1741179176
გიორგი ბაჩიაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

მესამე ბრალდებაზე გიორგი ბაჩიაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილ ხელმძღვანელს საზღვრის უკანონო კვეთაზე ბრალი დღეს წარუდგინეს და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე დღესვე იმსჯელა.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილი თავდაპირველად ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით სომხეთში გადავიდა, იქიდან კი, რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი.
გიორგი ბაჩიაშვილს ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა. მან გუშინ თავად დაწერა, რომ საქართველო დატოვა. მიზეზად საფრთხეებზე მიღებული ინფორმაცია დაასახელა. პოსტი სოციალურ ქსელში სასამართლო სხდომის დაწყებამდე გამოაქვეყნა. თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელს საზღვრის უკანონო კვეთამდე ორი ბრალი ჰქონდა წარდგენილი.