1741243171
მინდა, მჯეროდეს, რომ შეერთებული შტატები ჩვენს გვერდით დარჩება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, თუ ეს ასე არ იქნება - მაკრონი

ევროპა ახალ ეპოქაში შედის მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა შეცვალა პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას ისაუბრა.
„შეერთებულმა შტატებმა, ჩვენმა მოკავშირემ, შეცვალა თავისი პოზიცია ამ ომთან დაკავშირებით, ნაკლებად უჭერს მხარს უკრაინას და ეჭვქვეშ აყენებს იმას, თუ რა მოხდება შემდეგში”,- განაცხადა მაკრონმა.
ამასთან, საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ მზად უნდა იყვნენ, რომ აშშ ევროპაზე ტარიფებს დააწესებს, როგორც ეს კანადასა და მექსიკაზე მოხდა. მისი თქმით, ევროპა მზად უნდა იყოს ტარიფების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილების მისაღებად.
მაკრონმა ასეთ ნაბიჯს „გაუგებარი“ უწოდა.
„ეს ჩვენი მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება“, – განაცხადა მაკრონმა.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად გააგრძელებს აშშ-ს ადმინისტრაციის დარწმუნებას იმაში, რომ ასეთი ტარიფები „ყველას ზიანს მიაყენებს“.
მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი მზად უნდა იყოს, თუ შეერთებული შტატები მის გვერდით აღარ იქნება.
„მინდა, მჯეროდეს, რომ შეერთებული შტატები ჩვენს გვერდით დარჩება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, თუ ეს ასე არ იქნება“, – აღნიშნა მაკრონმა.