feola

საზოგადოება 1716307388

"ფეოლა" იტალიურად და სიცილისგან სკამიდან გადავარდნილი იტალიელი ხმის რეჟისორის ამბავი

იტალიელებმა "ფეოლა" ნახეს. ნახეს და ისიამოვნეს. ისიამოვნეს და უკვე კარგად იციან, "ვისი გორისაა" ხვიჩა კვარაცხელია. ლეგენდარული რეზო გაბრიაძის სცენარით გადაღებული კინოკომედია, რომელიც მეორე ლეგენდის - იპოლიტე ხვიჩიას სავიზიტო ბარათი იყო, რამდენიმე დღის წინ, ნეაპოლში იტალიურად ჟღერდა. ბაადურ წულაძის ფილმის იტალიურად ადაპტირების იდეა კი "კვარას" მიერ დატრიალებულ ქარიშხალს უკავშირდება და ის ქართველ ჟურნალისტს გაუჩნდა. ნინა მამუკაძე "პრაიმტაიმის" მკითხველს უყვება, თუ როგორ იქცა იდეა პროექტად, რომელშიც სპორტული ჟურნალისტები ასე დიდი ინტერესით ჩაითრია და ჩვენი საყვარელი პერსონაჟები გაახმოვანებინა.  იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს, იტალიაში მცხოვრები ნინა ნეაპოლის მატჩებზე დასწრების დროს დაუახლოვდა. კვარას თანამემამულეს იტალიურ სპორტულ თოქშოუებში ხშირად იწვევდნენ და არა მხოლოდ ქართულ ფეხბურთზე, არამედ მთლიანად საქართველოზე უსვამდნენ კითხვებს. ნინა მამუკაძე: ამ ყველაფერმა შვა იდეა, რომ ფილმი, რომელიც ჩვენს ფეხბურთზეა საუკეთესოდ გაუწევდა პოპულარიზაციას ჩვენს ქვეყანას. იდეა პროექტად საქართველოს საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის კონკურსში გამარჯვების შემდეგ იქცა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.ვის უნდა გაეხმოვანებინა თავად ფეოლა? ეს ერთი სპორტული ჟურნალისტის, ვალტერ დე მაჯოს ტემბრმა მიბიძგა. აქამდე ფილმი არ ჰქონდა გახმოვანებული და ესიამოვნა, რადგან მთავარი პერსონაჟის გახმოვანებას ვთავაზობდი.ადრიანო პასტორე ჩემი შთაგონების წყარო აღმოჩნდა. ისიც ჩვენი კოლეგაა. კვარას ერთ-ერთი მაგარი გოლის შემდეგ, მისგან მომდის ხმოვანი შეტყობინება, ბოლო ხმაზე ყვიროდა - ქართველი არის სინათლე, მომეცით საქართველოს მოქალაქეობა! მეთქი, აი, ვინ მჭირდება! ვასილ ჩხაიძეს ხომ ეროსი მანჯგალაძე ახმოვანებდა ყოველთვის. ადრიანოს ეროსის მსგავსი ტემბრი აქვს. ძველებური დარბაისლის, იმპერატიული ხმა. მოკლედ, ვასილ ჩხაიძის გმირის გახმოვანება ადრიანოს ჩავაბარე.ლუკა ჩიქოვანის დაყოლიება გაგვიჭირდა. მართალია, მსახიობია, მაგრამ რახან გამხმოვანებელი არ არის და ამავდროულად, პერფექციონისტია, არ უნდოდა ხელი მოეკიდა ამ საქმეზე. შიშობდა, რომ საუკეთესოდ არ გამოუვიდოდა. საბოლოოდ, ხვედელიძის როლი მაინც გაახმოვანა. ის რომში ჩავწერეთ, სხვა დანარჩენის გახმოვანება ნეაპოლში მოხდა. ხმის რეჟისორმა, რომელიც სერიოზული ტიპი იყო, მონტაჟის დროს იპოლიტეს ტიპაჟი, მანერები და მისი ტემბრი ისე დაამუღამა, ეს სერიოზული კაცი ბოლოს გადაბჟირდა და სიცილისგან სკამიდან რომ გადავარდა, მივხვდი, რომ ფილმის ხასიათი დაკარგული არ იყო!რთული აღმოჩნდა ზოგიერთი ტერმინის თარგმნა. გაიტალიურებაზე რამდენიმე ადამიანმა იმუშავა. ფილმი მაკა ხაჩოშვილმა და ქეთა სორდინი ჯაფარიძემ თარგმნეს, ადაპტირება კი - ჯოვანი ჯაკომანტონის, მაია ჯიჯავას და ფრანჩესკო ტრეჩის ეკუთვნით. მოვარგეთ იტალიური ტერმინები, მაგრამ არ იყო მარტივი. ვფიქრობ, მაინც გამოგვივიდა. ფლორენციის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ქეთა სორდინი ჯაფარიძე ფილმის გახმოვანებაშიც მონაწილეობს. ზოგადად, საპასუხისმგებლო პროექტია, "ფეოლა" ხომ საკულტო ფილმია. ამიტომ ძალიან სკრუპულოზურად ვიმუშავეთ, ყველა დეტალის გავლით.პრემიერა ნეაპოლში, კინოთეატრ "მოდერნისიმოში" შედგა. ჩვენებას ბევრი იტალიელი ჟურნალისტი დაესწრო.ერთ-ერთი გავლენიანი სპორტული გაზეთი Corriere Delo Sport-ი პრემიერის შემდეგ აქვეყნებს სტატიას "კვარას საქართველო, ახლა კინოშიც თამაშობს. La Stampa-მ კიდევ ერთმა დიდმა იტალიურმა გამოცემამ, მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სხვათა შორს, აქტიურად გაშუქდა...იტალიურად ადაპტირებული "ფეოლას" პრემიერა ნეაპოლში ერთი კონკრეტული მოტივით გავაკეთე. ნეაპოლში ფეხბურთი, ფაქტობრივად, რელიგიაა. ამიტომ პლუს ჩვენი კვარას ფაქტორის გათვალისწინებით, ვიცოდი, რომ  ეს პროექტი კარგად "იმუშავებდა"; და ეს ქართული ფეხბურთისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის გაკეთდა. სხვათა შორის, გაჭრა და დიდი დაინტერესება წამოვიდა. ასევე დაგაინტერესებთ:დათო ხუჯაძემ მესამედ იქორწინა„სულს აღზრდა უნდა. კუნთების ჩამოყალიბება ადვილია, სულისა - ძნელი... ბედნიერებას დანახვა უნდა; უნდა შეიგრძნო...“ - უცნობი ფაქტები თენგიზ არჩვაძეზე"წმინდა ელენეს ხსენების დღეს დავიბადე, მაგრამ ერთი თვე სახელი არ მერქვა“ - სოფიკო ჭიაურელი 87 წლის გახდებოდა"კვარაცხელია ჩვეულებრივი ფეხბურთელი არაა, არანორმალური ტალანტია... - როგორ შეაფასეს ხვიჩას გუშინდელი გოლი იტალიელმა ჟურნალისტებმა

რეჟისორი გია კიტია

კულტურა 1709057748

„ილიკო ჩიგოგიძემ სამი მანეთი მაჩუქა, მითხრა არ თქვაო და რაფერ ვთქვააა?!“- ვინ არის პატარა ბიჭი ფილმიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“

„კინოსტუდიასთან ჯიხურის წინ მივდიოდი, ერთ-ერთმა მამაკაცმა, რომელიც კედელს იყო მიყუდებული, ფეხი დამიდო. წავიბორძიკე, კინაღამ დავეცი და გაბრაზებულმა უწმაწური სიტყვებით შევაგინე... მამაკაცი, რომელმაც ფეხი დამიდო და მე საშინლად ვაგინე, რეჟისორი თენგიზ აბულაძე აღმოჩნდა. ასე აღმოვჩნდი კინოში, გინებით!“- რეჟისორი გია კიტია.დღეს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორის გიორგი (გია) კიტიას დაბადების დღეა, რეჟისორს 68 წელი შეუსრულდა.კადრში ფილმიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, ყურით რომ უჭირავს ილარიონს და ბავშვი სიმწრისგან ფეხს რომ აქანავებს და ეუბნება - „ილიკო ჩიგოგიძემ სამი მანეთი მაჩუქა და მითხრა, არ თქვაო, რაფერ ვთქვააა?!“ – ეს პატარა ბიჭი, ილარიონს ილიკოსგან მურადას სამძიმრის დეპეშა რომ მიუტანა, გიორგი (გია) კიტია გახლავთ.შემდგომში, 1981-2007 წლებში მოზარდ მაყურებელთა თეატრის მთავარი რეჟისორი, თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგი და ასოცირებული პროფესორი.რამდენიმე ხნის წინ, „პრაიმტაიმი“ რეჟისორს სახელოსნოში ეწვია და მის შემოქმედებაზე და პირად ცხოვრებაზე ექსკლუზიურად ესაუბრა:5 წლის ასაკში, უკვე ძალიან პოპულარული ადამიანი ვიყავი (60-იანი წლების დასაწყისში). იმდენად, რომ ფაქტობრივად, ყველა თბილისელი მცნობდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არ არსებობდა არანაირი რეკლამა, გარდა იმ ფილმებისა, რომლებიც კინოთეატრების აფიშაზე იყო გამოსახული.იმ დროს, ძალიან ბევრი კინოთეატრი არსებობდა, თითქმის ყველა ქუჩაზე. ჩემი ერთადერთი პორტრეტი იყო ფილმიდან – „ცეროდენა რაინდები“, რომელიც მეორე ფილმი იყო ჩემთვის, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ შემდეგ.ჩემი ფოტო, მაშინდელი პიარ-მენეჯერების მიერ, იყო არჩეული, რომელიც თითქმის ყველა კინოთეატრში იყო გამოკრული. ყველა მცნობდა, ვინაიდან სულ კახური ქუდით დავდიოდი. ამით გარკვეულწილად, ჩემი ამბიციები დაკმაყოფილებული იყო, რადგან პირველი ფილმიდან, რომელიც იყო „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, ვერავინ მცნობდა, თან საკმაოდ ამბიციური ბავშვი ვიყავი. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ იმ დროს მოდაში იყო „ბუტილკა“ შარვლები, ლაკის წვეტიანი მოკასინები, ბეწვიანი პალტო და მეც ამ სამოსში გამოწყობილი დავდიოდი. ბავშვობაში პლეხანოვზე, კრილოვის ქუჩაზე მილიციასთან ვცხოვრობდი და ამიტომ ხშირად „ვაბირჟავებდი“ კინოსტუდიასთან.ხუთი წლის ბავშვისთვის, ეს საკმაოდ შორი მანძილი იყო, ძირითად დროს, იქ ვატარებდი. ამავე დროს, იქ მყავდა ძალიან კარგი მეგობარი, რომელიც ერთ-ერთ ჯიხურში გაზეთებს ყიდდა. მახსოვს, რომ ყველა გაზეთს კითხულობდა და მყიდველს, ახალ-ახალ ინფორმაციას აწვდიდა.მეც ასევე, ახალ ამბებს ჩემი მეგობრისგან ვიგებდი. საიდუმლო კი ის იყო, რომ ყოველთვის მაინტერესებდა ადამიანები, რომლებიც კინოსტუდიის წინ იკრიბებოდნენ.ახლანდელ თუმანიშვილის თეატრთან, ხშირად ვხვდებოდი ცნობილ მსახიობებს თენგიზ არჩვაძეს, ოთარ კობერიძეს, ლია ელიავას და ბევრ სხვას.ეს ადამიანები, ჩვეულებრივ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობდნენ, არ ვარსკვლავობდნენ. მაგალითად, მედეა ჩახავა, ლეილა აბაშიძე საერთოდ არ მყავდა ნანახი, როგორც ჩანს მძღოლს დაჰყავდა.– როგორ მოხვდით, ლეგენდარულ ფილმში - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“?ერთ მშვენიერ დღეს, კინოსტუდიასთან ჯიხურის წინ მივდიოდი, როცა ერთ-ერთმა მამაკაცმა, რომელიც კედელს იყო მიყუდებული, ფეხი დამიდო. წავიბორძიკე, კინაღამ დავეცი და გაბრაზებულმა უწმაწური სიტყვებით შევაგინე.დამავლო ამ კაცმა ხელი ქეჩოში და მეორე სართულზე, პატარა ოთახში ამიყვანა, სადაც კედელზე გაკრული ფოტოები დამხვდა პირდაპირი რაკურსით და პროფილში.ვიფიქრე, რომ მილიციაში აღმოვჩნდი და მიჭერენ. მეკითხებიან გვარს და სახელს და ცოცხალი თავით, არ ვეუბნები. მარტო იმას ვფიქრობდი, სანამ მშობლებს დაურეკავდნენ, როგორმე თავი დამეხსნა.უცებ გამახსენდა, რომ ამ შენობაში, მეორე სართულზე ბებიაჩემის მეგობარი შურა მუშაობდა, რომელიც კოსტიუმების მკერავი იყო. გადავწყვიტე გავქცეულიყავი და შველა მეთხოვა.– ცელქი ბავშვი იყავით?კი, კი ძალიან! ერთ-ერთ ახალგაზრდა გოგოს, რომელსაც ეტყობოდა, რომ ძალიან მოვეწონე, ვუთხარი საპირფარეშოში მინდა-მეთქი.უარი ვერ მითხრა და წამიყვანა. უკანა გზაზე რომ მოვდიოდით, შევარდი შურას ოთახში, ეს გოგოც შემომყვა. რომ დამინახა, გაშალა ხელები და გია, დამიძახა, ანუ „ჩამიშვა“. იცნობთ ამ ბავშვსო, ჰკითხეს! როგორ არა, ჩემი მეგობრის შვილიშვილიაო!ასე გავიშიფრე, მაგრამ ალბათ გული გამისკდებოდა, რომ არ გამეგო იქვე, რომ ეს შენობა, არის არა მილიციის, არამედ კინოსტუდიის და ეს ფოტოები კი, კინო სინჯებია.შურამ დამაბრუნა უკან, გადამიღეს ფოტო სინჯები. მამაკაცი, რომელმაც ფეხი დამიდო და მე საშინლად ვაგინე, რეჟიისორი თენგიზ აბულაძე აღმოჩნდა. ასე აღმოვჩნდი კინოში, გინებით!კინოში რომ მივედი, გადავხედე სიტუაციას, ძალიან მომეწონა ერთი სათვალიანი მოხუცი, რომელსაც გარეგნულადაც ეტყობოდა, რომ ნამდვილი პროფესიონალი, ჭკვიანი და კეთილი იყო, მაგრამ მკაცრი გამომეტყველებით.აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი კინოსტუდიის მთავარი გრიმიორი ზაალ ზახარიჩი იყო. თენგიზმა, ძალიან რბილი ადამიანის შთაბეჭდილება დამიტოვა. გამოვაცხადე, თუ ზახარიჩი არ გამიკეთებს გრიმს, კინოში არ მივიღებ მონაწილეობას -მეთქი.ზაალი გრიმს, მხოლოდ სესილია თაყაიშვილს, გრიშა ტყაბლაძეს და ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანს უკეთებდა. ისე მკაცრად განვაცხადე, რომ უარი ვერ მითხრეს. ოთახიდან გამოვიდა და გამოაცხადა – გრიმს გავუკეთებ ჯერ გიას და შემდეგ სხვა მსახიობებსო!ამით ჩემი ამბიცია დაკმაყოფილდა, არადა, პრესტიჟი ის არის, ბოლოს რომ გიკეთებენ გრიმს. ჩვენ დაგრიმულები, საშინელ სიცხეში, სესილიას ველოდებოდით. ასე მოვხვდი პირველ ფილმში!– იცოდით, რა როლს გთავაზობდნენ?არ ვიცოდი, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვიყავი. ფილმში, ძალიან ბევრი კადრია, განსაკუთრებით ილარიონთან ერთად, სადაც ტექსტი ჩემი იმპროვიზაციით არის. ის ფრაზა - „ილიკო ჩიგოგიძემ დამაბარა არ თქვა და რაფერ ვთქვა -მეთქი“, ჩემი იმპროვიზაციით არის.მის გარდა, უამრავი კადრია, სადაც ფაქტობრივად, მთელი ფილმის მანძილზე სხვადასხვა სახით და კოსტიუმით, უამრავ როლს ვთამაშობ. ზოგან კახური ქუდით ვარ, ზოგან ჰასანას ქუდით. ფაქტობრივად, ფილმიდან ზურიკელა ვაშალომიძე, მერი, ბებია, ილიკო და ილარიონი გამახსოვრდება.ერთ-ერთ კარში, სადაც ჰასანას ქუდი მახურავს, მკბენარი დამესია. გადაღებები მანგლისში მიმდინარეობდა და ერთ-ერთ მცხოვრებთან, მინადორა ბებიასთან მიმიყვანეს, რომელმაც შემილოცა და გამიარა. ხელში „კიბოს კანფეტი“ ეჭირა, თავზე დაატრიალა, რაღაც ლოცვები წაიბუტბუტა და გაგიკვირდებათ, მაგრამ მკბენარები მართლა გაქრნენ!– შელოცვამ გიშველათ?გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, შელოცვებით გაქრნენ, არც ნავთის წასმა დამჭირვებია, არც წამლის. დედაჩემი გადარეული იყო, არ სჯეროდა. კრებაზე, ზურიკელას ატესტატს რომ გადასცემენ, იმ კადრშიც ვარ, სხვადასხვა სახე შევქმენი.ამიტომ მთელი გადაღების პროცესში, ფილმთან ერთად ვიყავი. ძალიან კომფორტული ბავშვი აღმოვჩნდი, რომელიც სწრაფად ითვისებდა ყველაფერს და ჩემი სიცელქე, არ გამოიხატებოდა იმაში, რომ ვხმაურობდი, ან ვინმეს ვაწუხებდი. უბრალოდ, თამამი ბავშვი ვიყავი, მაგრამ თუ საგინებელი იყო, უკან არ ვიხევდი.– კარგად შეეწყვეთ ბუმბერაზ მსახიობებს…ძალიან კარგად, ამიტომ დიდი ხელფასიც დამინიშნეს. ჩემზე მაღალი ჰონორარი, მხოლოდ სერგო ზაქარიაძეს და იური ნიკულინს ჰქონდა. მე, სესილია, გრიშა და სანდრო ერთი და იგივე რაოდენობის თანხას ვიღებდით.ამ კინოდან აღებული ფულით, დედაჩემმა და მამაჩემმა სამზარეულო და საძინებლის ავეჯი შეიძინეს. მთელი ცხოვრების მანძილზე, ჩემი მშობელი ვერ მეუბნებოდნენ, რა ამაგი გასწიეს ჩემზე, იმიტომ, რომ იმ წუთში ვეუბნებოდი – ჩემი ჰონორარით, გაიხსენეთ, სად გძინავთ -მეთქი.– ხუთი წლის ბიჭი, უკვე ლეგენდარული არტისტების გვერდით იდექით…ეს მართლაც საოცარი გუნდი იყო. სესილია, მე ორი ადამიანი მეგონა, ვერასდროს ვცნობდი. კინოგადაღება ისე დასრულდა, სესილია თუ ერთი და იგივე ადამიანი იყო, ვერ ვხვდებოდი. ერთი სესილია იყო, რომელიც პაპიროსს ეწეოდა და ხშირად იმეორებდა - „მაიტა სიგარეტი, ვზივარ დილიდან აქ და კური, კური, კური, კურიო,“ ამბობდა.მეორე – ოლღა ბებია იყო, რომელიც საოცარ გარდასახვას აკეთებდა. იმ დროს, 56 წლის იყო, აქედან გამომდინარე, შეუძლებელი იყო გეფიქრა, რომ ეს ის სესილია იყო – სიგარეტით ხელში ქალი. გადაღებებზე მანგლისში, ძირითადად ბებიას დავყავდი, ერთხელ დედაჩემი ჩამოვიდა.აივანზე სხედან ილიკო და ილარიონი (ჟორჟოლიანი და ტყაბლაძე) და ნარდს თამაშობენ. რომ დაგვინახეს, გრიშამ ჩაილაპარაკა – დამეწვა გული, ნახეთ რა ბედნიერია ახლა ბავშვი, არადა, გულამოსკვნით ატირებენ -ხოლმეო.დედას ღიმილი შეაშრა, მისალმების სურვილიც კი გაუქრა და ჰკითხა, ბატონო გრიშა, ვისზე ამბობთო! გიაზე, შენ რომ ქალაქში მიდიხარ, ბებიამისი ცემსო.გაგიჟდა დედაჩემი, არადა, ცხოვრებაში ხმამაღალი სიტყვა არ ჰქონდა ნათქვამი. ჟორჟოლიანმაც კი დაუდასტურა, ნამდვილად ასეაო და თან კამათელი გაუგორა.სახლში რომ დავბრუნდით ჰკითხა, თურმე მე რომ მოვდივარ, გიას სცემ და რა ხდება, რას აშავებსო! ბებიაჩემმა უპასუხა, ეგენი ციგნები არიან, იტყუებიან, გრიშას ძალიან მოსწონხარ, ასე ამბობს, აქ რომ არის, უფრო დიდი სიამოვნებით ვთამაშობო.ზაფხული იყო, ძალიან ცხელოდა. მთელი დღე, ერთ პატარა ღრუბელს ველოდებოდით. ფილმის ოპერატორი ტიტე კალატოზიშვილი იყო. იმ კადრში, სადაც ზურიკელა ატესტატით ბრუნდება, პატარა ღრუბელი ჩანს, ამიტომ დიდხანს გრძელდებოდა გადაღებები.ომის დაწყების დროს კი, შავი ღრუბლები გვჭირდებოდა. ომი დაიწყო, ამ დროს გაისმის მუსიკა და კუპრივით შავი ღრუბელი მოდის. ასეთი ჩანაფიქრი ჰქონდა თენგიზს, არადა გადასარევი ამინდი იყო, ლურჯი ცა და საშინელი გვალვა.საბარგო მანქანის მძღოლი იყო ვინმე გურამი, რომელმაც გვითხრა, სასულიერო პირები (ქრისტიანულ-პროტესტანტული სექტა) ლოცულობენ წვიმის მოსასვლელად, წამოდით გიჩვენებთო. ვხედავ, ლოცვით მოდიან და გზადაგზა ქვებს ატრიალებენ. ამ სურათმა, უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.– ქვების გადატრიალება, რას ნიშნავდა?მეც ეგ ვიკითხე და გურამმა მიპასუხა, ღმერთს აჩვენებენ, რომ მეორე მხრიდანაც მშრალია და სთხოვენ, წვიმა მოიყვანოსო. რომ დავბრუნდით, თენგიზს მოვუყევი რაც ვნახე. უცებ, მოტრიალდა და თავის თანაშემწეს უთხრა – გაამზადეთ ყველაფერი, ხვალ გადაღება გვექნებაო!გაგიჟდა ხალხი! ამ მოწმენდილ ცაზე, რა დროს გადაღებააო. მოამზადეთ, ხვალ წვიმა დაიწყებაო. თენგიზმა დაიჯერა, რომ მათი ლოცვა ღმერთთან მიაღწევდა. მართლაც, მეორე დღეს საშინელი წვიმა წამოვიდა – გახსოვთ ალბათ ფილმიდან, კუპრივით შავი ღრუბლის კადრი. შეიძლება ითქვას, რომ კინოსთვის ეს კადრი, მართლაც ღმერთის საჩუქარი იყო.– სასწაულების გჯერათ?არ მჯერა, მაგრამ ცხოვრებაში ბევრჯერ შევხვედრივარ ასეთ სასწაულებს და ვფიქრობ, რომ ალბათ ეს ყველაფერი, მხოლოდ შემთხვევითობაა.ბავშვობაში სახლიდან ჩუმად გამიყვანა მეზობელმა - აკვნიდან ამომიყვანა, წამიყვანა ქაშუეთის ტაძარში, მომნათლა და უკან დამაბრუნა. ჩემი მშობლები, საღამოს სახლში რომ დაბრუნდნენ, მე უკვე ჯვარი მეკიდა ყელზე. გამოცემით ვიცი, როცა მოსანათლად მიმიყვანა, მღვდელმსახურმა უთხრა, საეკლესიო სახელი გიორგი უნდა დავარქვაო, რადგან ბეჭზე, წმინდა გიორგის ხალი აქვსო.ჩემ ნათლიას უთქვამს, ისედაც გიორგი ჰქვიაო – საოცარი დამთხვევა იყო. მას შემდეგ, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი. მახსოვს, მე და დედაჩემს ქუჩაში შეგვხვდა, ღვთიური სილამაზის ქალი იყო და გულში გამიელვა აზრმა, ალბათ ზეცაში რომ სირინოზები მღერიან, ასეთი ლამაზები არიან-მეთქი.მას შემდეგ, არა მარტო მართლმადიდებელი, არამედ ყველა დიდ საეკლესიო საქმეებში, მათ შორის მახათას მთაზე, ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის გახსნის ორგანიზატორიც ვიყავი.– რომელი ფილმით გახდით, პოპულარული?შემდეგი ფილმი „ცეროდენა რაინდები“ იყო. პოპულარული ძირითადად, ამ ფილმის შემდეგ გავხდი, რადგან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“ ვერ მცნობდნენ. რეჟისორებმა ნელი ნენევამ და მისმა მეუღლემ, გენო წულაიამ გადამიღეს.გადაღების პროცესში მივხვდი, რომ მთავარ გმირს ვთამაშობდი. ძალიან ამბიციური ბავშვი ვიყავი, მაგრამ ამ ფილმის შემდეგ, გამიარა და მას შემდეგ არანაირ ამბიციას აღარ შევუწუხებივარ.„ცეროდენა რაინდებს“ მოჰყვა ფილმები ჩემი მონაწილეობით – „ვინ შეკაზმავს ცხენს“, „ბიჭი და ჩიტი“. სერიალი „ყავა და ლუდი“ და სხვა. ჩემს მიერ შესრულებული ბოლო ფილმია რეჟისორ ლევან თუთბერიძის – „სამურაი დასვენების ჟამს“, სადაც ქალაქელ კაცს, გრიშას ვთამაშობ.– რამდენად მისაღებია, როცა ბავშვი ამბიციურია?იცით რა, „სახადივით“ არის! ბავშვობაში უნდა მოიხადო, ზედაპირულად მაინც უნდა დაიკმაყოფილო შენი გრძნობები. მიხვდე, რომ რაღაცას წარმოადგენ და მერე არსებითად გაარკვიო, სად ხარ საჭირო და სად არა. რაღაც პერიოდის მანძილზე, სტიმულის მომცემია.– მშობლებზე მოგვიყევით…დედა - ჯულიეტა ბერიძე სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავე, კარგი გარეგნობის ქალბატონი იყო. სხვათა შორის, ცეკვა „ქართულის“ ერთ-ერთი ილეთი, სადაც ქალის სოლო იწყება და მარჯვენა ხელი უკან ჩამორჩება, დედას მოფიქრებულია – თითქოს, ხელი ქარმა დატოვაო, რაც დღემდე კლასიკურ ვარიანტად დარჩა.მე რომ დავიბადე, ცეკვას თავი დაანება. მახსოვს, სულ ლიმონას (თეთრი ბაირაღები) შესახებ მიყვებოდა, რომელიც ახალგაზრდობაში მისი მეგობარი იყო. ობლად ვიზრდებოდი და ძალიან გვიჭირდა, კვირაში ერთხელ, ჩემ წიგნებში 25 მანეთს ვპოულობდიო. ყველამ იცოდა, რომ ეს ლიმონას გაკეთებული იყო, მთელი ეზო ცდილობდა, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ დავიჭირეთო.სწორედ, იმ დროს გაიცნო მამაჩემი დორიან კიტია, რომელიც საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფკავშირების წევრი, არქიტექტორი, რომლის დაარსებული იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯაზი და თეატრი.– დორიანი მეტსახელია?მეტსახელია, ძალიან კარგი გარეგნობა ჰქონდა და ოსკარ უაილდის ცნობილი რომანის „დორიან გრეის პორტრეტის“ პერსონაჟის გამო, რომელიც ბოლომდე შემორჩა. სხვათა შორის, სახელმწიფო ჯილდოებიც მიღებული აქვს, როგორც დორიანს.სინამდვილეში ნოშრევანი ერქვა, როგორც ქართული ზღაპრის გმირის, მეფის სახელი, რომელსაც 21 შვილი ჰყავდა. ბაბუაჩემის ოცნება იყო ბევრი შვილი და ამიტომ ეს სახელი დაარქვა. მერე დარჩა დორიანად, ძალიან კარგად მღეროდა და კარგი გარეგნობაც ჰქონდა.მე -20 საუკუნის მეორე ნახევარში ფაქტობრივად, არ დარჩა არც ერთი ხელოვნების სფერო, სადაც ღრმა კვალი არ დატოვა. 1975 წელს, მოსკოვის ახალგაზრდული ფესტივალის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. გია ყანჩელი, ჯანსუღ კახიძე, ნანი ბრეგვაძე, ილიკო სუხიშვილი ახლო მეგობრები იყვნენ.შექმნეს ახალგაზრდა ორგანიზაციათა, სადაც შევიდა კომკავშირი, როგორც ერთ-ერთი ორგანიზაცია - მამა ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელი იყო. ამ დროს, კომკავშირის პირველი მდივანი, ედუარდ შევარდნაძე იყო.ამის შემდეგ, მოზარდ მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელი იყო, რამდენიმე ხნის შემდეგ, რუსთაველის თეატრის, სამხატვრო ფონდის, მუსიკალური ფონდის დირექტორი და სიცოცხლის ბოლომდე, ფილარმონიის დირექტორი იყო.– რომელი სკოლა დაამთავრეთ?ვსწავლობდი 35-ე სპორტულ სკოლაში და დავამთავრე 147 -ე საშუალო. იმდენად კარგად ვსწავლობდი, ჩემ მშობლებს სამედიცინოზე უნდოდათ ჩამებარებინა.  მე თეატრი მიზიდავდა, ამიტომ სკოლა დავამთავრე და იმავე წელს, მოსკოვში გავიპარე.1973 წელს ჩავაბარე მოსკოვში „ ГИТИС“ -ში სარეჟისორო ფაკულტეტზე. როცა მოვეწყვე, მხოლოდ ამის შემდეგ გავაგებინე მშობლებს ჩემი წარმატება.პირველი სპექტაკლი მოზარდ მაყურებელთა თეატრში დავდგი – „წითელკანიანთა ბელადი“ და ამის შემდეგ, „თოვლის დედოფალი“.– დიდხანს დარჩით მოსკოვში?საკმაოდ, სამხედრო სამსახურშიც იქ ვმსახურობდი, ფაქტობრივად, იქ ავითვისე ჩემი პროფესია. ამის შემდეგ, ცოლი შევირთე, ქორეოგრაფი ლუბა შკუნოვა, რომელიც ქ. რიგიდან არის. ჩემ სპექტაკლებში, ქორეოგრაფია მას ეკუთვნის.გვყავს ორი ქალიშვილი – ნინო კიტია, რომელიც თეატრის მხატვარია და მარი კიტია – მსახიობი, ასევე - ხუთი შვილიშვილი.– თბილისში დაბრუნების შემდეგ, სად მოღვაწეობდით?25 წლის განმავლობაში, მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეჟისორი ვიყავი. ამავე დროს, ვასწავლიდი თეატრალურ ინსტიტუტში, სადაც დღემდე ვარ. მიშა თუმანიშვილის ასისტენტად ვმუშაობდი და გარდაცვალების შემდეგ, მისი ჯგუფები გადმომაბარეს.– რატომ, საბავშვო თეატრის რეჟისურა?ხუთი წლის ასაკიდან ვოცნებობდი, რომ საბავშვო თეატრის რეჟისორი გამოვსულიყავი. მოსკოვში როცა ვსწავლობდი, საცირკო სასწავლებელშიც კი წავედი, გენიალურ რეჟისორ მარკ მისტიშკინთან.მოსკოვში დავდგი „ბრემენელი მუსიკოსები“, სადაც მასხარას როლს, ლეგენდარული რუსი მსახიობი იური ნიკულინი თამაშობდა. მოსკოვში, პირველი „ახალგაზრდული ფესტივალის ოლიმპიადა 77“ -ის რეჟისორის ასისტენტი ვიყავი, ჩემი მეუღლე კი, ქორეოგრაფი.რა თქმა უნდა, ეს შემთხვევითი არ იყო. რეჟისორები, ძირითადად, საბავშვო თეატრში მიდიან იმიტომ, რომ რაღაც გარკვეული „ტრამპლინი“ გაიარონ. იშვიათად ხდება, როცა რეჟისორი საბავშვო თეატრში რჩება. ვფიქრობ, რომ თეატრი, ბავშვებს უფრო სჭირდებათ, ვიდრე დიდებს.ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, სამედიცინო კუთხითაც. ბავშვი, თეატრში მაინც უნდა დარწმუნდეს, რომ შეიძლება არსებობდეს სიყვარული, მეგობრობა, ურთიერთობა, პატიოსნება – იქ მაინც უნდა დაარწმუნო, რომ ეს ზღაპრები, შეიძლება იყოს სინამდვილეც.ძალიან გაუჭირდება ცხოვრება, როცა შეეჯახება, რომ ეს ყველაფერი არ არსებობს და ტყუილია, ამიტომ რაღაც საბაზისო სჭირდებათ. ვინაიდან ცხოვრებაში ამას ვერ ხედავს, არარეალიზებული სურვილები რჩება და ეს მის რთულ ხასიათში გადაიზრდება, ასეთი ბავშვები ბევრი გვყავს დღეს, ამიტომ საბავშვო სპექტაკლი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ძალიან ფრთხილად უნდა დაიდგას.არ მახსოვს, რომ როდისმე ვინმე გამეგდოს თეატრიდან. არ შეიძლება, თეატრიდან პენსიონერი ქუჩაში გააგდო და მერე დადგა „თოვლის დედოფალი“, სადაც ბებიაზე, სიკეთეზე და სიყვარულზეა საუბარი.ასევე სტუდენტებთანაც, რაღაცას ასწავლი, ქადაგებ და ამ დროს ფულის გამო კომპრომისზე წახვიდე. ამიტომ ყოველთვის მირჩევნია, თვითონ დავთესო და თვითონვე მოვიმკა.– ბავშვები გარკვეული წლები, არარეალურ სამყაროში და ზღაპრებში ცხოვრობენ…რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ეტაზე, საკუთარ თავში არიან ჩაკეტილები. უნდა არსებობდეს, გარკვეული ბალანსი. საკუთარი ცხოვრების რეჟისორი თავად არის და როლებსაც თვითონ ირჩევს. ბავშვი სწორედ, ზღაპრულ სამყაროში ვითარდება.ზოგჯერ, შენგან ზღაპარი არ სჭირდება, თვითონ აქვს საკმარისი ფანტაზიის უნარი. ჩვენგან ცხოვრებისეული გამოცდილება სჭირდება, რომელსაც ზღაპრის მოყოლისას უზიარებ და ის ამ გამოცდილებას იღებს. თეატრში, როცა ბავშვი სპექტაკლს უყურებს, იდენტიფიკაციას აკეთებს რომელიმე გმირთან და იმ გმირს მიყვება, რომლის საქციელი, მისი ცხოვრების გამოცდილებაა.საბავშვო თეატრი, ყველა თაობისთვის საინტერესო უნდა იყოს. როცა ბავშვი სპექტაკლზე თავს ბედნიერად გრძნობს, მშობელიც ბედნიერია. გული მწყდება, რომ დღეს აღარ ვაკეთებ საბავშვო წარმოდგენებს.– რომ შემოგთავაზონ, დაბრუნებით?კი, როგორ არა, მაგრამ სპექტაკლის დასადგმელად არა. სიამოვნებით დავეხმარებოდი საბავშვო თეატრის შექმნაში. მაგრამ არ მგონია გამოვიდეს, ეს ძალიან რთული საკითხია, დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ამავე დროს, პოლიტიკური ნება სჭირდება, მთავარია, კომერციას არ ჰქონდეს ადგილი.დღეს, თითქმის ყველა ბავშვი მიტოვებულია ტელეფონების ამარა და არავინ ფიქრობს მათზე. ეს ყველა ოჯახის პრობლემაა და ჩემი აზრით, 5-10 წელიწადში, ძალიან ცუდ შედეგს მოვიმკით.ბავშვს ცოცხალი ურთიერთობები სჭირდება, რომელიც პრაქტიკულად აღარ არსებობს. თითქმის ყველა ბავშვი მიტოვებულია, პრობლემების ამარა. კინო, ინტერნეტი და წიგნი, ამას ვერ შეუცვლის. – სამომავლო გეგმები…სამომავლო გეგმები დღეისათვის დაკავშირებულია ჩემ მოწაფეებთან. ამჟამად, სარეჟისორო ფაკულტეტის პირველი კურსი მყავს. ასევე, ჩემ ყოფილ მოწაფეებთან – გიორგი აფხაზავამ თავისუფლების მოედანზე „კამერული თეატრი“ გახსნა და მეც მასთან ერთად ვმოღვაწეობ.არ მიყვარს, ფულზე მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ იციან ჩემი ფასი და საკმაოდ დიდ თანხას მიხდიან, მაგრამ ვთვლი, რომ ეს ჩემი მოქალაქეობრივი ვალია და ამაში ფული არ უნდა ავიღო, მხოლოდ უცხოეთის შეკვეთებზე ვიღებ თანხას.ადრე ხშირად მიწევდა საზღვარგარეთ მუშაობა, ლექციებსაც ვკითხულობდი გერმანიაში, საფრანგეთში, აშშ -ში, სადაც კარგ ჰონორარსაც მიხდიდნენ.– რას ურჩევდით საზოგადოებას, განსაკუთრებით მშობლებს?ვეტყოდი, რომ ბავშვებს მიხედონ, თორემ მომავალი არ გექნებათ, არც თქვენ და არც საქართველოს! განსაკუთრებით, ამ პანდემიის დროს, ყველაზე დიდი საზრუნავი, უნდა იყოს ბავშვი! ყოველთვის ასე იყო, მაგრამ იმ დროს, ნამდვილად ცდილობდნენ ეზრუნათ.„ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს!“ – ეს არ იყო ლიტონი სიტყვები. აღარ არსებობს საბავშვო კინო, არც თეატრი. ავად სახსენებელი კომუნისტების დროს, საბავშვო თეატრებში, ხელფასები მეტად დიდი იყო, ვიდრე აკადემიურ თეატრებში.ითვლებოდა, რომ შრომაც უფრო მძიმე და უფრო საჭიროც იყო. ამ ცხოვრებას, როგორც სპექტაკლს, ისე ვუყურებ, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად უნიჭო დადგმაა, განსაკუთრებით, უნიჭო მსახიობებით პოლიტიკურ არენაზე.ჩვენი თაობების სახით, ბავშვებმა დაკარგეს გულშემატკივარი. მშობლები, იმდენად არიან თავიანთი საქმით დაკავებულები, ბავშვისთვის აღარ სცალიათ, მათი ტვინი და გონება, სხვა პრობლემებზეა გადართული.ძირითადად, უკვე კომპიუტერი ზრდის მათ, ამიტომ საჭიროა, უფრო მეტი კომუნიკაციები და ურთიერთობები!

სესილია

ისტორიები 1708671592

სამი სახალისო და საინტერესო ისტორია სესილია თაყაიშვილის ცხოვრებიდან

17 თებერვალი გამოჩენილი ქართველი მსახიობის სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეა, რომელმაც უამრავი სახასიათო როლები შექმნა ქართულ თეატრსა თუ კინოში, მათ შორის ქრისტინე (დადიანი „ნინოშვილის გურია“), გვირისტინე (კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), ოლღა (დუმბაძისა და ლორთქიფანიძის „მე ბებია, ილიკო და ილარიონი“), სიუზონი (ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“), კატარინა (შექსპირის „ჭირვეული ცოლის მორჯულება“), ელისაბედ დედოფალი (შილერის „მარია სტიუარტი“) და სხვა.1948 წლიდან მოღვაწეობს კინოში. შეასრულა მანანას („ჭირვეული მეზობლები“, 1949), ვასასის („ჩვენი ეზო“, 1956), ელპიტეს („საბუდარელი ჭაბუკი“, 1957), ოლღას („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, 1962), გუცას(“თოჯინები იცინიან”-1963), ბორდოხანის („დიდოსტატის მარჯვენა“, 1969), ბებია ვაროს(“როცა აყვავდა ნუში”1972) მარადიას („ნატვრის ხე“, 1977), ასინეთას („დათა თუთაშხია“, 1978) და სხვა როლები.დღეს შემოგთავაზებთ სამ სახალისო ისტორიას მსახიობის ცხოვრებიდან .1. მსახიობები ვერიკო ანჯაფარიძე და სესილია თაყაიშვილი სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდნენ.ამბობენ, ვერიკო ანჯაფარიძემ სესილია თაყაიშვილი დიდ საფრთხეს გადაარჩინა: 1937 წელს რეპრესიების დროს ადამიანებს ერთი უბრალო სიტყვის გამო იჭერდნენ, აწამებდნენ და ხვრეტდნენ კიდეც, სესილიამ თეატრის ფოიეში ანტისამთავრობო ანეკდოტი მოჰყვა.მეორე დღეს თეატრში კრება მოიწვიეს და ანეკდოტის მომყოლის ვინაობის გარკვევაც დაიწყო. ვერიკო ანჯაფარიძემ იცოდა, რომ ანეკდოტი სესილია თაყაიშვილმა მოჰყვა. მიხეილ ჭიაურელი სტალინის უახლოესი მეგობარი და ფავორიტი რეჟისორი იყო, ამიტომ მის მეუღლეს ანეკდოტის გამო ნამდვილად არ დაიჭერდნენ. სესილია თაყაიშვილი კი შეიძლება დაეჭირათ და დაესაჯათ კიდეც.ვერიკო ანჯაფარიძემ მეგობრის გადარჩენა გადაწყვიტა და მისი “დანაშაული” დაიბრალა: ანეკდოტი მე მოვყევიო.კრება დასრულდა. ვერიკო ანჯაფარიძე არავის არსად დაუბარებია და არც საყვედური გამოუცხადებია. მისი გაბედულების წყალობით უახლოესი მეგობარი – სესილია თაყაიშვილი კი დასჯას გადაურჩა.2. ბარნოვის ქუჩაზე დავდიოდი სამეცადინოდ რეპეტიტორთან. სკოლის დამთავრების შემდეგ, 9 საათზე უნდა ვყოფილიყავი გეგეშიძის ბაღის უკან რომ კორპუსია იქ, ბარნოვის 142 ნომერია, მახსოვს დღესაც.ლექტორი მერე უნივერსიტეტში მიდიოდა ლექციებზე და ამიტომ დილით მიბარებდა ხოლმე, ერთხელაც მესამე თუ მეოთხე მეცადინეობაზე მივდივარ, ადრე მომივიდა მისვლა. მცხეთიდან დავდიოდი, ძალიან ადრე, დილაბნელზე გამოვდიოდი სახლიდან, ხან ადრე მიწევდა მისვლა და ხომ არ დავადგებოდი იმ პატიოსან ხალხს საწოლში თავზე?!…ხუმრობა ხომ არაა, ოჯახში ერთი აკადემიკოსი, ერთი პროფესორი და ერთი მეცნიერებათა კანდიდატი ცხოვრობდა. კორპუსის ეზოში ბესედკა იყო, იქ ვიცდიდი ხოლმე 9 საათამდე და იმ დილითაც იქ ჩამოვჯექი. ვეწევი ჩემთვის, ვფიქრობ ივანე მრისხანეზე და ოპრიჩნინაზე…ამ დროს გავიხედოთ და ეზოში შემოვიდნენ ზურა ქაფიანიძე და თენგიზ არჩვაძე, მთელი ღამის ქეიფი ეხატა სახეზე ორივეს, შემოდგომაა, ე.წ. “პლაშების” სეზონია, კარგად მახსოვს თენგიზს თეთრი ეცვა, ზურას – შავი. 1980 წელია, დავინახე ეს ლეგენდა ხალხი ასე ახლოს და რაღაცნაირმა გრძნობამ ამიტანა, პირი გამიშრა და ხელები დამიბუჟდასავით, ჩემგან სამ მეტრში იდგნენ.აი, იმ კორპუსს პირველი სართული კი ეზოს მხრიდან დაბალი აქვს, ასე ერთ მეტრზე იქნება ფანჯრები მიწიდან.მიადგნენ ერთ ფანჯარას და ერთმანეთს ეუბნებიან, არა, შენ დააკაკუნე, არა შენო, ბოლოს ორივემ ერთად დააკაკუნა, დაჭიმული ვარ მშვილდივით, მაინტერესებს, რა მოხდება, ვინ გააღებს ფანჯარას. ამასობაში, როგორც იქნა, გაიღო ფანჯარა და: მოცილდით აქედან, თქვე ლოთებო, თქვენ, თორემ მილიციას დავუძახებ ახლავეო – ფანჯარაში დიდი სესილია თაყაიშვილი იდგა (აცხონოს ღმერთმა), – მოცილდით ფანჯარას და არ დაგინახოთ აქ მოსულები მეორედო, ეჩხუბება ორივეს სერიოზული სახით, ესენი კიდევ ხარხარებენ და დაგვალევინე თითო ჭიქა შენი არაყი სესილიაო, ეხვეწებიან. არ ვიცი, რა ჯადო და სასწაული არაყი ჰქონდა სესილიას ისეთი, იმდენ ლანძღვად რომ ღირდა, ლანძღა სესილიამ და ახვეწნინა ორივეს კარგა ხანს. წაიკითხეთ სრულადასევე წაიკითხეთ:თუ დასაქმებას ან დიდ მოგებას გპირდებიან, ეს უნდა იცოდეთ – 3 რჩევა კიბერთაღლითობისგან თავის დასაცავადმოემზადეთ ხვალისთვის! - „აანთეთ სანთელი, ჩართეთ მუსიკა და წარმოიდგინეთ ყველაფერი რაზეც ოცნებობთ“„შაბათ დღეს არის ნამყოფი კონი აილენდის საავადმყოფოში, ორშაბათიდან დაიკარგა“ - რა ხდება ცნობილი ქართველზე, რომელსაც ამერიკაში მესამე დღეა ეძებენ

otari

კულტურა 1702985580

"ამ კადრების ერთხელ ნახვა საკმარისია, რომ აღარ დაგავიწყდეს და ..." - ამბები ოთარ იოსელიანზე

"ბევრი ხელოვანი კბილს აღრჭიალებს იმის ცდაში, რომ როგორმე შემოქმედებაში ცხოვრების სიმსუბუქე დაიჭიროს. ოთარ იოსელიანს კი თითქოს პრივილეგირებული ურთიერთობა ჰქონდა მასთან, ფარული კავშირი.ეს უნიკალური კინორეჟისორი 17 დეკემბერს თბილისში, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნატურალიზებული ფრანგი, წარმოშობით კი ქართველი... ის საქართველოდან იყო, კავკასიის ამ პატარა რესპუბლიკიდან (4 მილიონიანი ქვეყნიდან), რომელიც დიდი ხანია მოსკოვის უღლის ქვეშ იყო. ამ ქვეყნის ხელსაყრელი კლიმატი და ნიადაგი მათ უფრო სამხრეთის ადათ-წესებს უყალიბებდათ, ვიდრე - საბჭოთას.ერთხელაც, ცენზურის თავიდან ასაცილებლად, იოსელიანი "გადაასახლეს" საფრანგეთში, მაგრამ სადაც კი მისი კამერა "დაეშვა", იქ ისევ გამოჩნდა ექსცენტრიკული საქართველოს პატარა ნაწილი, სიმღერებისა და აგვისტოს სუფრების ქვეყნისა.მან გამოიგონა წერის უნიკალური, ფრთხილად დახვეწილი სტილი, რომელმაც მცირე ჯგუფებს შორის პოვა აუდიტორია. მისი ფილმი პოეზიაა, ჟესტებით მოსაუბრე როგორც მუნჯი კინო, სულისკვეთებით ის ფრანგ არტისტს, ჟაკ ტატის შევადარეთ" - წერს ოთარ იოსელიანზე სააგენტო NewsinFrance.17 დეკემბერს საეტაპო ფილმების რეჟისორმა დაგვტოვა... ის ესთეტიკა, რაც ოთარ იოსელიანის ფილმებს აქვს, არც ერთ სხვა ქართულ ფილმს არ აქვს... ის ჰგავდა მხოლოდ თავის თავს.სანამ რეჟისურას დაეუფლებოდა, მანამ მათემატიკური განათლება მიიღო. ისიც მოსკოვში. მერე იყო "ვგიკი"... ასეთი პოეტური მათემატიკოსი ძნელია მეორე იპოვოთ..."ოთარ იოსელიანი...თანამედროვეობის ერთ-ერთი დიდი კინორეჟისორი და მოაზროვნე. კინოგრანდი, არისტოკრატი, მკაცრი და უფაქიზესი , უკომპრომისო და მეგობრების ერთგული, საკუთარი კინოენის შემქმნელი, მათემატიკოსი და პოეტი... ოთარ იოსელიანი..." - წერს ნანა ჯანელიძე.80-იანი წლებიდან მოყოლებული ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში. მწერალი მიხო მოსულიშვილი სწორედ საფრანგეთში გადაღებულ ფილმს იხსენებს...მიხო მოსულიშვილი: კაცი, ვინც ხეებს რგავდა, კი არა ჭრიდა...(ოთარ იოსელიანის სახსოვრად)ისევე, როგორც ხელოვნების სხვა დარგებში, კინოშიც უიშვიათესია ხოლმე ხელოვანი, ვისაც სხვისგან წამოღებული კი არა, არამედ საკუთარი კინოენა, იგივე პოეტიკა გააჩნია.სწორედ ამისთანა ხელოვანი იყო ოთარ იოსელიანი, როგორც „ქართულ“, ასევე „ფრანგულ“ ფილმებშიც...კინემატოგრაფიულ ოსტატობას ამგვარად განსაზღვრავდა, - ფილმს ისე უნდა უყურო, რომ ხმას ბოლომდე ჩაუწიო და თუკი გაიგე, მაშინ ყველაფერი რიგზეაო...შეხედავდი მის „ქართულ“, ანუ აქ გადაღებულ ფილმებს, „გიორგობისთვე“ იქნებოდა, „იყო შაშვი მგალობელი“ თუ „პასტორალი“, და ხვდებოდი, რომ სულ სხვა, თავისთავადსა და განუმეორებელ, საკუთარ სამყაროს ქმნიდა ამ მათემატიკურად უზუსტესი ნამუშევრებით.... და ფრანგულ ფილმებშიც რომ იგივეს განაგრძობდა, ამას ჩემი ერთი ადრინდელი ჩანაწერიც დაადასტურებს, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ...17 დეკემბერი, 2023***"Jardins en automne"(ოთარ იოსელიანის 2006 წლის ფილმი)ყოფილი მინისტრი რომ ძველ ნაცნობებს გაუვლის პარკში, მებაღე არნოსთან და ცხოველების მომვლელთან ერთად გაიყოფს კონიაკის თითო ყლუპს და თითო ღერ სიგარეტს, და არნო რომ ამბობს იქ, - რას ვაკეთებ და, ხეებს ვრგავო! კი არ ვჭრი, ვრგავო!...ამ კადრების ერთხელ ნახვა საკმარისია, რომ აღარ დაგავიწყდეს და მერე რამდენჯერმე მიგაბრუნოს კიდეც თავისთან...კინო რა არის, კინო რა არისო, - და აი, ეს არის კინო...ფოტოზე: კადრი ოთარ იოსელიანის 2006 წლის ფილმიდან „ბაღები შემოდგომით“. შუაში თავად რეჟისორია, მებაღე არნოს როლში.ასევე დაგაინტერესებთ:ლეგენდები, არტისტები და ხელოვანები, რომლებსაც 2023 წელს დავემშვიდობეთ"მტკივა შვილო! მტკივა უშენობა... ამას ჩემი ქვეყნის ტკივილიც დაუმატე და წარმოიდგინე - შემიძლია თუ არა ცრემლის გარეშე ვისაუბრო შენზე და მამულზე" - ტარიელ ხარხელაური„რაც მე ვერ შევძელი, ეს მოახერხა თენგიზმა...“ - რას ამბობდა გოდერძი ჩოხელი თენგიზ არჩვაძეზედედა ქეთევანის ინიციატივით ლადო ასათიანზე ფილმი გადაიღეს

artists

კულტურა 1702486804

ლეგენდები, არტისტები და ხელოვანები, რომლებსაც 2023 წელს დავემშვიდობეთ

2023 წელს ბევრი ხელოვანი დავკარგეთ. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ოცამდე არტისტის იმიერში გადასვლა, ბევრია... მით უფრო, როდესაც ამგვარი მასშტაბური ადამიანების წასვლით, ძალიან ვღარიბდებით. წლის დასაწყისში "მიმინო" გაგვიფრინდა... ეპოქალური ბუბა 15 იანვარს წავიდა... ნათლისღების დღეს, მშობლიურ ვერაზე, "წუთისოფლის ეტლმა, ჭენებ-ჭენებით გააქროლა" ჩვენი ლეგენდა. ვახტანგ კიკაბიძე საქართველომ გულიდან წამოსული ცრემლით გააცილა...ტაში და აღიარება, რომელიც მთელი ცხოვრება თესა, საბოლოოდ უკანასკნელ გზაზე მოიმკა და შლეიფივით თან გაიყოლა..."სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა..."  დიახ, ბუბას პროცესია ვარდისფერი იყო, სიყვარულის და ვარდის ფურცლებისფრად მეფურიც და ფაქიზიც.სევდიანი იყო სცენა, საიდანაც ჩვენი მიმინო ჯერ აფრინდა, შემდეგ მთელი ცხოვრება, დიადი კამარა შეკრა და 2023 წლის 19 იანვარს, მარადიულ განსასვენებლამდე, რამდენიმე საათით შეისვენა. შესვენება იყო ცრემლიან- ყვავილიანი. მადლიერი აპლოდისმენტებით გული იჯერა და ისე წავიდა. მაგრამ ეს სულ სხვა ტაში იყო. ის არაფრით ჰგავდა ბუბას შესრულებით აღტაცებულ აპლოდისმენტებს. იყო სევდიანი, მადლიერებით გაჟღენთილი და სამარის კარამდე მიმცილებელი.ბუბა ჩვენი ქვეყნის ერთგვარი ლოგო იყო... თავის გმირებსაც ჰგავდა... ჰქონდა ღირსება და დიდი სიკეთე" - ცნობილი ქართველები 84 წლის ლეგენდას ასე გამოემშვიდობნენ...მეორე ლეგენდა და მისი თაობის ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი - ჯემალ ღაღანიძე მარადისობას 3 თებერვალს შეერთო. 89 წლის მსახიობმა უკანასკნელი წლები, ძირითადად, მწოლიარემ გაატარა. უბედნიერესს ხდიდა ყურადღება, მოკითხვა და სცენაზე დაბრუნების იმედი უთბობდა სიბერისგან გაფერმკრთალებულ წლებს. "კეთილშობილი, კომფორტული და ნამდვილი" - ეს იყო შეფასებები, რომლითაც არტისტს ახასიათებდნენ. მურმან ჯინორია: რა ხიბლი ჰქონდა ამისთანა ჯემალ ღაღანიძეს, რომ ის ხალხს უყვარდა? ეს ხიბლი ან გაქვს, ან არ გაქვს. მას ვერავინ მოგცემს. სცენაზე რომ გამოვიდოდა, ყველა მას უყურებდა, შენატროდა. იმ 70 წლის მანძილზე , რაც მან რუსთაველის თეატრის სცენაზე გაატარა, რამდენ ადამიანს მიანიჭა სიხარული. ეს სიხარული გაჰყვეს მას იმ ქვეყნად...ერთია, რომ კარგი მსახიობი ხარ, მეორეა, რომ ხარ კომფორტული ადამიანი. ის კომფორტული იყო ოჯახშიც, თეატრშიც, სამეგობროშიც, სუფრაზეც, სიმღერის დროსაც.12 აპრილს, 58 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, ბესო მეგრელიშვილი.ქეთი ქიტიაშვილი: 1 აპრილს სპექტაკლი ვითამაშეთ და იქიდან მხიარულები წამოვედით. ბესოზე რატომღაც გავიფიქრე, რა ყოჩაღად არის-მეთქი. მომეწონა, კარგად ითამაშა, კმაყოფილი ვუყურებდი კულისებიდან და ჩემი შეგრძნებები მახსოვს. მაგრამ ეს არ ყოფილა არანაირი წინათგრძნობა. ვერც ვიფიქრებდი, რომ რამდენიმე დღეში მასზე წარსულში მომიწევდა საუბარი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მუდმივები ვართ. არ ვუფრთხილდებით ჯანმრთელობას. არადა, რა არის ადამიანის ცხოვრება.9 მაისს გარდაიცვალა პოეტი ბერდია არაბული. ხევსურეთმა თავისი 61 წლის კაი ყმა იგლოვა. ეთერ თათარაიძე: როგორც ის დამამახსოვრდა, ეს მისგან წამოსული სინათლეა. თავისი კუთხის, ხევსურეთის ძალიან ერთგული იყო. მოუშორებლად იქ იყო. ქართულს ასწავლიდა.უთქმელი ადამიანი იყო. ნამდვილი მთის კაცი. როდესაც შეგვხვდებოდა, დიდი სითბოთი და სხვანაირი სიკეთით გამორჩეული მამახსოვრდებოდა, თავისი ნაღვლიანი ღიმილით. ეგეთი იყო. ძალიან არ გასამეტებელი ადამიანი იყო. მისნაირები უვლიან ხევსურეთს ახლა და აცოცხლებენ. თბილისში ისწავლა, თავის კუთხეში დაბრუნდა და იქაურობას შეეწირა. მაისში გარდაიცვალა 51 წლის პოეტი ლევან ალავერდაშვილიც. უავადმყოფია, როგორც ახლობლები წერენ. ლევანი მშობლიურ ქიზიყში ცხოვრობდა. დედაქალაქს მაშინ სტუმრობდა, როდესაც "საჭირო" იყო. არ უყვარდა ქალაქი. ფესვებთან ახლოს ყოფნითა და ვაზის მოვლით გართულს, მიწის სუნით გაბრუებულსა და ღვინისფრად შესხვაფერებულს, სამრეკლოში ნახავდით. ეს მისი სოფლის სახელია, ამგვარად რელიგიურად პოეტური.ლევანას (ასე ეძახდა თავის თავს) პოეზია გულიდან წამოსული რითმების სიმფონიაა, რომელიც კითხვისას გასხვაფერებს და უკეთესს გხდის. ***გასულ ზაფხულს მარიკუნა მიქატაძემ სრული შოკი მიგვაღებინა! გია ფერაძის 39 წლის ქალიშვილის მოულოდნელმა ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ზაფხული შუაზე გადატეხა.მარიკუნა 14 ივლისს საბერძნეთში გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მოტოციკლეტიდან გადავარდა... მარიკუნა მოდის სფეროში მოღვაწეობდა. ომის დაწყებამდე, ცხოვრობდა და მუშაობდა უკრაინაში.ნანახი თუ გყავდათ, ამ ტრაგიკული ბედის მანტიით მცხოვრები გოგონას სევდიან თვალებს, ვერასდროს დაივიწყებდით. ადვილი არ იყო მთელი ცხოვრება ევლო აჩრდილითა და ხმით - მამამ დედა მოუკლა...აპატია? ალბათ, ბოლომდე ვერც შეძლებდა ამის შენდობას. იყო ვარსკვლავური, მომხიბვლელი და სევდიანი...შავი თმით, ყურზე რგოლებით, გაბუტული ტუჩებითა და სევდიანი თვალებით - მარიკუნა სულ ასეთი ემახსოვრება ყველას... 17 ივლისს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული მოცეკვავე, ომარ მხეიძე. ნატალია მხეიძე: ბაბუ არ ტოვებდა არც ერთ კონცერტს, შეკრებას, დაჯილდოებას და მსგავს ღონისძიებებს. ძალიან ბევრს და ხშირად დადიოდა მთასა თუ ბარში. მისი პროფესიით ცოცხლობდა. მამა ხშირად სთხოვდა, რომ ასაკის გამო ამდენი აღარ ევლო, ცუდად რომ არ გამხდარიყო; ამაზე ომარი ბრაზდებოდა, რა დროს ეგ არისო. 86 წლამდე ამ რეჟიმით იცხოვრა. ძალიან უყვარდა სიცოცხლე. ბოლოს, როდესაც აღარც ჯანმრთელობა უწყობდა ხელს და აღარც მეხსიერება, არასოდეს დავიწყებია "სუხიშვილების" პერიოდი, არც ერთი დეტალი. არ ახსოვდა არაფერი, მაგრამ ახსოვდა "სუხიშვილები". ახსოვდა ყველა კონცერტი, ყველა ჯილდო81 წლის გოგი ხარაბაძემ თავისი უკანასკნელი განსასვენებელი, 20 აგვისტოს, მახათას მთაზე დაიდო.პირადმა ტრაგედიამ მოწყვიტა ყველაფერს და როგორც ამ დროს ხდება ხოლმე, შვილმკვდარი უფალს დაუახლოვდა... მგლოვიარეთათვის პატრიარქი აუწონავი ნუგეშისმცემელია; მსახიობი ხშირად სტუმრობდა მას და ერთ-ერთ ვიზიტზე, რომელსაც საქმიანი ეთქმოდა, ასეთი რამ მოჰყვა;გოგი ხარაბაძემ 14 წლის წინ „ბიბლიის“ პირველი სრული აუდიო ვერსია ჩაწერა, დაბადებიდან – აპოკალიფსის ჩათვლით. პატრიარქმა ორწლიანი ნაშრომი 2009 წლის 1 მაისს ჩაიბარა და მას "საუკუნის პროექტი" უწოდა. პროექტის პროდიუსერები მერაბ სანოძე, გიორგი ხარაბაძე (უმცროსი) და თამარ ცაგარეიშვილი გახლდნენ. ბუნებრივია, „ბიბლია“ პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და წინამძღვრობით ჩაიწერა. გოგი ხარაბაძე თითქმის ყოველ კვირა დადიოდა პატრიარქთან, ხშირად ესაუბრებოდა უწმინდესს, ლოცვა-კურთხევას იღებდა. მაქსიმალურად ემზადებოდა ამ პროექტისთვის. უზარმაზარი შრომა ჩადო, რომ მაღალ დონეზე შესრულებულიყო.20 აგვისტოს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა მხატვარი თემო გოცაძე."ყველაზე მეტად მარინას გარეშე ცხოვრების მეშინიაო, ამბობდა. ძალიან დააკლდა, განიცადა და მალევე წავიდა კიდეც.კი ვითომდა თავი ხელში აიყვანა, კუს ტბაზე დადიოდა, რომ გაევლო, გამოევლო, თითქოს სიძლიერე გამოიჩინა, მაგრამ მაინც არ გამოუვიდა.მე ვფიქრობ, რომ მარინა რომ ცოცხალი ყოფილიყო, თემოს სიცოცხლე გახანგრძლივდებოდა. მამაკაცი უფრო სუსტია, მოსავლელია, ამიტომ თემოს მარინა ძალიან დააკლდა, განიცადა და დაეტყო კიდეც; საყვარელი ქალის წასვლის შემდეგ, თავადაც საკმაოდ მალე წავიდა... " - ნანა ფაჩუაშვილი თემო გოცაძეს იხსენებსინგა ფერაძე 9 ოქტომბერს ბრიუსელში გარდაიცვალა. უკანასკნელი განსასვენებელი მახათას მთაზე, პანთეონში დაიდო... დრამატიზმით სავსე, დუდუკის ხმოვანი ვოკალის მუსიკოსი, მონატრებულ მშობლიურ მიწას საუკუნოდ შეუერთდა.პერიოდულად ქა­ლაქ ბრი­უ­სელ­ში ევან­გე­ლის­ტურ ეკ­ლე­სი­ა­ში გა­ლობ­და.  ადამიანი, რომლის კეთილშობილებასაც არანაირი საზღვარი არ გააჩნდა, უანგაროდ ბოლომდე ერთგული... ყველაზე დიდი ოცნება საქართველო, სიმღერა იყო.28 ოქტომბერს შეუცვლელი არსაკიძე აღესრულა. კაცი, რომელმაც ისე განასახიერა ეს გმირი, რომ მას მართლა სვეტიცხოვლის აღმშენებელთან აიგივებდნენ.თენგიზ არჩვაძემ 91 წელი ისე გაატარა ამ მღვრიე წუთისოფელში, რომ არ გასვრილა."სულს აღზრდა უნდა. დღეს ვერ იცლიან ამისთვის თუ არ იცლიან, არ ვიცი. კუნთების ჩამოყალიბება ადვილია, სულისა - ძნელი... ამის გარეშე კი... ერთ მეგობარს ვუთხარი: რა არის, სულ ღორივით (არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ უნდა ვთქვა) ძირს რომ იყურები, საშოვარზე. აიხედე, ნახე რა ზეცაა; შენ ისე ცხოვრობ, ცა არ გინახავს-მეთქი!მე სულ ზეპირად ვიცოდი ცარგვალის განლაგება, ირმის ნახტომი, დიდი დათვი, პატარა დათვი... თუშეთში ცეცხლს დავანთებდი, ნაბადში გავეხვეოდი და გარეთ ვწვებოდი დასაძინებლად, იმიტომ კი არა, რომ სახლში არ შემეძლო ღამის გათევა, გარეთ ცას მივჩერებოდი. ვუყურებდი, როგორ მოგზაურობდა ცისკრის ვარსკვლავი. მეც მათთან ერთად ვსერავდი ცის კაბადონს...სამზეოსკენ უნდა გაიხედო. იცით, რა არის სამზეო? მე კუს ტბაზე დავდიოდი ფეხით. იქ, ზევით, კაკლები ხარობს... უძოზეც ავდიოდი ხოლმე. იქიდან კოჯრამდე კილომეტრ ნახევარიღა რჩება. მზის ამოსვლას ვასწრებდი იქ ასვლას. რომ გადმოიხედავ და მზე ამოდის - ეს არის სამზეო. მატერიალურს აბსოლუტურად არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. ყველაფერი რომ წამართვან, ამისი ნახვის უფლებას თუ დამიტოვებენ, უბედნიერესი კაცი ვიქნები. ეს უნდა შეიგრძნო. ბედნიერებას დანახვა უნდა. უნდა განასხვავო ღირებული და ნაკლებად ღირებული" - თენგიზ არჩვაძე.27 ოქტომბერს ბათუმში ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი გოგიბერიძე გარდაიცვალა. საერთაშორისო კინო ფესტივალის - "ბიაფის" წყალობით, ბათუმი  მსოფლიო კინო რუკაზე რომ მოხვდა, ამაში დიდი წვლილი ამ ხელოვანსაც მიუძღვის. გიორგის მიერ დაარსებული "ბიაფის" ფარგლებში, ხავერდოვან სეზონზე, ბათუმს მართლაც მსოფლიო დონის კინო ხელოვანები სტუმრობდნენ და შავი ზღვისპირა ლამაზი ქალაქის კულტურულ ცხოვრებას ეცნობოდნენ.48 წლის ხელოვანი, ბოლო ერთი წელი, მძიმე სენს ებრძოდა. ირაკლი კიკვაძე: სათნო და კეთილი ადამიანი გახლდათ. ყველა იცნობს, როგორც რეჟისორს და ხელოვანს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ გიორგი ხატებს წერდა ტაძრებისთვის.მე რომ ბოლოს ვნახე მამა გაბრიელის დიდ ხატზე მუშაობდა.14 ნოემბერს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულმა თეატრმა ზვიად სვანაძის გარდაცვალება ამცნო საზოგადოებას. მაკა შალიკაშვილი: ზვიადი ნიჭიერი მსახიობი იყო. "მაკბეტში", სადაც მიწვევით მეც ვთამაშობ, მას პატარა როლი ჰქონდა, მაგრამ იმ როლთან მიდგომაც ჰქონდა ძალიან ღირსეული, პროფესიონალური. მე ჩასული ვიყავი ქუთაისის თეატრში და ის იქაური და მნიშვნელოვანია, რომ შემხვდა თბილად.მსახიობის შვილი იყო. თვითონაც ნიჭიერი მსახიობი...იყო მორიდებული, მშვიდი, დიდი ადამიანი... ჩვენ სულ ლექსებზე ვლაპარაკობდით. ძალიან უყვარდა ლექსები...ქართულმა საოპერო სამყარომ, წლის მიწურულს, 3 დეკემბერს დაკარგა ლეგენდა სახელად მედეა ამირანაშვილი. მომღერალი, რომელსაც ახალგაზრდა თაობის დიდ გულშემატკივრად და ქომაგად აღიარებდნენ. უკანასკნელ დღეებში მეგობრებს ღიმილით მასპინძლობდა. ამ ღიმილში კი ერთად განვლილი წლების აღმართ-დაღმართი და სითბო იმალებოდა...იმერი კავსაძე: პეტრე ამირანაშვილის ხსოვნის საღამო იყო კონსერვატორიაში. მეორე დღეს მედეას შვილმა, მარინა ფარულავამ სახლში მიგვიწვია მე, რეზო ტაბიძე და ემზარ გეწაძე. ვნახეთ მედიკო. ეს იყო ბოლო ნახვა...ეტლით გამოიყვანა ქალიშვილმა. გვიყურა, გვიყურა. იმერი ვარ, ხომ გახსოვარ? ერთად რომ ვმღეროდით-მეთქი? მის თვალებში სითბო ვიგრძენი და გამიღიმა. ამ ღიმილში ჩვენი შეხვედრები და მეგობრობა იყო... ეს იყო ჩემთვის შთამბეჭდავი და.. ალბათ, ეს უკანასკნელი შეხვედრა და ღიმილი, არასდროს დამავიწყდება.ყველა გვიცნო, ყველაფერს ხვდებოდა, თვალებით, ღიმილით ვატყობდით, რომ ჩვენთან იყო, მაგრამ ვერ მეტყველებდა...მედიკო ჩემს მეხსიერებაში ჩარჩება როგორც დიდი მუსიკოსი, მომღერალი და ჩვენი ერის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. ქართული მუსიკალური სამყაროს ლეგენდა წავიდა ჩვენგან.12 დეკემბერს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მწერალი ზურაბ ქარუმიძე.ჯაზის დიდ გულშემატკივარსა და მოყვარულს, დღეს არა მხოლოდ ლიტერატურული წრე მისტირის, არამედ ჯაზმენებიც...მიხო მოსულიშვილი: ნამდვილი კულტურტრეგერი, ჯაზისა და ჯოისის აქცენტებით... 2012 წელია და ზურას ვხვდები უცებ, სახელდახელოდ.მეთქი, ზურა, შენი შარშან დაწერილი Dagny, or a Love Feast წავიკითხე... ერთ საიტზე იდო, იქიდან გადავიწერე და ისე.მართლაო, - უკვირს, - მართლა წაიკითხეო? ინგლისურადო?შენ ხო იცი, როგორი გაჭირვებული ინგლისურიც ვიცი, მაგრამ რაც გავიგე, - მაგარ!თან სჯერა, თან ეეჭვება ცოტაც...და მეთქი, ხო იცი, დამაინტერესებდა ძალიან და შენ რომ მანდ ვაჟა-ფშაველა გამოიყვანე, ზუსტად ეგ არი...ჰოო?ვახ, კი მეთქი, კი! აბა რა!შენ ხო მაგისი ბიოგრაფია დაწერე და ვაჟაზე რომ მაგას მეტყვი, მართლა კაია მაშინო...მარტო ვაჟათი კი არა, თავისი გურჯიევიან-სტალინიანად და დაგნიანად და ყველა დანარჩენებიანად მაგარია მეთქი...გაიხარე, გაიხარეო, მე მიბარებს და თავად არის გახარებული...აი, ეგეთი გახარებული ზურა მაგონდება ჩვენი მრავალგზისი შეხვედრებიდან...და დიდი ტკივილიც აქვეა, რომ ნაადრევად და მოულოდნელად წავიდა მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეების გასაყარის ერთი საუკეთესო მწერალი და ნამდვილი კულტურტრეგერი, ჯაზისა და ჯოისის აქცენტებით...ასევე დაგაინტერესებთ:კერძები, რომლებიც გაცხელებისას მომწამვლელი ხდება„დედას ვკითხე, ვინ არის ღმერთი-მეთქი - შენ ხარო... როგორი კაციც გაიზრდები, ისეთი ღმერთი გეყოლებაო“ - ბუბა კიკაბიძე დედაზე"სიყვარული არის ზრუნვა...“ - კახის და ანუკის უთბილესი კადრები

tengo

ტაბლოიდი 1701450878

„მან თქვა კი...“ - თენგიზ არჩვაძის შვილთაშვილი დაინიშნა

თენგიზ არჩვაძის შვილთაშვილი დაინიშნა. ნატუკა ხუნდაძე ლეგენდარული არტისტის ქალიშვილის, ნატო არჩვაძის შვილიშვილი და დიზაინერ ანუკა ქებურიას შვილია.ანუკა ქებურია ფეისბუქზე ქალიშვილის ნიშნობის ბეჭდიან ფოტოს აქვეყნებს წარწერით - "მან თქვა კი."ასევე დაგაინტერესებთ:"...ამ ფასეულობით აღმზარდა ბაბუმ  და ამ ღირებულებებით ვზრდი მეც ჩემს შვილებს" - ცნობილი დიზაინერი თენგიზ არჩვაძეზე„ერთმა ბერმა გაბრიელ ბერს ჰკითხა – მარხვა რა არისო?“ - როგორ მოიქცა კითხვის პასუხად წმინდა მამა"დაუვიწყარი ემოციები მივიღე. ეს იყო მარწყვი ტორტზე... მეც მიყვარხარო რომ მითხრა, მახსოვს, გული ამიჩუყდა“ - ნოდიკო ტატიშვილი ამერიკაში გატარებულ თვე-ნახევარზე„ამერიკაში საცხოვრებლად დარჩენა გინდაო, რომ მკითხეს, არა-მეთქი... და როდესაც ჩემი გეგმები გავაცანი, მახსოვს, როგორი პატივისცემით შემომხედეს...“ - მარიამ ქარქაშაძე, მსახიობი და რეჟისორი დიდი გეგმებით

KIRA

კულტურა 1700499571

„მაწვნის ნიღაბს გასწავლით“ - კირა ანდრონიკაშვილი სილამაზის საიდუმლოებებს გვიმხელს

კირა ანდრონიკაშვილმა "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში თავისი ახალგაზრდული იერის საიდუმლოებები გაამხილა. როგორც აღმოჩნდა, უმთავრესი მაინც შინაგანი განწყობაა. არტისტი განწყობის თეორიებზე და ცოტა სახის მოვლაზეც გვაძლევს რჩევებს.  კირა ანდრონიკაშვილი: ახალგაზრდობაში სახის მასაჟებით და ნიღბებით ვუვლიდი სახეს. ახლა მეზარება, თორემ ნიღბებს ზოგჯერ ვიკეთებ.მშრალი კანისთვის მაწვნის ნიღაბს გასწავლით.სოფლის მაწვნის თავს აიღებთ, დააყრით ცოტაოდენ თურქულ ყავას, როგორც მარილს, ისე მოაფრქვევთ. ჩაახეხეთ სეზონური ხილი. ზაფხულში - გარგარი, მარწყვი, ახლა ბანანი... გაიჩერებთ 15 წუთს და ჩამოიბანთ. ისე, ნიღბებს პროფესიონალ კოსმეტოლოგებთან ვიკეთებდი... თუ საჭიროა, "ჩარევები" უნდა გაიკეთო, წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ გასალამაზებლად და არა - დასამახინჯებლად. დღეს ვერ ზომავენ და... შემდეგი რჩევა - უსმინეთ მუსიკას, განწყობისთვის. საქმის, სადილის მზადების დროს, ჩაცმის დროს და ყველაფერი უკეთ გამოგივათ. თუ რაიმე გიჭირთ, რა ცუდად ვარო კი არ უნდა თქვათ და დანაღვლიანდეთ, ამით უფრო გააძლიერებთ ამ ტკივილს. წარმოთქვით ეს ლოცვა - უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. არ არის საჭირო იდგე ხატებთან. ამ ლოცვას ამბობთ ყველგან, ქუჩაში სიარულის დროსაც... აფრქვიეთ პოზიტივი. ქუჩაში მიმავალ ადამიანებს გაუღიმეთ. ეს სიგიჟე არ არის. გზაში, ვიღაც უცხო ბიჭზე გამიფიქრებია, კეთილად მიდი შინ, შვილო-მეთქი. უნდა იფიქრო, რომ სხვა შენზე უარესად არის, მეტად უჭირს.ყველაფერში კარგი უნდა დაინახო. არ ვარ კონფლიქტური. გავატარებ ხოლმე. არ ვბრაზდები. ეს მოქმედებს გარეგნობაზე. შვილს ვახლდი ვარძიაში, 80-იანი წლები იყო. ფერისცვალება იყო, მაშინ არ ფუნქციონირებდა ტაძარი. მივედი თამარ მეფის ფრესკასთან, სანთელი ავანთე და ხილი მივიტანე, დავდე...ერთ დღეს ტაძრები მომივლია - ავლაბრის ფერისცვალების ეკლესია, მეტეხი, სიონი, ქაშვეთი და კიდევ სხვები და ნაკურთხი წყალი წამომიღია. მარტოს. უამხანაგოდ. რად გინდა ამხანაგი? რომ არ მოიწყინო? არ არის ამ დროს გვერდით ვინმე საჭირო. მარტომ დაიარეთ ცხრა ტაძარი. მადლი გადმოდის... დაათვალიერეთ ძველი ფოტოები, ზღვის, მთის. მოგიტანთ დადებით ემოციებს. დგებით კარგ განწყობაზე.უფროსებთან მიყვარდა სულ ურთიერთობა. ჩემი მამიდების - ნატას და კირას მეგობრებთან დავდიოდი. ეს კონტაქტები ბევრს მაძლევდა. ხმაურიანი შეკრებები არ მიყვარდა. ზღვაზეც შემოდგომაზე მივდიოდი, რომ ცოტა ხალხი ყოფილიყო. ჩემი თაობის დროს, თემიკო ჩირგაძის თამადობა იყო მაგარი სპექტაკლის ნახვის ტოლფასი. არც დაიღლებოდი. როცა სუფრასთან არც მღერიან, არც ხუმრობენ და მხოლოდ უსაგნო ან ნეგატიური საუბარია, ვიწყენ და მირჩევნია იქ არ ვიყო. არ იყოთ ჩამოჩაჩული. თავი ფორმაში მოიყვანეთ, თითქოს სადმე მიდიხართ. პანდემიის დროს, ჩემს დაბადების დღეზე მოვიდა შვილიშვილი, კარებში საჩუქარი უნდა მოეცა. ჩავიცვი წითელი კაბა, ფეხსაცმელი, საყურე გავიკეთე. მოვიდა შვილიშვილი, გავუღე კარი, ვინმე გყავსო? არა-მეთქი, სადმე მიდიხარო? გაუკვირდა ასე გამოწყობილი რომ დავხვდი. ასე უნდა გამოიკეთოთ ხასიათი. გარედან ვერ უნდა შეამჩნიოს სხვამ, რამდენი განსაცდელი გაქვს. სხვას არ უნდა გადასდოთ თქვენი ცუდი განწყობა, არ მიატიროთ, პრობლემებით არ დაამძიმოთ. ჩემს დაბადების დღეზე, ანტონ მარტყოფელის სახელობის ტაძარში მივედი, თითქოს, განგებ არავინ იყო, მესანთლის გარდა. სიჩუმე იდგა. რომ ვლოცულობდი, თითქოს ხატები მისმენდნენ. უფალო, მადლობა, რომ გამაჩინე და მადლობა, რომ ბევრჯერ გადამარჩინე-მეთქი, ვუთხარი. და... ისე კარგად გავხდი...მადლიერება და სინანული ყოველდღე უნდა გამოხატოთ.ასევე დაგაინტერესებთ:„ალი ავარდა! ასეთი სასწაული ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა! ჯერ თვითონაც ვერ გავრკვეულვარ, ეს რა იყო...“ - რა შეემთხვა ტარიელ ხარხელაურს ბაგრატის ტაძარშიExclusive: „ბევრი რამ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში... არ მიყვარს ჩემი პრობლემებით სხვისი დამძიმება..." - კირა ანდრონიკაშვილი პირადზე„სულს აღზრდა უნდა. კუნთების ჩამოყალიბება ადვილია, სულისა - ძნელი... ბედნიერებას დანახვა უნდა; უნდა შეიგრძნო...“ - უცნობი ფაქტები თენგიზ არჩვაძეზე„90-იანების ჩაბნელებული დიღმის, ლამფებით განათებულ ჯიხურებში, ერთ ღამეში დაურიგა ქალებს აღებული ფული...“ - უცნობი ისტორია კაც-სიკეთეზე

goderdzi

კულტურა 1700153271

„90-იანების ჩაბნელებული დიღმის, ლამფებით განათებულ ჯიხურებში, ერთ ღამეში დაურიგა ქალებს აღებული ფული...“ - უცნობი ისტორია კაც-სიკეთეზე

16 ნოემბერი გოდერძი ჩოხელის გარდაცვალების დღეა. 16 წლის წინ დატოვა სააქაო და ადამიანად არყოფნის სევდამ, უკვე საუკუნოდ მოიცვა...53 წლის მეტი ვერ იცოცხლა. მეტი ვერ გაძლო, ხორცის სამოსში ამოიხუთა. არადა, რამდენი რამ ჰქონდა სათქმელი და დასატოვებელი…ადამიანთა სევდის შემგროვებელს, მუდმივად სულის გათავისუფლება სურდა… სურდა და გაფრინდა კიდეც. დაგვიტოვა სევდით გაჯერებული შემოქმედება. საფიქრალით და ნააზრევით მაძღარი. გულიდან წამოსული სუფთა სიტყვებად დაწერილი და გადაღებული დატოვა და მარადისობას შეერწყა… თუმცა მაინც აქ არის და იქნება მანამ, სანამ მისი შემოქმედება იარსებებს.ეთერ თათარაიძემ "პრაიმტაიმს" თავისი გოდერძი გააცნო.ეთერ თათარაიძე: ამირანი ისე აღმიწერდა გოდერძი ჩოხელს, ფიზიკურადაც მართლა შთამბეჭდავი და ბუმბერაზი მეგონა...ერთ დღესაც გამოვედი უნივერსიტეტიდან, ამირანიც დამხვდა გარეთ. მივდივართ და ჩაის სახლსა და პეტრიაშვილის ასახვევს შორის, მოდის გოგო-ბიჭი, ხალხისგან გამორჩევით.აი, გოდერძი მოდის და უნდა გაგაცნოო, ამირანმა მითხრა. გავხედე და დაბალი ბიჭი მოდიოდა. მე გოდერძი ჩოხელს ველოდი… და ხალხში დავუწყე თვალებით ძებნა, რომელი შეიძლებოდა ყოფილიყო. მოგვიახლოვდა ეს წყვილი და უცებ ბიჭმა დაიყვირა, ეთეროოო. გიჟმაჟი იყო, სრულიად საყვარელი…ჩემს წინ საშუალო სიმაღლის ბიჭი იდგა, მეგობარ გოგონასთან ერთად. შავი დერმატინის ქურთუკი ეცვა. ეს დრო იყო, ოქტომბერი. მარცხენა ხელით დამჯუჯგნა, მიმჯუგნა, მაგრამ მარჯვენა ხელი ჯიბიდან არ ამოაქვს. ოდნავ ნასვამი ჩანდა. (მერე, როცა გავიცანი, უკვე ვიცოდი, როგორი იყო სევდების შემგროვებელი ნასვამიც, შეზარხოშებულიც, ფხიზელიც.) იყო ოდნავ გათამამებული განწყობით. საით მიდიხართო, გვეკითხება და აღარ ასუნთქებს ამირანს. აქეთ მე დიდი ნაცნობივით რაღაცებს მეუბნება.უცებ მარცხენა ხელი დაირტყა თავზე, უი, როგორ დამავიწყდა, ვინ უნდა გაგაცნოო. მარჯვენა ხელის ამოძრავება დაიწყო: ისეთი მაგარი ტიპია გაგიჟდებიო. ხელი ამოიღო და ხელში უჭირავს ცოცხალი ბაყაყი. ეს ჩემი და ამირანის საზიარო ბაყაყია, დღეს ჩემი მორიგეობაა, მე ვასეირნებ. უბრალოდ, შესცივდა და ჯიბეში ჩავისვიო. ახლა ბაყაყს ეუბნება, ეს არის ეთერო, გაიცანი, იცი, რა მაგარი ლექსები აქვსო. ვაიმე… რამდენი სიგიჟე და ბედნიერი დღე გვაქვს ერთად გატარებული.მას შემდეგ სულ ჩვენთან ერთად იყო და უალტერნატივოდ, მისივე განცხადებით, ამირანის მეჯვარე უნდა ყოფილიყო. ამ "თანამდებობაზე", სხვა აღარავინ არ განიხილებოდა. მერე მე და ამირანი დავქორწინდით. ჩვენი სამივე შვილი გოდერძიმ მონათლა. საამისოდ სპეციალურ კურთხევას იღებდა.თუშეთი არ მინახავსო, მითხრა. ამირანსაც უნდოდა იქ მოხვედრა, დავგეგმეთ და სამივე წავედით. ცნობილი ფოტო, მე ალუმინის "ლახანკაში" მაქვს ხელები ჩაყოფილი და რაღაცას ვრეცხავ, გოდერძი უკან ზის, ფეხი ფეხზე გადადებული, იმ დროს არის გადაღებული.ერთხელ მოვიდა და მოიტანა ჟურნალი, სადაც მისი მოთხრობა "ცასწავალა" იყო დაბეჭდილი. აუცილებლად წაიკითხეთ ეს ძალიან მაგარი მოთხრობა. ღამე მოვიდა და ჩემს სამივე შვილს მოუტანა "ცასწავალა". და სამივეს გაუკეთა წარწერა. “მინდია, შენი ნათლია მთვრალია.” “ანანო, შენი ნათლიაც მთვრალია”. “მარიამ, შენი ნათლია ხომ მთვრალია და მთვრალია.” ფლომასტერით დააწერა და თანდათან ხუნდება და გული მისკდება. არ მინდა, რომ გახუნდეს.ფანტასტიკურ, გამოგონილ სამყაროში ცხოვრობდა. თავის შექმნილში. ჩემი და ამირანის თვალწინ გამოიგონა, როგორ შეუყვარდა ერთი გოგო. მონოსპექტაკლების დიდოსტატი იყო. ეს ყველაფერი ხომ გამოიგონე, როგორ ახერხებ ამას-მეთქი? ეს შენ გამაგებინე, როგორ წერ და როდინდელს წერ შენს ლექსებში, რა იცი, რომ ეგრე წერო? ერთმანეთის გვიკვირდა. ახლა უფრო ვხვდები, რამდენი რამის გაკეთება შეეძლო კიდევ.როგორ ვერთობოდით…სულ სევდიანი იყო, მაიმუნობის დროსაც კი. ბევრს ვგიჟობდით, არც კი დაიჯერება, ისეთ რამეებს. ამირანი ხომ ჩუმია და პირველი წამომწყები ეგ იყო.მძიმე ბავშვობა ჰქონდა გამოვლილი. დედა მისთვის ხატი და ფრესკა იყო. ლელა დეიდა რომ კვდებოდა, გოდერძიმ დაგვირეკა, დედა კვდება და ჩქარა წამოდითო. მე, ჩემი და, ლელა და ამირანი ჩავედით ფასანაურში. მძიმედ იყო, ვერ საუბრობდა ლელა დეიდა უკვე. შეგვხედა, გვიცნო და მზერა ჩვენზე შეაჩერა, გოდერძი მარტო არ იყო, იფიქრა, ალბათ. საითაც გოდერძი წავიდოდა, თვალებით დაჰყვებოდა. ეს სურათი თვალწინ მიდგას. რომ გარდაიცვალა, გოდერძი სრულიად განადგურდა. მასზე ძვირფასი არავინ ჰყავდა ამქვეყნად. მერე უკვე ცოლი, ნინო და ვაჟები იყვნენ მისთვის ყველაფერი…დედის შემდეგ სხვანაირად ჩაღრმავებული გახდა. არავინ იცის, ადამიანის სულის ხვეულები საით მიემართება.სანამ ავად არ გახდა, მთელი ცხოვრება ერთად გვაქვს გამოვლილ-გადავლილი. მისი ოჯახის შემდეგ, მგონია, რომ ჩვენ აღარ გვყავს გოდერძი, ჩვენ დაგვაკლდა… ალბათ, ბევრს აკლია ასე…ვგიჟდები მის მოხევე და ხევსურ მეგობრებზე. ხელისგულზე ატარებდნენ. მაგრამ დეპრესიულ სივრცეში რომ ხვდები, მერე ეტყობა, ძნელია მას გაუმკლავდე.აქ ყოფნით დაიღალა.ამქვეყნიური მატერიალური არ ადარდებდა. სიხარბე რა იყო, არ იცოდა. ფილმმა "ცოდვის შვილებმა" გრან-პრი რომ ამოიღო, 90-იანების ჩაბნელებულ დიდ დიღომში, ლამფებით განათებულ ჯიხურებში, ერთ ღამეში დაურიგა ქალებს აღებული ფული. სოლიდური თანხა. ერთმანეთზე გადაბმული ოცი ჯიხურის მოვაჭრე ქალებს.წინა ღამეს, როცა შეიტყო რომ პრიზი მიიღო, ღამით მოვიდა, სამ საათზე, მინდიას ეძახდა, აკვანში მყოფ ჩემს შვილს. შენ გეკუთვნის ის გრან-პრიო. მინდიას არ უტირია, დაჭყეტილი უყურებდა მთელი ღამე.შეეძლო ტანსაცმელი სხვისთვის მიეცა, მას დაგლეჯილი სამოსით ევლო. წარმოუდგენელი ადამიანი იყო. არც არავის ჰგავდა.მისთვის სათქმელი დამიგროვდა. სამყაროს სხვანაირად ვხედავ. მენანება, რომ თვითონ ვეღარ ხედავს სამყაროს.ვეტყოდი, რომ ადამიანებმა სიყვარულის უნარი უარესად დაკარგეს. გული არ დაგწყდეს, ჩვენ მხოლოდ დაღლა და ტანჯვა გამოვიარეთ-მეთქი. შენს შემდეგ უსიყვარულო საქართველოში ვიცხოვრეთ, ჩვენ თაობას როგორ გვიყვარდა ერთმანეთი-მეთქი, ვეტყოდი. ქართველებს კი ახლა ერთმანეთი ეჯავრება-მეთქი. ამას უეჭველად ვეტყვი, როცა ვნახავ. იქ იმდენი მაქვს სათქმელი, აქ რაღა დამრჩა თორემ. ასევე დაგაინტერესებთ:„რაც მე ვერ შევძელი, ეს მოახერხა თენგიზმა...“ - რას ამბობდა გოდერძი ჩოხელი თენგიზ არჩვაძეზე„სულს აღზრდა უნდა. კუნთების ჩამოყალიბება ადვილია, სულისა - ძნელი... ბედნიერებას დანახვა უნდა; უნდა შეიგრძნო...“ - უცნობი ფაქტები თენგიზ არჩვაძეზე„უარყოფით პერსონაჟებს თამაშობდა, ცხოვრებაში კი ძალიან წესიერი კაცი იყო. ბოჰემაში ტრიალებდა და ხომ შეიძლებოდა, რაიმე ცუდი ეთქვათ მასზე, მაგრამ არასდროს გამიგია“ - გოგი მაღალაშვილი მამაზე

edisho

კულტურა 1699652679

„უარყოფით პერსონაჟებს თამაშობდა, ცხოვრებაში კი ძალიან წესიერი კაცი იყო. ბოჰემაში ტრიალებდა და ხომ შეიძლებოდა, რაიმე ცუდი ეთქვათ მასზე, მაგრამ არასდროს გამიგია“ - გოგი მაღალაშვილი მამაზე

ცნობილი ნეიროქირურგი გოგი მაღალაშვილი სახალხო არტისტის, ედიშერ მაღალაშვილის შვილია. ეს შესაძლოა ბევრმა იცით, თუმცა ის საინტერესო ფაქტები, რაც „პრაიმტაიმს“ მსახიობ მამაზე ექიმმა მოუყვა, არ გეცოდინებათ...გოგი მაღალაშვილი: ჩვენთან სულ მსახიობები მოდიოდნენ სტუმრად. მე რეჟისორობა მინდოდა.მეათე კლასში რომ ვიყავი, მამამ მიშა თუმანიშვილთან მიმიყვანა გასაუბრებაზე. მიშამ უცნაური შეკითხვები დამისვა, სილაში თამაში თუ გიყვარსო? აინტერესებდა, რეჟისორობა რომ მინდოდა, შემოქმედებითი ნატურა ვიყავი თუ მიწაზე მყარად მდგომი. როგორ მაკადრა, სილაში მეათე კლასელი როგორ უნდა ვთამაშობდე-მეთქი, გავნაწყენდი.არ გირჩევო, მამას უთხრა. რეჟისორს ფანტაზია უნდა ჰქონდეს და უნდა "აფრენდესო". მერე, ვაჟაზე, სამედიცინო ინსტიტუტის წინ გადავედით საცხოვრებლად. პრაქტიკული და რეალისტი ვარ. პირდაპირ სამედიცინო ინსტიტუტი იყო, სადაც ძალიან ლამაზი გოგონები სწავლობდნენ. და სრულიად პრაგმატული გადაწყვეტილება იყო, რომ სამედიცინოზე ჩამებარებინა.მამაჩემი სამედიცინოზე, სამკურნალოზე სწავლობდა. მესამე-მეოთხე კურსზე იყო, როცა ვახტანგ ტაბლიაშვილმა „ქეთო და კოტეს“ ეპიზოდში გადაიღო და ისე მოეწონა, პირდაპირ უთხრა: შენ ჩემთან, თეატრში უნდა წამოხვიდეო.თეატრალურში დაუსწრებლად, უგამოცდოდ მოაწყო. მერე მარჯანიშვილის თეატრში წაიყვანა. მამას დიპლომი არ აუღია. სულ გადაღებებზე იყო და ვერ მოახერხა. დიპლომი სამოცდაათს რომ იყო გადაცილებული, მაშინ მისცეს.იმის დარდი, რატომ ექიმი არ გამოვედიო, ნამდვილად არ ჰქონდა. მშვენივრად რეალიზებული იყო. კინოსა თუ თეატრებში აბსოლუტურად დაკავებული იყო და პრობლემები არ ექმნებოდა.დედა – ნატალია ყავრიშვილი პიანისტი იყო. მისი წყალობით მუსიკალური ათწლედიც მქონდა დამთავრებული, მაგრამ ნაძალადევად. ისე შემძულდა ინსტრუმენტი და ნოტები, მაშინ რომ დავხურე, დღემდე არ დავმჯდარვარ.ბავშვობიდან მახსოვს, საგრიმიოროში რომ იყო მამა, როგორ იშორებდა გრიმს ვაზელინით. მამას კინოეპოპეა იმ დროს იყო, როცა მე პატარა ვიყავი. რომ წამოვიზარდე, უკვე თეატრალური პროფილით მუშაობდა. ამდენად, გადასაღებ მოედანზე არ ვყოფილვარ. თუმცა მახსოვს, კინოსტუდიაში გახმოვანების პროცესი. ჩუმად იყავი, გავახმოვანებ და მალე წავიდეთ სახლშიო, მეტყოდა.– როგორი იყო ედიშერ მაღალაშვილი სახლში?– მკაცრი არ იყო. ხმამაღლა იტყოდა, მაგრამ… რომ მეტყოდა ამას გიკრძალავო, მე მაინც ვაკეთებდი. რბილი კაცი იყო, ცოტა უხასიათოც, შეიძლება ითქვას.სულ შურდა იმ მსახიობების, რომლებიც ტექსტს ადვილად იმახსოვრებდნენ. ამბობდა, ჯულიეტა ვაშაყმაძე ათ გვერდს გადაიკითხავდა და უცებ ზეპირად იტყოდაო. სარკესთან ემოციებში ტექსტს რომ კითხულობდა, თუ შევუხედავდი, გადიო, უკან მაბრუნებდა.უნდა გეჩვენებინა, რომ თითქოს მისი მიღებულია შენი გადაწყვეტილება და ყველაფერს გააკეთებინებდი. მე და ჩემ ძმას ტაქტიკა გვქონდა – მამა როგორ „დავაბათ“. დედა სულ ელოლიავებოდა. მამას გამო საკონცერტო კარიერა შეწყვიტა. 24 საათი როიალზე დაკვრა აღარ გამოსდიოდა. არადა, თავის დროზე წარმატებული პიანისტი იყო. რადიოში დღესაც არის მისი ჩანაწერები.კინოში უარყოფით პერსონაჟებს ასრულებდა, ამ დროს, ცხოვრებაში ძალიან წესიერი და ოჯახის კაცი იყო. ბოჰემაში ტრიალებდა და ხომ შეიძლებოდა ყური მომეკრა, რაიმე ცუდი ეთქვათ მასზე, მაგრამ არასდროს გამიგია. ყველა აქებდა.ერთი პერიოდი, მისი თაობის მსახიობებთან ერთად, ძალიან პოპულარული იყო. მაჩუქეს 1961 წელს გაკეთებული ნარდი, რომელზეც გარედან ზიჩის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციაა, შიგნით ლეილა აბაშიძისა და მამაჩემის პორტრეტებია დახატული.ეს ნარდი ადრე სამტრედიაში მქონდა ნათამაშები. ედიშერის სურათები იყიდებოდა, გოგოები იტაცებდნენ. „სოიუზპეჩატის“ სალონებში იყო გამოკრული მისი ფოტო.– დედა ეჭვიანობდა?– შეიძლება გულის სიღრმეში ეჭვიანობდა. მაგრამ მამა არ იყო ის ტიპი, ან რა ჰქონდა საეჭვიანო? ერთადერთი, ქეიფი უყვარდა და დედა ამაზე ბრაზობდა, თავს მოიკლავ, რამდენს სვამო.ბოლომდე სვამდა, არ კადრულობდა ვინმეზე ნაკლების დალევას. ერთხელ, პეტერბურგში, იქაურმა ქართველმა რესტორანში დაგვპატიჟა. იმ კაცმა მიმტანს ორი ბოთლი არაყი მოატანინა, თითო-თითო დავიდგათო. დედამ ერთი ბოთლი ოფიციანტს შეუმჩნევლად წყლით შეაცვლევინა. მამამ გადაკრა და გადახედა დედაჩემს, მიხვდა ვისი ხელიც ერია ამაში, მაგრამ იქვე ხომ არაფერს ეტყოდა? ასე ვერ გათქვა და მამაჩემი მთელი საღამო წყალს სვამდა.დედა იუმორით სავსე ქალი იყო და თავისი იუმორის წნეხის ქვეშ ამყოფებდა მამას. ნატა ისეთ ფრაზას არ ამბობდა, მასში რამე „ხოხმა“ არ ყოფილიყო.განსაკუთრებულად მიყვარს მამას პირველი როლი „ქეთო და კოტეში“. ძალიან ახალგაზრდაა და სახასიათო პატარა მკვეთრი როლი აქვს. მღერის და ერთ ფრაზას ამბობს. თეატრში ჰქონდა სერიოზული როლები.კინოში სახელმწიფოს წინააღმდეგ კარიერისტი კოლმეურნეობის თავმჯდომარისა და წესიერი ქალების „შემცდენელის“ როლებით დაშტამპეს. დღევანდელ დღეს ეს თემატიკა როგორი საყურებელია.ჩემი ძმა, მიშა, კინოოპერატორია. მანამდე სამსახიობო დაამთავრა, მარჯანიშვილის თეატრში რამდენიმე სეზონი იმუშავა და მერე შეეშვა. ცოტა ძველი ბიჭი იყო და დარბაზში „პლეხანოვი“ რომ შემოდიოდა, მიშას თამაში „უტყდებოდა“.მერე, გარკვეულწილად ჩემი გავლენით, კინოოპერატორობა გადაწყვიტა. ოპტიკა და ფოტოტექნიკა იცოდა. მე ბავშვობიდან ფოტომოყვარული ვარ. სახლში სულ იყო კარგი ფოტოაპარატი, აბაზანაში ვიკეტებოდი და ფერად ფოტოებსაც ვბეჭდავდი.მერე, მედიცინაში მოსვლისას, მოხსენების დროს ამიტომ მქონდა ყველაზე კარგი სლაიდები. მიშა, გოგა ხაინდარავასთან, ავთო ვარსიმაშვილთან და დიტო ცინცაძესთან ერთად მუშაობდა. საუკეთესო ოპერატორის პრიზი აქვს აღებული.მამა 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედა, რამდენიმე წლით ადრე. ძალიან გაუჭირდა ცოლის გარეშე. დედა პატარა ბავშვივით უვლიდა. მამას კუჭის წყლული ჰქონდა და გასტროლებზე ნატა მენიუთი მიჰყვებოდა.მერე ჩემი მეუღლე ცდილობდა მისთვის დიეტური კერძების გაკეთებას, მაგრამ მაინც ისეთი ეჭირა, ეტყოდა – ნატა სხვანაირად აკეთებდაო.„ხორცისტი“ იყო, ხორციანი კერძები უყვარდა. ზაფხულში სადღაც წავედით. ჩემმა მეუღლემ ჩანახი გაუკეთა და დაუტოვა. ქვევით იყო ხორცი, ზევით ბადრიჯანი და პომიდორი ფენა-ფენა ელაგა.დავურეკეთ, მოვიკითხეთ, ჭამე რაც დაგიტოვეთო? ცოტა ვჭამე, არ მომეწონაო. სამი დღის მერე აღფრთოვანებულმა დარეკა, უი, ხორციანი ყოფილა და ძალიან გემრიელიაო. კერძი იმდენი იყო, ბოსტნეულიდან ხორცამდე მესამე დღეს ჩავიდა და მერე მოეწონა. ვერ წარმოიდგინა, რომ უხორცო კერძს დავუტოვებდით.კაი ვინმე იყო, უცნაური და საინტერესო. უყვარდა რომ ემსახურებოდნენ. დისტანციურ პულტს ხელს თვითონ არ აჭერდა. ედიშო, გადამირთეო, შვილიშვილს ეტყოდა. ტანით დიდი არ იყო, ჩემი ტანის იყო, მაგრამ სცენაზე ახოვანი, მაღალი ჩანდა.მნიშვნელოვანი და მამაკაცური იყო. მასზე მაღალ ხალხთან ერთად მდგარა სცენაზე, მაგრამ სანამ ერთად არ დამდგარან, ვერ იტყოდი იმათზე დაბალიაო. ფოტოგენური იყო. თავისი გარეგნობით მნიშვნელოვანი, კარგი ფაქტურა ჰქონდა.ძალიან სხვანაირი დამოკიდებულება გვქონდა მე და ჩემ ძმას მშობლების მიმართ. ძალიან გვიყვარდა ორივე.ეს იგივეა, რასაც მიშა თუმანიშვილი მეუბნებოდა – შენგან რეჟისორი არ გამოვაო. ფანტაზია არ მაქვს. მათი საფლავი ჩემთვის მხოლოდ ქვა და მიწაა. დედასთან და მამასთან კი ფიქრებში ვამყარებ სულიერ კავშირს. მახსენდება… ეს ყველაფერი ემოციურ დონეზეა, ამას სიტყვებით ვერ გადმოსცემ.ასევე დაგაინტერესებთ:"საერთოდ არ ვუყურებ ფილმებს ჩემი მონაწილეობით. ვერც „დათა თუთაშხია“ გახდა გამონაკლისი...“ - რატომ იქცეოდა ასე თენგიზ არჩვაძე„ისეთი თავმდაბალი, მოკრძალებული და უშუალოა, რომ გაოცებაში მოჰყავხარ. მასში სუფთა თვისებები ბუდობს“ - კოლეგები იუბილარ მერაბ ნინიძეზე„ყველა მედავებოდა, რატომ მოგეცი ეს როლი...“ - ნახეთ, რას პასუხობდა "დათა თუთაშხიას" რეჟისორი თენგიზ არჩვაძის ფანებს

aka

კულტურა 1699461248

"წარსულის არ მეშინია, იმიტომ რომ ქართველი ვარ. მომავლისა არაფერი ვიცი, იმიტომ რომ ქართველი ვარ..." - აკა მორჩილაძე

გახსოვთ, ქართველებზე რას წერს აკა მორჩილაძე თავის 2012 წლის რომანში "Obolé"? დღეს რატომღაც გამახსენდა..."საერთოდ, მგონი, ქართველების იმიტომ არ ესმით მსოფლიოში, რომ ჩვენ ძალიან შორიდან ვიწყებთ ლაპარაკს. პირდაპირაც და ირიბადაც. შორი ხალხი ვართ და, აბა იმათ არ უყვართ ეგ სიშორე, მგონი, აბრაზებთ კიდეც. ჩვენ კი, როგორც წეღანაც მოგახსენეთ, გვგონია, რომ, თუ შორიდან არ დავიწყეთ ლაპარაკი, ვერავის ვერაფერს გავაგებინებთ. იმათ კიდევ, მსმენელებს, ეგ შორიდან ლაპარაკი აბნევთ და აშინებთ და საერთოდ, ვიღას უყვარს შორიდან ლაპარაკი? დღეს და ახლა, როგორც „ბურგერ კინგის” მენიუ.წარსულის არ მეშინია, იმიტომ რომ ქართველი ვარ. მომავლისა არაფერი ვიცი, იმიტომ რომ ქართველი ვარ. სისულელისთვის მოვკვდები, იმიტომ რომ ქართველი ვარ. სისულელისთვის ვიცოცხლებ, იმიტომ რომ ქართველი ვარ. წმიდა გიორგი მეყვარება, ისე, რომ არ ვიცი, ვინ არის, იმიტომ რომ ქართველი ვარ. საშინელ ტყუილებს ვიტყვი, იმიტომ რომ ქართველი ვარ. და უცებ, სიცოცხლის ერთ წამს ვიქნები ყველაზე ოქრო, მართალი და სასურველი, იმიტომ რომ ქართველი ვარ!" ასევე დაგაინტერესებთ:ჟიური შოკშია! - ნახეთ, ნინი ბრეგვაძის გასაოცარი შესრულება ამერიკულ „ვოისში""მეშინია, შემთხვევით სიხარულისგან არ გავგიჟდე ეს დროებით "ვარსკვლავად" მომუშავე ქალი" - ნახეთ, რა ჯილდოს ნომინანტია "ეთერო"?„საერთოდ არ ვუყურებ ფილმებს ჩემი მონაწილეობით. ვერც „დათა თუთაშხია“ გახდა გამონაკლისი...“ - რატომ იქცეოდა ასე თენგიზ არჩვაძე„ძალიან დიდხანს ვეძებდით მარიტას, ყველაზე მიყრუებულ სოფლებშიც კი... ერთ მშვენიერ დღეს...“ - 26 ოქტომბერი ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა

eka

კულტურა 1699374909

"მეშინია, შემთხვევით სიხარულისგან არ გავგიჟდე ეს დროებით "ვარსკვლავად" მომუშავე ქალი" - ნახეთ, რა ჯილდოს ნომინანტია "ეთერო"?

ეკა ჩავლეიშვილი, ეთეროს როლის შესრულებისთვის ფილმში "შაშვი შაშვი მაყვალი", საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში, ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტი გახდა.   აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ელენე ნავერიანის „შაშვი შაშვი მაყვალი“ ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს გრძელ სიაში მოხვდა. გამარჯვებული 9 დეკემბერს გამოვლინდება.სურათმა სარაევოს კინოფესტივალზე ორი ჯილდო მოიპოვა საუკეთესო მხატვრული ფილმისა და მსახიობი ქალის ნომინაციაში.უკვე რამდენიმე კვირაა „შაშვი შაშვი მაყვალი“ საქართველოს კინოთეატრებში გადის.სიახლეს თავად მსახიობი ემოციური პოსტით ხვდება."სულ გახარებული და გაღიმებული დავდივარ.ამდენ კარგ ამბავს გადატანა ხომ უნდა?მეშინია, შემთხვევით სიხარულისგან არ გავგიჟდე ეს დროებით "ვარსკვლავად" მომუშავე ქალი.უსაშველოდ დიდ სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ თქვენგან და უღრმესი მადლობა კეთილო ადამიანებო" - წერს ეკა ფეისბუქზე.ასევე დაგაინტერესებთ:"მოქალაქე წმინდანს" თბილისური პრემიერის შემდეგ, ამერიკაში ნახავენ„სულს აღზრდა უნდა. კუნთების ჩამოყალიბება ადვილია, სულისა - ძნელი... ბედნიერებას დანახვა უნდა; უნდა შეიგრძნო...“ - უცნობი ფაქტები თენგიზ არჩვაძეზე„ისეთი თავმდაბალი, მოკრძალებული და უშუალოა, რომ გაოცებაში მოჰყავხარ. მასში სუფთა თვისებები ბუდობს“ - კოლეგები იუბილარ მერაბ ნინიძეზე

prayer

საზოგადოება 1699359319

ლოცვა, რომელიც უდიდესი მადლის მატარებელია, წაიკითხეთ ყოველდღე და ნახავთ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვლება

ოპტელი ბერების ლოცვა, რომელიც უდიდესი მადლის მატარებელია, წაიკითხეთ ყოველდღე და ნახავთ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვლება – მადლით აივსებით.ოპტელი ბერების ლოცვაუფალო, მომეც მე ძალა, რათა სიმშვიდითა სულიერითა მივიღო ყოველივე, რასაცა მომიტანს დღეი ესე, მომეც მე ძალა, რათა სრულიად მინდობილ ვექმნე წმიდასა ნებასა შენსა. ყოვლითურთ მიწინამძღვრე და შემეწიე მე თვითოეულსა ჟამსა დღისასა. რაიცა რა ამბავი მესმას დღესაცა ამას, მასწავე მიღებად მისსა სულითა სიმშვიდისათა, რწმენითა მტკიცითა, რამეთუ ყოველივე ნებითა შენითა წმიდითა ქმნილ არს.შენ ექმენ მარადის წინამძღვარ აზრთა და გრძნობათა ჩემთა ჟამსა შრომისა და უბნობისა, ჟამსა ყოვლისა უცებისა საქმის მოწევნისასა.ნუ მიმცემ მე დავიწყებად, რამეთუ ყოველივე შენ მიერ მოვლინებულ არს. მასწავე მე კეთილგონიერებითა და წრფელად ცხოვრება ჩემდათანა ყოვლისა სახლობისაითა, არა წყინებად და არცა აღშფოთებად ვინმესა. უფალო, მომეც მე ძალა, რათა დავითმინო დაშრომაი მდგომარისა დღისაი და ყოვლისა შემთხვევისაი განმავლობასა შინა მისსა. ექმენ წინამძღვარ ნებასა ჩემსა და მასწავე მე ლოცვაი, სასოებაი, რწმენაი, სიყვარული, მოთმინებაი და მიტევებაი, ამინ. ასევე დაგაინტერესებთ: ძლიერი ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხატთან უნდა წარმოთქვათ"ზოგჯერ, ადამიანს რაღაცაზე გული ეტკინება და მერე საერთოდ ავიწყდება ლოცვა, ღმერთის მადლიერება..." - პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძეიცოდით, რომ მომაკვდავის მონათვლა მღვდლის გარეშეც შეგვიძლია? ამ სიკეთეზე უნდა იცოდეთ!„მუხლებამდე დავინახე მისი უხრწნელი სხეული, ხორცი ჩვეულებრივი იყო, ფერი კი მუქი ყავისფერი ჰქონდა...“- „პრაიმტაიმმა“ ბერი გაბრიელის წმინდა ნაწილი გადაიღო„საერთოდ არ ვუყურებ ფილმებს ჩემი მონაწილეობით. ვერც „დათა თუთაშხია“ გახდა გამონაკლისი...“ - რატომ იქცეოდა ასე თენგიზ არჩვაძე