„ილიკო ჩიგოგიძემ სამი მანეთი მაჩუქა, მითხრა არ თქვაო და რაფერ ვთქვააა?!“- ვინ არის პატარა ბიჭი ფილმიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“

რეჟისორი გია კიტია

„კინოსტუდიასთან ჯიხურის წინ მივდიოდი, ერთ-ერთმა მამაკაცმა, რომელიც კედელს იყო მიყუდებული, ფეხი დამიდო. წავიბორძიკე, კინაღამ დავეცი და გაბრაზებულმა უწმაწური სიტყვებით შევაგინე... მამაკაცი, რომელმაც ფეხი დამიდო და მე საშინლად ვაგინე, რეჟისორი თენგიზ აბულაძე აღმოჩნდა. ასე აღმოვჩნდი კინოში, გინებით!“- რეჟისორი გია კიტია.

დღეს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორის გიორგი (გია) კიტიას დაბადების დღეა, რეჟისორს 68 წელი შეუსრულდა.

კადრში ფილმიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, ყურით რომ უჭირავს ილარიონს და ბავშვი სიმწრისგან ფეხს რომ აქანავებს და ეუბნება - „ილიკო ჩიგოგიძემ სამი მანეთი მაჩუქა და მითხრა, არ თქვაო, რაფერ ვთქვააა?!“ – ეს პატარა ბიჭი, ილარიონს ილიკოსგან მურადას სამძიმრის დეპეშა რომ მიუტანა, გიორგი (გია) კიტია გახლავთ.

შემდგომში, 1981-2007 წლებში მოზარდ მაყურებელთა თეატრის მთავარი რეჟისორი, თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგი და ასოცირებული პროფესორი.

რამდენიმე ხნის წინ, „პრაიმტაიმი“ რეჟისორს სახელოსნოში ეწვია და მის შემოქმედებაზე და პირად ცხოვრებაზე ექსკლუზიურად ესაუბრა:

5 წლის ასაკში, უკვე ძალიან პოპულარული ადამიანი ვიყავი (60-იანი წლების დასაწყისში). იმდენად, რომ ფაქტობრივად, ყველა თბილისელი მცნობდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არ არსებობდა არანაირი რეკლამა, გარდა იმ ფილმებისა, რომლებიც კინოთეატრების აფიშაზე იყო გამოსახული.

იმ დროს, ძალიან ბევრი კინოთეატრი არსებობდა, თითქმის ყველა ქუჩაზე. ჩემი ერთადერთი პორტრეტი იყო ფილმიდან – „ცეროდენა რაინდები“, რომელიც მეორე ფილმი იყო ჩემთვის, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ შემდეგ.

ჩემი ფოტო, მაშინდელი პიარ-მენეჯერების მიერ, იყო არჩეული, რომელიც თითქმის ყველა კინოთეატრში იყო გამოკრული. ყველა მცნობდა, ვინაიდან სულ კახური ქუდით დავდიოდი. ამით გარკვეულწილად, ჩემი ამბიციები დაკმაყოფილებული იყო, რადგან პირველი ფილმიდან, რომელიც იყო „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, ვერავინ მცნობდა, თან საკმაოდ ამბიციური ბავშვი ვიყავი.

 

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ იმ დროს მოდაში იყო „ბუტილკა“ შარვლები, ლაკის წვეტიანი მოკასინები, ბეწვიანი პალტო და მეც ამ სამოსში გამოწყობილი დავდიოდი. ბავშვობაში პლეხანოვზე, კრილოვის ქუჩაზე მილიციასთან ვცხოვრობდი და ამიტომ ხშირად „ვაბირჟავებდი“ კინოსტუდიასთან.

ხუთი წლის ბავშვისთვის, ეს საკმაოდ შორი მანძილი იყო, ძირითად დროს, იქ ვატარებდი. ამავე დროს, იქ მყავდა ძალიან კარგი მეგობარი, რომელიც ერთ-ერთ ჯიხურში გაზეთებს ყიდდა. მახსოვს, რომ ყველა გაზეთს კითხულობდა და მყიდველს, ახალ-ახალ ინფორმაციას აწვდიდა.

მეც ასევე, ახალ ამბებს ჩემი მეგობრისგან ვიგებდი. საიდუმლო კი ის იყო, რომ ყოველთვის მაინტერესებდა ადამიანები, რომლებიც კინოსტუდიის წინ იკრიბებოდნენ.

ახლანდელ თუმანიშვილის თეატრთან, ხშირად ვხვდებოდი ცნობილ მსახიობებს თენგიზ არჩვაძეს, ოთარ კობერიძეს, ლია ელიავას და ბევრ სხვას.

ეს ადამიანები, ჩვეულებრივ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობდნენ, არ ვარსკვლავობდნენ. მაგალითად, მედეა ჩახავა, ლეილა აბაშიძე საერთოდ არ მყავდა ნანახი, როგორც ჩანს მძღოლს დაჰყავდა.

როგორ მოხვდით, ლეგენდარულ ფილმში - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“?

ერთ მშვენიერ დღეს, კინოსტუდიასთან ჯიხურის წინ მივდიოდი, როცა ერთ-ერთმა მამაკაცმა, რომელიც კედელს იყო მიყუდებული, ფეხი დამიდო. წავიბორძიკე, კინაღამ დავეცი და გაბრაზებულმა უწმაწური სიტყვებით შევაგინე.

დამავლო ამ კაცმა ხელი ქეჩოში და მეორე სართულზე, პატარა ოთახში ამიყვანა, სადაც კედელზე გაკრული ფოტოები დამხვდა პირდაპირი რაკურსით და პროფილში.

ვიფიქრე, რომ მილიციაში აღმოვჩნდი და მიჭერენ. მეკითხებიან გვარს და სახელს და ცოცხალი თავით, არ ვეუბნები. მარტო იმას ვფიქრობდი, სანამ მშობლებს დაურეკავდნენ, როგორმე თავი დამეხსნა.

უცებ გამახსენდა, რომ ამ შენობაში, მეორე სართულზე ბებიაჩემის მეგობარი შურა მუშაობდა, რომელიც კოსტიუმების მკერავი იყო. გადავწყვიტე გავქცეულიყავი და შველა მეთხოვა.

ცელქი ბავშვი იყავით?

კი, კი ძალიან! ერთ-ერთ ახალგაზრდა გოგოს, რომელსაც ეტყობოდა, რომ ძალიან მოვეწონე, ვუთხარი საპირფარეშოში მინდა-მეთქი.

უარი ვერ მითხრა და წამიყვანა. უკანა გზაზე რომ მოვდიოდით, შევარდი შურას ოთახში, ეს გოგოც შემომყვა. რომ დამინახა, გაშალა ხელები და გია, დამიძახა, ანუ „ჩამიშვა“. იცნობთ ამ ბავშვსო, ჰკითხეს! როგორ არა, ჩემი მეგობრის შვილიშვილიაო!

ასე გავიშიფრე, მაგრამ ალბათ გული გამისკდებოდა, რომ არ გამეგო იქვე, რომ ეს შენობა, არის არა მილიციის, არამედ კინოსტუდიის და ეს ფოტოები კი, კინო სინჯებია.

შურამ დამაბრუნა უკან, გადამიღეს ფოტო სინჯები. მამაკაცი, რომელმაც ფეხი დამიდო და მე საშინლად ვაგინე, რეჟიისორი თენგიზ აბულაძე აღმოჩნდა. ასე აღმოვჩნდი კინოში, გინებით!

კინოში რომ მივედი, გადავხედე სიტუაციას, ძალიან მომეწონა ერთი სათვალიანი მოხუცი, რომელსაც გარეგნულადაც ეტყობოდა, რომ ნამდვილი პროფესიონალი, ჭკვიანი და კეთილი იყო, მაგრამ მკაცრი გამომეტყველებით.

აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი კინოსტუდიის მთავარი გრიმიორი ზაალ ზახარიჩი იყო. თენგიზმა, ძალიან რბილი ადამიანის შთაბეჭდილება დამიტოვა. გამოვაცხადე, თუ ზახარიჩი არ გამიკეთებს გრიმს, კინოში არ მივიღებ მონაწილეობას -მეთქი.

ზაალი გრიმს, მხოლოდ სესილია თაყაიშვილს, გრიშა ტყაბლაძეს და ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანს უკეთებდა. ისე მკაცრად განვაცხადე, რომ უარი ვერ მითხრეს. ოთახიდან გამოვიდა და გამოაცხადა – გრიმს გავუკეთებ ჯერ გიას და შემდეგ სხვა მსახიობებსო!

ამით ჩემი ამბიცია დაკმაყოფილდა, არადა, პრესტიჟი ის არის, ბოლოს რომ გიკეთებენ გრიმს. ჩვენ დაგრიმულები, საშინელ სიცხეში, სესილიას ველოდებოდით. ასე მოვხვდი პირველ ფილმში!

იცოდით, რა როლს გთავაზობდნენ?

არ ვიცოდი, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვიყავი. ფილმში, ძალიან ბევრი კადრია, განსაკუთრებით ილარიონთან ერთად, სადაც ტექსტი ჩემი იმპროვიზაციით არის. ის ფრაზა - „ილიკო ჩიგოგიძემ დამაბარა არ თქვა და რაფერ ვთქვა -მეთქი“, ჩემი იმპროვიზაციით არის.

მის გარდა, უამრავი კადრია, სადაც ფაქტობრივად, მთელი ფილმის მანძილზე სხვადასხვა სახით და კოსტიუმით, უამრავ როლს ვთამაშობ. ზოგან კახური ქუდით ვარ, ზოგან ჰასანას ქუდით. ფაქტობრივად, ფილმიდან ზურიკელა ვაშალომიძე, მერი, ბებია, ილიკო და ილარიონი გამახსოვრდება.

ერთ-ერთ კარში, სადაც ჰასანას ქუდი მახურავს, მკბენარი დამესია. გადაღებები მანგლისში მიმდინარეობდა და ერთ-ერთ მცხოვრებთან, მინადორა ბებიასთან მიმიყვანეს, რომელმაც შემილოცა და გამიარა. ხელში „კიბოს კანფეტი“ ეჭირა, თავზე დაატრიალა, რაღაც ლოცვები წაიბუტბუტა და გაგიკვირდებათ, მაგრამ მკბენარები მართლა გაქრნენ!

შელოცვამ გიშველათ?

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, შელოცვებით გაქრნენ, არც ნავთის წასმა დამჭირვებია, არც წამლის. დედაჩემი გადარეული იყო, არ სჯეროდა. კრებაზე, ზურიკელას ატესტატს რომ გადასცემენ, იმ კადრშიც ვარ, სხვადასხვა სახე შევქმენი.

ამიტომ მთელი გადაღების პროცესში, ფილმთან ერთად ვიყავი. ძალიან კომფორტული ბავშვი აღმოვჩნდი, რომელიც სწრაფად ითვისებდა ყველაფერს და ჩემი სიცელქე, არ გამოიხატებოდა იმაში, რომ ვხმაურობდი, ან ვინმეს ვაწუხებდი. უბრალოდ, თამამი ბავშვი ვიყავი, მაგრამ თუ საგინებელი იყო, უკან არ ვიხევდი.

კარგად შეეწყვეთ ბუმბერაზ მსახიობებს…

ძალიან კარგად, ამიტომ დიდი ხელფასიც დამინიშნეს. ჩემზე მაღალი ჰონორარი, მხოლოდ სერგო ზაქარიაძეს და იური ნიკულინს ჰქონდა. მე, სესილია, გრიშა და სანდრო ერთი და იგივე რაოდენობის თანხას ვიღებდით.

ამ კინოდან აღებული ფულით, დედაჩემმა და მამაჩემმა სამზარეულო და საძინებლის ავეჯი შეიძინეს. მთელი ცხოვრების მანძილზე, ჩემი მშობელი ვერ მეუბნებოდნენ, რა ამაგი გასწიეს ჩემზე, იმიტომ, რომ იმ წუთში ვეუბნებოდი – ჩემი ჰონორარით, გაიხსენეთ, სად გძინავთ -მეთქი.

ხუთი წლის ბიჭი, უკვე ლეგენდარული არტისტების გვერდით იდექით…

ეს მართლაც საოცარი გუნდი იყო. სესილია, მე ორი ადამიანი მეგონა, ვერასდროს ვცნობდი. კინოგადაღება ისე დასრულდა, სესილია თუ ერთი და იგივე ადამიანი იყო, ვერ ვხვდებოდი. ერთი სესილია იყო, რომელიც პაპიროსს ეწეოდა და ხშირად იმეორებდა - „მაიტა სიგარეტი, ვზივარ დილიდან აქ და კური, კური, კური, კურიო,“ ამბობდა.

მეორე – ოლღა ბებია იყო, რომელიც საოცარ გარდასახვას აკეთებდა. იმ დროს, 56 წლის იყო, აქედან გამომდინარე, შეუძლებელი იყო გეფიქრა, რომ ეს ის სესილია იყო – სიგარეტით ხელში ქალი. გადაღებებზე მანგლისში, ძირითადად ბებიას დავყავდი, ერთხელ დედაჩემი ჩამოვიდა.

აივანზე სხედან ილიკო და ილარიონი (ჟორჟოლიანი და ტყაბლაძე) და ნარდს თამაშობენ. რომ დაგვინახეს, გრიშამ ჩაილაპარაკა – დამეწვა გული, ნახეთ რა ბედნიერია ახლა ბავშვი, არადა, გულამოსკვნით ატირებენ -ხოლმეო.

დედას ღიმილი შეაშრა, მისალმების სურვილიც კი გაუქრა და ჰკითხა, ბატონო გრიშა, ვისზე ამბობთო! გიაზე, შენ რომ ქალაქში მიდიხარ, ბებიამისი ცემსო.

გაგიჟდა დედაჩემი, არადა, ცხოვრებაში ხმამაღალი სიტყვა არ ჰქონდა ნათქვამი. ჟორჟოლიანმაც კი დაუდასტურა, ნამდვილად ასეაო და თან კამათელი გაუგორა.

სახლში რომ დავბრუნდით ჰკითხა, თურმე მე რომ მოვდივარ, გიას სცემ და რა ხდება, რას აშავებსო! ბებიაჩემმა უპასუხა, ეგენი ციგნები არიან, იტყუებიან, გრიშას ძალიან მოსწონხარ, ასე ამბობს, აქ რომ არის, უფრო დიდი სიამოვნებით ვთამაშობო.

ზაფხული იყო, ძალიან ცხელოდა. მთელი დღე, ერთ პატარა ღრუბელს ველოდებოდით. ფილმის ოპერატორი ტიტე კალატოზიშვილი იყო. იმ კადრში, სადაც ზურიკელა ატესტატით ბრუნდება, პატარა ღრუბელი ჩანს, ამიტომ დიდხანს გრძელდებოდა გადაღებები.

ომის დაწყების დროს კი, შავი ღრუბლები გვჭირდებოდა. ომი დაიწყო, ამ დროს გაისმის მუსიკა და კუპრივით შავი ღრუბელი მოდის. ასეთი ჩანაფიქრი ჰქონდა თენგიზს, არადა გადასარევი ამინდი იყო, ლურჯი ცა და საშინელი გვალვა.

საბარგო მანქანის მძღოლი იყო ვინმე გურამი, რომელმაც გვითხრა, სასულიერო პირები (ქრისტიანულ-პროტესტანტული სექტა) ლოცულობენ წვიმის მოსასვლელად, წამოდით გიჩვენებთო. ვხედავ, ლოცვით მოდიან და გზადაგზა ქვებს ატრიალებენ. ამ სურათმა, უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

– ქვების გადატრიალება, რას ნიშნავდა?

მეც ეგ ვიკითხე და გურამმა მიპასუხა, ღმერთს აჩვენებენ, რომ მეორე მხრიდანაც მშრალია და სთხოვენ, წვიმა მოიყვანოსო. რომ დავბრუნდით, თენგიზს მოვუყევი რაც ვნახე. უცებ, მოტრიალდა და თავის თანაშემწეს უთხრა – გაამზადეთ ყველაფერი, ხვალ გადაღება გვექნებაო!

გაგიჟდა ხალხი! ამ მოწმენდილ ცაზე, რა დროს გადაღებააო. მოამზადეთ, ხვალ წვიმა დაიწყებაო. თენგიზმა დაიჯერა, რომ მათი ლოცვა ღმერთთან მიაღწევდა. მართლაც, მეორე დღეს საშინელი წვიმა წამოვიდა – გახსოვთ ალბათ ფილმიდან, კუპრივით შავი ღრუბლის კადრი. შეიძლება ითქვას, რომ კინოსთვის ეს კადრი, მართლაც ღმერთის საჩუქარი იყო.

სასწაულების გჯერათ?

არ მჯერა, მაგრამ ცხოვრებაში ბევრჯერ შევხვედრივარ ასეთ სასწაულებს და ვფიქრობ, რომ ალბათ ეს ყველაფერი, მხოლოდ შემთხვევითობაა.

ბავშვობაში სახლიდან ჩუმად გამიყვანა მეზობელმა - აკვნიდან ამომიყვანა, წამიყვანა ქაშუეთის ტაძარში, მომნათლა და უკან დამაბრუნა. ჩემი მშობლები, საღამოს სახლში რომ დაბრუნდნენ, მე უკვე ჯვარი მეკიდა ყელზე. გამოცემით ვიცი, როცა მოსანათლად მიმიყვანა, მღვდელმსახურმა უთხრა, საეკლესიო სახელი გიორგი უნდა დავარქვაო, რადგან ბეჭზე, წმინდა გიორგის ხალი აქვსო.

ჩემ ნათლიას უთქვამს, ისედაც გიორგი ჰქვიაო – საოცარი დამთხვევა იყო. მას შემდეგ, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი. მახსოვს, მე და დედაჩემს ქუჩაში შეგვხვდა, ღვთიური სილამაზის ქალი იყო და გულში გამიელვა აზრმა, ალბათ ზეცაში რომ სირინოზები მღერიან, ასეთი ლამაზები არიან-მეთქი.

მას შემდეგ, არა მარტო მართლმადიდებელი, არამედ ყველა დიდ საეკლესიო საქმეებში, მათ შორის მახათას მთაზე, ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის გახსნის ორგანიზატორიც ვიყავი.

რომელი ფილმით გახდით, პოპულარული?

შემდეგი ფილმი „ცეროდენა რაინდები“ იყო. პოპულარული ძირითადად, ამ ფილმის შემდეგ გავხდი, რადგან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“ ვერ მცნობდნენ. რეჟისორებმა ნელი ნენევამ და მისმა მეუღლემ, გენო წულაიამ გადამიღეს.

გადაღების პროცესში მივხვდი, რომ მთავარ გმირს ვთამაშობდი. ძალიან ამბიციური ბავშვი ვიყავი, მაგრამ ამ ფილმის შემდეგ, გამიარა და მას შემდეგ არანაირ ამბიციას აღარ შევუწუხებივარ.

„ცეროდენა რაინდებს“ მოჰყვა ფილმები ჩემი მონაწილეობით – „ვინ შეკაზმავს ცხენს“, „ბიჭი და ჩიტი“. სერიალი „ყავა და ლუდი“ და სხვა. ჩემს მიერ შესრულებული ბოლო ფილმია რეჟისორ ლევან თუთბერიძის – „სამურაი დასვენების ჟამს“, სადაც ქალაქელ კაცს, გრიშას ვთამაშობ.

რამდენად მისაღებია, როცა ბავშვი ამბიციურია?

იცით რა, „სახადივით“ არის! ბავშვობაში უნდა მოიხადო, ზედაპირულად მაინც უნდა დაიკმაყოფილო შენი გრძნობები. მიხვდე, რომ რაღაცას წარმოადგენ და მერე არსებითად გაარკვიო, სად ხარ საჭირო და სად არა. რაღაც პერიოდის მანძილზე, სტიმულის მომცემია.

მშობლებზე მოგვიყევით…

დედა - ჯულიეტა ბერიძე სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავე, კარგი გარეგნობის ქალბატონი იყო. სხვათა შორის, ცეკვა „ქართულის“ ერთ-ერთი ილეთი, სადაც ქალის სოლო იწყება და მარჯვენა ხელი უკან ჩამორჩება, დედას მოფიქრებულია – თითქოს, ხელი ქარმა დატოვაო, რაც დღემდე კლასიკურ ვარიანტად დარჩა.

მე რომ დავიბადე, ცეკვას თავი დაანება. მახსოვს, სულ ლიმონას (თეთრი ბაირაღები) შესახებ მიყვებოდა, რომელიც ახალგაზრდობაში მისი მეგობარი იყო. ობლად ვიზრდებოდი და ძალიან გვიჭირდა, კვირაში ერთხელ, ჩემ წიგნებში 25 მანეთს ვპოულობდიო. ყველამ იცოდა, რომ ეს ლიმონას გაკეთებული იყო, მთელი ეზო ცდილობდა, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ დავიჭირეთო.

სწორედ, იმ დროს გაიცნო მამაჩემი დორიან კიტია, რომელიც საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფკავშირების წევრი, არქიტექტორი, რომლის დაარსებული იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯაზი და თეატრი.

დორიანი მეტსახელია?

მეტსახელია, ძალიან კარგი გარეგნობა ჰქონდა და ოსკარ უაილდის ცნობილი რომანის „დორიან გრეის პორტრეტის“ პერსონაჟის გამო, რომელიც ბოლომდე შემორჩა. სხვათა შორის, სახელმწიფო ჯილდოებიც მიღებული აქვს, როგორც დორიანს.

სინამდვილეში ნოშრევანი ერქვა, როგორც ქართული ზღაპრის გმირის, მეფის სახელი, რომელსაც 21 შვილი ჰყავდა. ბაბუაჩემის ოცნება იყო ბევრი შვილი და ამიტომ ეს სახელი დაარქვა. მერე დარჩა დორიანად, ძალიან კარგად მღეროდა და კარგი გარეგნობაც ჰქონდა.

მე -20 საუკუნის მეორე ნახევარში ფაქტობრივად, არ დარჩა არც ერთი ხელოვნების სფერო, სადაც ღრმა კვალი არ დატოვა. 1975 წელს, მოსკოვის ახალგაზრდული ფესტივალის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. გია ყანჩელი, ჯანსუღ კახიძე, ნანი ბრეგვაძე, ილიკო სუხიშვილი ახლო მეგობრები იყვნენ.

შექმნეს ახალგაზრდა ორგანიზაციათა, სადაც შევიდა კომკავშირი, როგორც ერთ-ერთი ორგანიზაცია - მამა ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელი იყო. ამ დროს, კომკავშირის პირველი მდივანი, ედუარდ შევარდნაძე იყო.

ამის შემდეგ, მოზარდ მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელი იყო, რამდენიმე ხნის შემდეგ, რუსთაველის თეატრის, სამხატვრო ფონდის, მუსიკალური ფონდის დირექტორი და სიცოცხლის ბოლომდე, ფილარმონიის დირექტორი იყო.

რომელი სკოლა დაამთავრეთ?

ვსწავლობდი 35-ე სპორტულ სკოლაში და დავამთავრე 147 -ე საშუალო. იმდენად კარგად ვსწავლობდი, ჩემ მშობლებს სამედიცინოზე უნდოდათ ჩამებარებინა.  მე თეატრი მიზიდავდა, ამიტომ სკოლა დავამთავრე და იმავე წელს, მოსკოვში გავიპარე.

1973 წელს ჩავაბარე მოსკოვში „ ГИТИС“ -ში სარეჟისორო ფაკულტეტზე. როცა მოვეწყვე, მხოლოდ ამის შემდეგ გავაგებინე მშობლებს ჩემი წარმატება.

პირველი სპექტაკლი მოზარდ მაყურებელთა თეატრში დავდგი – „წითელკანიანთა ბელადი“ და ამის შემდეგ, „თოვლის დედოფალი“.

დიდხანს დარჩით მოსკოვში?

საკმაოდ, სამხედრო სამსახურშიც იქ ვმსახურობდი, ფაქტობრივად, იქ ავითვისე ჩემი პროფესია. ამის შემდეგ, ცოლი შევირთე, ქორეოგრაფი ლუბა შკუნოვა, რომელიც ქ. რიგიდან არის. ჩემ სპექტაკლებში, ქორეოგრაფია მას ეკუთვნის.

გვყავს ორი ქალიშვილი – ნინო კიტია, რომელიც თეატრის მხატვარია და მარი კიტია – მსახიობი, ასევე - ხუთი შვილიშვილი.

თბილისში დაბრუნების შემდეგ, სად მოღვაწეობდით?

25 წლის განმავლობაში, მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეჟისორი ვიყავი. ამავე დროს, ვასწავლიდი თეატრალურ ინსტიტუტში, სადაც დღემდე ვარ. მიშა თუმანიშვილის ასისტენტად ვმუშაობდი და გარდაცვალების შემდეგ, მისი ჯგუფები გადმომაბარეს.

რატომ, საბავშვო თეატრის რეჟისურა?

ხუთი წლის ასაკიდან ვოცნებობდი, რომ საბავშვო თეატრის რეჟისორი გამოვსულიყავი. მოსკოვში როცა ვსწავლობდი, საცირკო სასწავლებელშიც კი წავედი, გენიალურ რეჟისორ მარკ მისტიშკინთან.

მოსკოვში დავდგი „ბრემენელი მუსიკოსები“, სადაც მასხარას როლს, ლეგენდარული რუსი მსახიობი იური ნიკულინი თამაშობდა. მოსკოვში, პირველი „ახალგაზრდული ფესტივალის ოლიმპიადა 77“ -ის რეჟისორის ასისტენტი ვიყავი, ჩემი მეუღლე კი, ქორეოგრაფი.

რა თქმა უნდა, ეს შემთხვევითი არ იყო. რეჟისორები, ძირითადად, საბავშვო თეატრში მიდიან იმიტომ, რომ რაღაც გარკვეული „ტრამპლინი“ გაიარონ. იშვიათად ხდება, როცა რეჟისორი საბავშვო თეატრში რჩება. ვფიქრობ, რომ თეატრი, ბავშვებს უფრო სჭირდებათ, ვიდრე დიდებს.

ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, სამედიცინო კუთხითაც. ბავშვი, თეატრში მაინც უნდა დარწმუნდეს, რომ შეიძლება არსებობდეს სიყვარული, მეგობრობა, ურთიერთობა, პატიოსნება – იქ მაინც უნდა დაარწმუნო, რომ ეს ზღაპრები, შეიძლება იყოს სინამდვილეც.

ძალიან გაუჭირდება ცხოვრება, როცა შეეჯახება, რომ ეს ყველაფერი არ არსებობს და ტყუილია, ამიტომ რაღაც საბაზისო სჭირდებათ. ვინაიდან ცხოვრებაში ამას ვერ ხედავს, არარეალიზებული სურვილები რჩება და ეს მის რთულ ხასიათში გადაიზრდება, ასეთი ბავშვები ბევრი გვყავს დღეს, ამიტომ საბავშვო სპექტაკლი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ძალიან ფრთხილად უნდა დაიდგას.

არ მახსოვს, რომ როდისმე ვინმე გამეგდოს თეატრიდან. არ შეიძლება, თეატრიდან პენსიონერი ქუჩაში გააგდო და მერე დადგა „თოვლის დედოფალი“, სადაც ბებიაზე, სიკეთეზე და სიყვარულზეა საუბარი.

ასევე სტუდენტებთანაც, რაღაცას ასწავლი, ქადაგებ და ამ დროს ფულის გამო კომპრომისზე წახვიდე. ამიტომ ყოველთვის მირჩევნია, თვითონ დავთესო და თვითონვე მოვიმკა.

ბავშვები გარკვეული წლები, არარეალურ სამყაროში და ზღაპრებში ცხოვრობენ…

რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ეტაზე, საკუთარ თავში არიან ჩაკეტილები. უნდა არსებობდეს, გარკვეული ბალანსი. საკუთარი ცხოვრების რეჟისორი თავად არის და როლებსაც თვითონ ირჩევს. ბავშვი სწორედ, ზღაპრულ სამყაროში ვითარდება.

ზოგჯერ, შენგან ზღაპარი არ სჭირდება, თვითონ აქვს საკმარისი ფანტაზიის უნარი. ჩვენგან ცხოვრებისეული გამოცდილება სჭირდება, რომელსაც ზღაპრის მოყოლისას უზიარებ და ის ამ გამოცდილებას იღებს. თეატრში, როცა ბავშვი სპექტაკლს უყურებს, იდენტიფიკაციას აკეთებს რომელიმე გმირთან და იმ გმირს მიყვება, რომლის საქციელი, მისი ცხოვრების გამოცდილებაა.

საბავშვო თეატრი, ყველა თაობისთვის საინტერესო უნდა იყოს. როცა ბავშვი სპექტაკლზე თავს ბედნიერად გრძნობს, მშობელიც ბედნიერია. გული მწყდება, რომ დღეს აღარ ვაკეთებ საბავშვო წარმოდგენებს.

რომ შემოგთავაზონ, დაბრუნებით?

კი, როგორ არა, მაგრამ სპექტაკლის დასადგმელად არა. სიამოვნებით დავეხმარებოდი საბავშვო თეატრის შექმნაში. მაგრამ არ მგონია გამოვიდეს, ეს ძალიან რთული საკითხია, დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ამავე დროს, პოლიტიკური ნება სჭირდება, მთავარია, კომერციას არ ჰქონდეს ადგილი.

დღეს, თითქმის ყველა ბავშვი მიტოვებულია ტელეფონების ამარა და არავინ ფიქრობს მათზე. ეს ყველა ოჯახის პრობლემაა და ჩემი აზრით, 5-10 წელიწადში, ძალიან ცუდ შედეგს მოვიმკით.

ბავშვს ცოცხალი ურთიერთობები სჭირდება, რომელიც პრაქტიკულად აღარ არსებობს. თითქმის ყველა ბავშვი მიტოვებულია, პრობლემების ამარა. კინო, ინტერნეტი და წიგნი, ამას ვერ შეუცვლის.

 – სამომავლო გეგმები…

სამომავლო გეგმები დღეისათვის დაკავშირებულია ჩემ მოწაფეებთან. ამჟამად, სარეჟისორო ფაკულტეტის პირველი კურსი მყავს. ასევე, ჩემ ყოფილ მოწაფეებთან – გიორგი აფხაზავამ თავისუფლების მოედანზე „კამერული თეატრი“ გახსნა და მეც მასთან ერთად ვმოღვაწეობ.

არ მიყვარს, ფულზე მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ იციან ჩემი ფასი და საკმაოდ დიდ თანხას მიხდიან, მაგრამ ვთვლი, რომ ეს ჩემი მოქალაქეობრივი ვალია და ამაში ფული არ უნდა ავიღო, მხოლოდ უცხოეთის შეკვეთებზე ვიღებ თანხას.

ადრე ხშირად მიწევდა საზღვარგარეთ მუშაობა, ლექციებსაც ვკითხულობდი გერმანიაში, საფრანგეთში, აშშ -ში, სადაც კარგ ჰონორარსაც მიხდიდნენ.

რას ურჩევდით საზოგადოებას, განსაკუთრებით მშობლებს?

ვეტყოდი, რომ ბავშვებს მიხედონ, თორემ მომავალი არ გექნებათ, არც თქვენ და არც საქართველოს! განსაკუთრებით, ამ პანდემიის დროს, ყველაზე დიდი საზრუნავი, უნდა იყოს ბავშვი! ყოველთვის ასე იყო, მაგრამ იმ დროს, ნამდვილად ცდილობდნენ ეზრუნათ.

„ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს!“ – ეს არ იყო ლიტონი სიტყვები. აღარ არსებობს საბავშვო კინო, არც თეატრი. ავად სახსენებელი კომუნისტების დროს, საბავშვო თეატრებში, ხელფასები მეტად დიდი იყო, ვიდრე აკადემიურ თეატრებში.

ითვლებოდა, რომ შრომაც უფრო მძიმე და უფრო საჭიროც იყო. ამ ცხოვრებას, როგორც სპექტაკლს, ისე ვუყურებ, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად უნიჭო დადგმაა, განსაკუთრებით, უნიჭო მსახიობებით პოლიტიკურ არენაზე.

ჩვენი თაობების სახით, ბავშვებმა დაკარგეს გულშემატკივარი. მშობლები, იმდენად არიან თავიანთი საქმით დაკავებულები, ბავშვისთვის აღარ სცალიათ, მათი ტვინი და გონება, სხვა პრობლემებზეა გადართული.

ძირითადად, უკვე კომპიუტერი ზრდის მათ, ამიტომ საჭიროა, უფრო მეტი კომუნიკაციები და ურთიერთობები!