ყოჩაღები არიან უკრაინელი გოგოები, ლიანდაგებზე ჩანთების თრევა ყოფილა ჯოჯოხეთი.. თან ორი შვილი რომ უჭირავს სიფრიფანა გოგოს ხელში - მაქარაშვილი

უკ

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი უკრაინაშია. ის მგზავრობს იმ უკრაინელებთან ერთად, რომლებიც კიევში, საკუთარ სახლებში ბრუნდებიან.

„ჯოჯოხეთი გამოვიარეთ წუხელ. კიევისკენ მიმავალი რამდენიმე მატარებელი საერთოდ გაჩერდა, ფეხზე დასადგომი ადგილიც აღარ ოყო ბაზანზე… 16 საათის მერე დავიძარით. 3 მატარებლის ხალხი ერთში შევეჭეჭყეთ და დავიძარით.

სახლისკენ მიმავალი ქალები, შვილებით, მოხუცი დედებით… მთელ მატარებელში ორი კაცი ვიყავით (დანარჩენები იბრძვიან), მე და კალიფორნიელი კონორი, რომელსაც ცალი ხელი არ აქვს და მეორეს ვერ იყენებს (ავღანეთის ომში ნაღმზე აფეთქდა). უსაფრთხოების გამო მატარებელში სრულად ჩააქრეს შუქი. ბავშვებიც კი ჩუმად არიან, ტელეფონის განათებასაც კი ერიდება ყველა. დაძაბულები, ნელა, პატარა გაჩერებებით, მაგრამ მივდივართ…

ერთ-ერთი გაჩერების შემდეგ მატარებელი აღარ დაიძრა. ელექტროობა მთლიანად გაითიშა. ფანჯრები ჰერმეტულადაა დახურული, კარიც მხოლოდ ავარიულად უნდა გააღოს მემანქანემ. არ იჭერს ტელეფონი, გარშემო სრული სიბნელეა. 2 საათში ბავშვებს მოშივდათ და აბუზღუნდნენ. კიდევ ერთი საათის შემდეგ უკვე დიდებმაც დაიწყეს ფორიაქი… 5 საათში პანიკა დაიწყო. ტირილი, კივილი, ფანჯრების ჩალეწვის მცდელობა… გვერდითა ვაგონებიდანაც იგივე ხმები ისმის.

6 საათის შემდეგ განთიადი დაიწყო და რამდენიმე სამხედრო მოვიდა. მსხვილი აფეთქება იყო და ვერავინ მოგცემთ გარანტიას რომ დღეს გახვალთო. არანაირი საკვები არაა მატარებელში, ვისაც რამე გვქონდა, ბავშვებს მივეცით… გადავწყვიტეთ ფეხით წამოვსულიყავით გზამდე, რომ ლვოვში ჩაგვეღწია. ჩავლაგდით, ავბარგდით და ოპაა, კონორას ხელები არ უმუშავებს, ჩემი ჩასაზიდია 600 ჩანთა. არა, მარტო არ მომიწია, ძალიან ყოჩაღები არიან უკრაინელი გოგოები, ჩამოცლაში სამხედროებიც მოგვეხმარნენ. მაგრამ ლიანდაგებზე ამ სიმძიმის ჩანთების თრევა ყოფილა ჯოჯოხეთი. თან რა გინდა რომ ქნა? ორი შვილი რომ უჭირავს სიფრიფანა გოგოს ხელში, სამ ჩანთას რას უზამს? თან ასეთი გოგო მატარებელში იყო მინიმუმ 100. თან ტელეფონი არ იჭერს, ანძები ლვოვის დაბომბვისას დაზიანდა გუშინ თურმე. კაი დიდი ხანია ასე არ დავღლილვარ, მაგრამ ახლა ყველანი ავტობუსში ვართ და კიევისკენ მივდივართ. ესენი სახლში ბრუნდებიან, მე ბაღი მაქვს ასაშენებელი. ასეთი ამბები თურმე ყოველდღე ხდება.“ - წერს მაქარაშვილი.