ მერე მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ეხუტებიან, კოცნიან და ეს მეგობრობა მთელი ცხოვრება მიყვებათ. თუ თავიდანვე ჩაისახა მეგობრობა, როგორც წესი, შემდეგ მთელი ცხოვრება მეგობრებად რჩებიან, იმდენად ვაჟკაცური სპორტია.