რა სიურპრიზი ელოდება ბათუმის სტადიონზე მისულ გულშემატკივარს

ვარჯიში

რამდენიმე საათი რჩება საფეხბურთო დაპირისპირებამდე, დღეს ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება. ბათუმის "დინამო" ბრატისლავის „სლოვანს“ მიიღებს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა სლოვაკეთში ფრედ 0-0 დასრულდა. გამარჯვების შემთხვევაში ქართული კლუბი მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

პრინციპული თამაშისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.  ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტი მაყურებელს თამაშის დაწყებამდე საინტერესო პერფორმანსს ჰპირდება.

"სტადიონზე იქნება პატარა სიურპრიზი, პერფორმანსი, რომელიც არასდროს არ გაკეთებულა ქართულ რეალობაში და ამას აუცილებლად ნახავს მაყურებელი თამაშის დასაწყისში. მოლოდინი არის ძალიან პოზიტიური და მე ვფიქრობ რომ საკუთარ თავებსაც უნდა გადავახტეთ და ეს თამაში მოვიგოთ. მე მჯერა ჩვენი ბიჭების რომ ყველაფერ გააკეთებენ ამ თამაშის მოსაგებად," - განაცხადა ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ.

ამასთან, ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის თქმით, საფეხბურთო მატჩთან ერთად დღეს, ასევე, დაგეგმილია ქართველი ფეხბურთელის რევაზ შელებაძის ვარსკვლავის გახსნა.