„ყველგან საფლავებს ვეძებდი“ – ლაშა ბექაურის ბებია მძიმე პერიოდზე

ბებო

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაურის ბებია, ეთერ წიკლაური ჟურნალ „თბილისელებთან“ ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს იხსენებს:

„2003 წელს წავედი. სამი ობოლი გავზარდე, ვასწავლე – ბიჭმა სასოფლო დაამთავრა, ლაშას დედიკომ ფიზიკა-ინფორმატიკის მიმართულება, პატარამ – საექთნო. 90-იან წლებში ძალიან გვიჭირდა სტუდენტების შენახვა. ეს წლები ყველასთვის ძალიან მძიმე იყო, მაგრამ სანამ სწავლას არ დაამთავრებდნენ, მანამდე ვერ დავტოვებდი და რომ მორჩნენ, მერე წავედი ემიგრაციაში.

მერე უფროსმა გოგომ ოჯახი შექმნა, ჩემს ბიჭს სამსახური არ ჰქონდა, მაგრამ გულხელდაკრეფილი არ მჯდარა, საქმე სულ ჰქონდა და ოჯახის მარჩენლის როლს ასრულებდა. საუბედუროდ, 2007 წელს ავარიით გარდამეცვალა. ამის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და ორი წელი აქ ვცხოვრობდი.

მეორე გოგო საბერძნეთში მყავდა თავის ოჯახით. შვილის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, გადავწყვიტე, ისევ წავსულიყავი, მაშინ ასე იყო საჭირო. ახლა ლაშიკოს დამსახურებით დავბრუნდი. მას ძალიან უყვარს დიდი ოჯახი, ყველა ერთად რომ ვართ, ბედნიერია. ახლა მოდის და სულ მეფერება, – რა ბედნიერებაა, არ მჯერა, რომ ჩვენთან ხარო.

ემიგრაციაში ცხოვრება არავისთვის არის მარტივი. იქ ისეთ რამეს რომ ვხედავდი, რაც აქ არ მქონდა ნანახი, საკუთარი თავის მშურდა, საკუთარი თვალების მშურდა, იმიტომ, რომ მე ვხედავდი და ჩემი შვილები – ვერა. არ მინდოდა, რამე კარგი დამენახა ჩემი შვილების გარეშე. საერთო ჯამში 17 წელი გავატარე ემიგრაციაში. თუმცა საბუთი მქონდა და ჩამოვდიოდი ხოლმე, ზოგჯერ ექვსი თვითაც დავრჩენილვარ.

შვილის დაღუპვის შემდეგ საერთოდ აღარ ვფიქრობდი იქ წასვლაზე, მაგრამ ყოველდღე რომ გავდიოდი საფლავზე, ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა იცვლება, საფლავზე იჯდები, სახლში თუ სხვა ქვეყანაში-მეთქი?! ასე იყო საჭირო და ისევ წავედი, მაგრამ პირველად ძალიან გამიჭირდა. სადაც მუშაობას დავიწყებდი, ყველგან საფლავებს ვეძებდი, რომ გავსულიყავი და ერთი ყვავილი მიმეტანა.

საბერძნეთი ქრისტიანული ქვეყანაა, ბევრი საერთო გვაქვს, მცირედი სხვაობებით. საბედნიეროდ, ქართველებს გვქონდა ეკლესია ქართველი მამაოებით, სადაც ისინი წირვას ატარებდნენ. მაგრამ სადაც არ უნდა იყო, შენი სამშობლოსა და სახლის გარეშე ძალიან რთულია,“ – ამბობს ეთერ წიკლაური.