ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
პოეტი ბესიკ ხარანაული ბოლო დროს ხშირად წერს ომის თემატიკით ინსპირირებულ ლექსებს. ის ღიად აფიქსირებს თავის დამოკიდებულებას რუსეთ-უკრაინის ომზე.
„დღეს ომია უკრაინაში. უკრაინა ამარცხებს რუსეთს, რომელსაც ჩვენს მიწაზეც უწყვია ფრთები ლაღად.
დღეს უკრაინა ღვრის სისხლს ჩვენთვისაც ისე, როგორც მთელი კაცობრიობისთვის“ - ამბობს ხარანაული.
პოეტმა "პრაიმტაიმთან" საუბარში დასძინა, რომ რუსეთი, რომელიც თვლის, რომ მას საზღვრები არ აქვს, დრამატურგიულად მარცხისკენ მიდის...
ბესიკ ხარანაული: ორი კულტურის ომი მიდის. როდესაც ქვეყანაში კულტურა დავარდნილი და დაჩოქილია, როდესაც უკულტურობაა, ის ქვეყანა ყოველთვის წააგებს. მე ამის იმედი მაქვს.
ვინც ჩამორჩება კულტურით და ძველმოდურია, ის წააგებს.
ტყუილის ხელოვნება იყო საბჭოთა კავშირი და რუსეთის იმპერია. დღესაც რომ ბატონობა და ქვეყნიერების დაპყრობა-ძალაუფლებაზე იბრძვის, ეს ძველმოდურია, აბა, რა არის? მათ კულტურა არც ჰქონიათ და არც ექნებათ. აი, ამ უბრალო მიზეზის გამო წააგებენ.
ეს სცენა არ დამავიწყდება: პუტინისთვის პატარა ბავშვს აკითხინეს, სად არის რუსეთის საზღვრებიო, პუტინმა კი უპასუხა, რუსეთს საზღვრები არ აქვსო! წარმოგიდგენიათ?! ყველაფერი საზღვრებით არსებობს. ამ დროს რუსეთს არ აქვს საზღვრები! ასე სურს! მათ არაფერში აქვთ საზღვრები, არც სინდის-ნამუსში და არც ბოროტებაში. ხომ ხედავთ, რა საძაგლები აღმოჩნდნენ. ამ დროს მეორე მხარე, უკრაინა, თითქოს, განგებ შეუმცდარად იქცევა. სულგრძელიც არის, მამაციც, მართალიც...
როგორც სკივრში ნაგავს, ისე ინახავდა ევროპა რუსეთს. სკივრს თავი არ ახადო, არ შეიძლება, თორემ ამოვარდება... მყრალიაო... სინამდვილეში ხომ ხედავთ, მარტივი სიმართლის წინაშე, თურმე არაფერი შეუძლიათ.
მარტივი და საყვარელი ხალხია უკრაინელები. ეს ჩვენთვის ჭკუის სასწავლებელია. უბრალო უკრაინელი ხალხისგან უნდა ვისწავლოთ ყველაფერი. სახეზე გვაქვს აფარებული უკრაინელების გმირობა და სიმართლე.
უკრაინა ნიკოლოზ გოგოლის სამშობლოა. გოგოლი ერთ-ერთი უდიდესი მწერალია დედამიწაზე. ძალიან მიყვარს. ყოველთვის ვგიჟდებოდი მასზე. მისი სამშობლოს დარდით გარდაიცვალა...
უკრაინა ხომ არსად სათვალავში არ ეწერა. რუსეთისთვის ხომ საერთოდ არ არსებობდა. მაგრამ ხომ ნახეთ! როგორ გამოიჩინეს თავი და მსოფლიოს რა სახით დაენახნენ. ამოყარეს მყრალი რუსეთის ნაგავი. სინათლემ უნდა დაჰკრას და ეგ არის.
ყველაფერი ისე დაიძრა და იქითკენ მიდის, რომ დრამატურგის ყველაზე მაღალი კანონებით, რუსეთი უნდა განადგურდეს.
დანარჩენი ლექსებში მაქვს.