ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
იტალიელებმა "ფეოლა" ნახეს. ნახეს და ისიამოვნეს. ისიამოვნეს და უკვე კარგად იციან, "ვისი გორისაა" ხვიჩა კვარაცხელია. ლეგენდარული რეზო გაბრიაძის სცენარით გადაღებული კინოკომედია, რომელიც მეორე ლეგენდის - იპოლიტე ხვიჩიას სავიზიტო ბარათი იყო, რამდენიმე დღის წინ, ნეაპოლში იტალიურად ჟღერდა. ბაადურ წულაძის ფილმის იტალიურად ადაპტირების იდეა კი "კვარას" მიერ დატრიალებულ ქარიშხალს უკავშირდება და ის ქართველ ჟურნალისტს გაუჩნდა.
ნინა მამუკაძე "პრაიმტაიმის" მკითხველს უყვება, თუ როგორ იქცა იდეა პროექტად, რომელშიც სპორტული ჟურნალისტები ასე დიდი ინტერესით ჩაითრია და ჩვენი საყვარელი პერსონაჟები გაახმოვანებინა.
იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს, იტალიაში მცხოვრები ნინა ნეაპოლის მატჩებზე დასწრების დროს დაუახლოვდა. კვარას თანამემამულეს იტალიურ სპორტულ თოქშოუებში ხშირად იწვევდნენ და არა მხოლოდ ქართულ ფეხბურთზე, არამედ მთლიანად საქართველოზე უსვამდნენ კითხვებს.
ნინა მამუკაძე: ამ ყველაფერმა შვა იდეა, რომ ფილმი, რომელიც ჩვენს ფეხბურთზეა საუკეთესოდ გაუწევდა პოპულარიზაციას ჩვენს ქვეყანას. იდეა პროექტად საქართველოს საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის კონკურსში გამარჯვების შემდეგ იქცა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.
ვის უნდა გაეხმოვანებინა თავად ფეოლა? ეს ერთი სპორტული ჟურნალისტის, ვალტერ დე მაჯოს ტემბრმა მიბიძგა. აქამდე ფილმი არ ჰქონდა გახმოვანებული და ესიამოვნა, რადგან მთავარი პერსონაჟის გახმოვანებას ვთავაზობდი.
ადრიანო პასტორე ჩემი შთაგონების წყარო აღმოჩნდა. ისიც ჩვენი კოლეგაა. კვარას ერთ-ერთი მაგარი გოლის შემდეგ, მისგან მომდის ხმოვანი შეტყობინება, ბოლო ხმაზე ყვიროდა - ქართველი არის სინათლე, მომეცით საქართველოს მოქალაქეობა! მეთქი, აი, ვინ მჭირდება! ვასილ ჩხაიძეს ხომ ეროსი მანჯგალაძე ახმოვანებდა ყოველთვის. ადრიანოს ეროსის მსგავსი ტემბრი აქვს. ძველებური დარბაისლის, იმპერატიული ხმა. მოკლედ, ვასილ ჩხაიძის გმირის გახმოვანება ადრიანოს ჩავაბარე.
ლუკა ჩიქოვანის დაყოლიება გაგვიჭირდა. მართალია, მსახიობია, მაგრამ რახან გამხმოვანებელი არ არის და ამავდროულად, პერფექციონისტია, არ უნდოდა ხელი მოეკიდა ამ საქმეზე. შიშობდა, რომ საუკეთესოდ არ გამოუვიდოდა. საბოლოოდ, ხვედელიძის როლი მაინც გაახმოვანა. ის რომში ჩავწერეთ, სხვა დანარჩენის გახმოვანება ნეაპოლში მოხდა.
ხმის რეჟისორმა, რომელიც სერიოზული ტიპი იყო, მონტაჟის დროს იპოლიტეს ტიპაჟი, მანერები და მისი ტემბრი ისე დაამუღამა, ეს სერიოზული კაცი ბოლოს გადაბჟირდა და სიცილისგან სკამიდან რომ გადავარდა, მივხვდი, რომ ფილმის ხასიათი დაკარგული არ იყო!
რთული აღმოჩნდა ზოგიერთი ტერმინის თარგმნა. გაიტალიურებაზე რამდენიმე ადამიანმა იმუშავა. ფილმი მაკა ხაჩოშვილმა და ქეთა სორდინი ჯაფარიძემ თარგმნეს, ადაპტირება კი - ჯოვანი ჯაკომანტონის, მაია ჯიჯავას და ფრანჩესკო ტრეჩის ეკუთვნით. მოვარგეთ იტალიური ტერმინები, მაგრამ არ იყო მარტივი. ვფიქრობ, მაინც გამოგვივიდა. ფლორენციის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ქეთა სორდინი ჯაფარიძე ფილმის გახმოვანებაშიც მონაწილეობს.
ზოგადად, საპასუხისმგებლო პროექტია, "ფეოლა" ხომ საკულტო ფილმია. ამიტომ ძალიან სკრუპულოზურად ვიმუშავეთ, ყველა დეტალის გავლით.
პრემიერა ნეაპოლში, კინოთეატრ "მოდერნისიმოში" შედგა. ჩვენებას ბევრი იტალიელი ჟურნალისტი დაესწრო.
ერთ-ერთი გავლენიანი სპორტული გაზეთი Corriere Delo Sport-ი პრემიერის შემდეგ აქვეყნებს სტატიას "კვარას საქართველო, ახლა კინოშიც თამაშობს. La Stampa-მ კიდევ ერთმა დიდმა იტალიურმა გამოცემამ, მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სხვათა შორს, აქტიურად გაშუქდა...
იტალიურად ადაპტირებული "ფეოლას" პრემიერა ნეაპოლში ერთი კონკრეტული მოტივით გავაკეთე. ნეაპოლში ფეხბურთი, ფაქტობრივად, რელიგიაა. ამიტომ პლუს ჩვენი კვარას ფაქტორის გათვალისწინებით, ვიცოდი, რომ ეს პროექტი კარგად "იმუშავებდა"; და ეს ქართული ფეხბურთისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის გაკეთდა. სხვათა შორის, გაჭრა და დიდი დაინტერესება წამოვიდა.
ასევე დაგაინტერესებთ: