1728574816
ოფიციალურად - რატი ანდრონიკაშვილი ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანეთის ჩემპიონატის გუნდ „სარაგოსაში“ გააგრძელებს. ინფორმაციას ესპანურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
„სარაგოსას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქართველი კალათბურთელი თავდაპირველად გუნდში საცდელი პერიოდით იქნება.
„ანდრონიკაშვილი 22 წლის, 1.93 მეტრის სიმაღლის მცველია, რომელიც საქართველოშია დაბადებული და ახლა „ბასკონიას“ აკადემიაში ვარჯიშობს. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, მას აქვს საბერძნეთის ლიგასა და საქართველოს სუპერლიგაში თამაშის გამოცდილება, ასევე, ადრეულ წლებში NCAA-ის სტუდენტურ ლიგაში თამაშობდა. 2020 წელს მან მუხლის მძიმე ტრავმა დაამარცხა, გასულ წელს კი ესპანეთის ლიგაში მისი დებიუტი შედგა, როდესაც „მურსიას“ შემადგენლობაში თამაშობდა. ის საშუალოდ 5 წუთში 2.2 ქულას, 1.2 პასს და 0.5 მოხსნას ასრულებდა. ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 16 წლის ასაკში შედგა და 2022 წელს კი ევრობასკეტზე, 2023 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რატი ანდრონიკაშვილი ბოლოს საქართველოს სუპერლიგის გუნდ თსუ-ში თამაშობდა. საგულისხმოა, რომ 22 წლის კალათბურთელი „სარაგოსაში“ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრის, თად მაკფადენის თანაგუნდელი იქნება.