კულტურა • 1722598928
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამართული რეგიონული თეატრების მეათე, საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებებით დასრულდა. ბოლო საფესტივალო დღეს ფოთში პოლონურმა დასმა წარმოადგინა სპექტაკლი ,,კამერა, რომელიც დედამ მომცა”. მაყურებელმა ასევე ნახა ოზურგეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლი ,,ცის კარი”.კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნებულ რეგიონული თეატრების მეათე საერთაშორისო ფესტივალს 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებმა უმასპინძლა. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოეთიდან ჩამოსულმა დასებმა. მათ შორის იყვნენ რუმინეთიდან და პოლონეთიდან ჩამოსული თეატრალური კოლექტივები. ფესტივალი 26 ივლისს ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილ სენაკის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიხსნა ფესტივალის ათწლიანი ისტორიის ამსახველი კატალოგის პრეზენტაციით, რომელიც კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა. უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელი ფესტივალისადმი ინტერესი დიდი იყო, რაზეც მაყურებლის რაოდენობაც მეტყველებს.10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფესტივალის ორგანიზატორებმა სამადლობელი ჯილდოები გადასცეს ფესტივალის მხარდამჭერებს, თეატრმცოდნეებს, ფოთისა და სენაკის თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს და ამ მუნიციპალიტეტების მერებს. ღონისძიების კულმინაცია იყო კონცერტი. მაყურებლის წინაშე წარდგა ნეკა სებისკვერაძისა და დათო ნოზაძის დუეტი.ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრები - რეჟისორები, თეატრის კრიტიკოსები, თეატრისა და კინოს მსახიობები.მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში მოქმედი თეატრების ხელშეწყობა და განვითარება, რეგიონებში კულტურული პროცესების გააქტიურება კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსების შედეგად თეატრალური დასები საქართველოს სხვადასხვა კუთხის მაყურებელს საკუთარ შემოქმედებას აცნობენ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრადიცია რეგიონების მოსახლეობას საშუალებას აძლევს, სხვადასხვა მნიშვნელოვანი შემოქმედებითი პროცესის მონაწილე გახდეს, ასევე, დაესწროს უცხოეთიდან ჩამოსული თეატრების წარმოდგენებს.ინფორმაციისთვის: რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტრომ 2015 წელს ფოთში დააფუძნა და მას შემდეგ ყოველწლიურად მრავალფეროვან და საინტერესო წარმოდგენებს სთავაზობს მაყურებელს.ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია ნინელი ჭანკვეტაძე.