"ვტირი. რა შემიძლია ვუთხრა უკრაინელებს? ვერც მოვუბოდიშებ. ჩვენ ამ ომს, არავინ არასდროს არ გვაპატიებს!" - რუსეთის სახალხო არტისტის, ლია ახეჯაკოვას ემოციური პოზიცია

lia axejakova

რუსეთის სახალხო არტისტი, 83 წლის ლია ახეჯაკოვა, ქართულ მედიაში უკვე მეორედ აფიქსირებს თავის პოზიციას რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე.

რუსული მმართველობის წინააღმდეგ გამომსვლელ ხელოვანთა შორის, ის ერთ-ერთი მოწინავეა.

უცხოური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში, რუსული კინოსა და თეატრის ვარსკვლავი, ახეჯაკოვა, რუსულ ჯარს მოუწოდებდა, დაეტოვებინათ უკრაინა, უკან დაეხიათ, რადგან "ისინი არა რუსეთისთვის, არამედ პუტინისთვის და მის გარემოცვაში მყოფი ოლიგარქების გამო იხოცებიან"...

მსახიობმა "ტვ პირველის" ეთერში (ნინო არაზაშვილთან და ონისე ონიანთან) თქვა, რომ სტკივა უკრაინელი ხალხის ტკივილი, ტირის, მათთან ერთად იტანჯება და მიიჩნევს, რომ მათი ქვეყნის სახელით ჩადენილ სისასტიკეს, არავინ არასდროს არ აპატიებთ.

ლია ახეჯაკოვა: მსოფლიოს ისტორიაში, მსახიობი, უკვე მეორედ გადაიქცა მძლავრ პიროვნებად, უკრაინისთვის ასეთ ტრაგიკულ დროს. ერთია რეიგანი, ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტი ამერიკისა და მეორეა - ზელენსკი, რომელსაც თავს საშინელება დაატყდა. ის ღირსეულად და თავმოყვარეობით პასუხობს იმ მოვლენებს, რომელიც მის სამშობლოს დაატყდა თავს. მამაცურად იქცევა, მას მსოფლიო ტაშს უკრავს. როცა ამას ვხედავ, მეტირება. ხანდახან მესმის ასეთი რამ, მსახიობები თითქოს ვართ ჯამბაზები და ცარიელი ადამიანები. ეს რომ აღარ გვიწოდონ, ამიტომ  ეს მსოფლიოს მაგალითი დაინახონ. მე მსახიობების ოჯახში გავიზარდე. მსახიობები ჭკვიანი, დიდი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები არიან. ზელენსკი კი ამის მაგალითია.

ჩვენთან ახალი კანონებია შემოღებული, რომლითაც სიმართლეს უწოდებენ ფეიკებს, ფეიკებს უწოდებენ სანდო ინფორმაციას. ჩვენს ცხოვრებაში არეულია ყველაფერი. გაქრა ჩვენთვის ისეთი მნიშვნელოვანი მედიის საშუალება, როგორიც არის "დოჟდი", "მედუზა"... მხოლოდ "ნოვაია გაზეტა" დამრჩა და ისიც ვერ ბედავს ეს რაღაც ახალი კანონები დაარღვიოს.

ჯერ კიდევ არის იუთუბი და შეგვიძლია შესანიშნავი უკრაინელი ჟურნალისტების მუშაობის ნახვა. ვიღვიძებ თუ არა, ვრთავ იუთუბში ყველაფერს, რისი ჩართვაც შეიძლება, რომ გავიგო რა ხდება უკრაინაში...

იმის ყურება შეუძლებელია, რას უშვებიან ადამიანებს. ეს პირდაპირ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. ჩვენი ბიჭები ბომბავებ საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, სამშობიაროებს. არ დაინდეს საბავშვო ბაღები და სკოლები. ამას ვერ ვიგებ... ეს არ არის ომი, ეს არის სპეცოპერაცია. ჩვენი სახელით იღუპებიან ბავშვები და ნადგურდება ყველაფერი. ჩვენი ბიჭებიც იღუპებიან. ჩვენი ოფიცრებიც და გენერლებიც... იღუპება მოსახლეობა, საშინელია ეს რისხვა და ტკივილი. 

ერთმანეთს ვურეკავთ, ყველა ტირის. ვიღაც უკრაინიდანაა წარმოშობით, ვიღაცას იქ ნათესავები ჰყავს, ვიღაცას მეგობრები, ახლობლები. ჩვენ რუსეთის მოქალაქეები ვართ პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე და ჩვენ არაფრით არ შეგვიძლია დახმარება. 

რა შემიძლია მე ვუთხრა უკრაინელ ხალხს. მე ვტირი... მათთან ერთად ვიტანჯები. ვერაფერს ვეტყვი. ვერც მოვუბოდიშებ. ჩვენ ამ ომს, არავინ არასდროს არ გვაპატიებს!