1728156496
"ამ კადრების ერთხელ ნახვა საკმარისია, რომ აღარ დაგავიწყდეს და ..." - ამბები ოთარ იოსელიანზე
"ბევრი ხელოვანი კბილს აღრჭიალებს იმის ცდაში, რომ როგორმე შემოქმედებაში ცხოვრების სიმსუბუქე დაიჭიროს. ოთარ იოსელიანს კი თითქოს პრივილეგირებული ურთიერთობა ჰქონდა მასთან, ფარული კავშირი.
ეს უნიკალური კინორეჟისორი 17 დეკემბერს თბილისში, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნატურალიზებული ფრანგი, წარმოშობით კი ქართველი... ის საქართველოდან იყო, კავკასიის ამ პატარა რესპუბლიკიდან (4 მილიონიანი ქვეყნიდან), რომელიც დიდი ხანია მოსკოვის უღლის ქვეშ იყო. ამ ქვეყნის ხელსაყრელი კლიმატი და ნიადაგი მათ უფრო სამხრეთის ადათ-წესებს უყალიბებდათ, ვიდრე - საბჭოთას.
ერთხელაც, ცენზურის თავიდან ასაცილებლად, იოსელიანი "გადაასახლეს" საფრანგეთში, მაგრამ სადაც კი მისი კამერა "დაეშვა", იქ ისევ გამოჩნდა ექსცენტრიკული საქართველოს პატარა ნაწილი, სიმღერებისა და აგვისტოს სუფრების ქვეყნისა.
მან გამოიგონა წერის უნიკალური, ფრთხილად დახვეწილი სტილი, რომელმაც მცირე ჯგუფებს შორის პოვა აუდიტორია. მისი ფილმი პოეზიაა, ჟესტებით მოსაუბრე როგორც მუნჯი კინო, სულისკვეთებით ის ფრანგ არტისტს, ჟაკ ტატის შევადარეთ" - წერს ოთარ იოსელიანზე სააგენტო NewsinFrance.
17 დეკემბერს საეტაპო ფილმების რეჟისორმა დაგვტოვა... ის ესთეტიკა, რაც ოთარ იოსელიანის ფილმებს აქვს, არც ერთ სხვა ქართულ ფილმს არ აქვს... ის ჰგავდა მხოლოდ თავის თავს.
სანამ რეჟისურას დაეუფლებოდა, მანამ მათემატიკური განათლება მიიღო. ისიც მოსკოვში. მერე იყო "ვგიკი"... ასეთი პოეტური მათემატიკოსი ძნელია მეორე იპოვოთ...
"ოთარ იოსელიანი...თანამედროვეობის ერთ-ერთი დიდი კინორეჟისორი და მოაზროვნე. კინოგრანდი, არისტოკრატი, მკაცრი და უფაქიზესი , უკომპრომისო და მეგობრების ერთგული, საკუთარი კინოენის შემქმნელი, მათემატიკოსი და პოეტი... ოთარ იოსელიანი..." - წერს ნანა ჯანელიძე.
80-იანი წლებიდან მოყოლებული ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში. მწერალი მიხო მოსულიშვილი სწორედ საფრანგეთში გადაღებულ ფილმს იხსენებს...
მიხო მოსულიშვილი: კაცი, ვინც ხეებს რგავდა, კი არა ჭრიდა...
(ოთარ იოსელიანის სახსოვრად)
ისევე, როგორც ხელოვნების სხვა დარგებში, კინოშიც უიშვიათესია ხოლმე ხელოვანი, ვისაც სხვისგან წამოღებული კი არა, არამედ საკუთარი კინოენა, იგივე პოეტიკა გააჩნია.
სწორედ ამისთანა ხელოვანი იყო ოთარ იოსელიანი, როგორც „ქართულ“, ასევე „ფრანგულ“ ფილმებშიც...
კინემატოგრაფიულ ოსტატობას ამგვარად განსაზღვრავდა, - ფილმს ისე უნდა უყურო, რომ ხმას ბოლომდე ჩაუწიო და თუკი გაიგე, მაშინ ყველაფერი რიგზეაო...
შეხედავდი მის „ქართულ“, ანუ აქ გადაღებულ ფილმებს, „გიორგობისთვე“ იქნებოდა, „იყო შაშვი მგალობელი“ თუ „პასტორალი“, და ხვდებოდი, რომ სულ სხვა, თავისთავადსა და განუმეორებელ, საკუთარ სამყაროს ქმნიდა ამ მათემატიკურად უზუსტესი ნამუშევრებით.
... და ფრანგულ ფილმებშიც რომ იგივეს განაგრძობდა, ამას ჩემი ერთი ადრინდელი ჩანაწერიც დაადასტურებს, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ...
17 დეკემბერი, 2023
***
"Jardins en automne"
(ოთარ იოსელიანის 2006 წლის ფილმი)
ყოფილი მინისტრი რომ ძველ ნაცნობებს გაუვლის პარკში, მებაღე არნოსთან და ცხოველების მომვლელთან ერთად გაიყოფს კონიაკის თითო ყლუპს და თითო ღერ სიგარეტს, და არნო რომ ამბობს იქ, - რას ვაკეთებ და, ხეებს ვრგავო! კი არ ვჭრი, ვრგავო!...
ამ კადრების ერთხელ ნახვა საკმარისია, რომ აღარ დაგავიწყდეს და მერე რამდენჯერმე მიგაბრუნოს კიდეც თავისთან...
კინო რა არის, კინო რა არისო, - და აი, ეს არის კინო...
ფოტოზე: კადრი ოთარ იოსელიანის 2006 წლის ფილმიდან „ბაღები შემოდგომით“. შუაში თავად რეჟისორია, მებაღე არნოს როლში.
ასევე დაგაინტერესებთ:
ლეგენდები, არტისტები და ხელოვანები, რომლებსაც 2023 წელს დავემშვიდობეთ
„რაც მე ვერ შევძელი, ეს მოახერხა თენგიზმა...“ - რას ამბობდა გოდერძი ჩოხელი თენგიზ არჩვაძეზე