დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის იყო მფრინავი ზაზა ლორია, რომელსაც 37-წლიანი გამოცდილება ჰქონდა.
ზაზასთვის მფრინავობა ბავშვობის ოცნება იყო. სკოლის დასრულების შემდეგ საავიაციო სასწავლებელში ჩააბარა და ამ ოცნების ასრულებისთვის ყოველდღიურად მუშაობდა.
2017 წელს ზაზა ლორია „მამაცობისთვის“ დააჯილდოვეს. იმავე წელს თეა პერტაიამ მფრინავის შესახებ ასეთი რამ დაწერა:
„ეს პატარა საბაა. ის პოლიციის ვერტმფრენს „ბაბუს“ ეძახის...
მისი ბაბუა შსს-ს გმირი მფრინავია. დღეს იგი გიორგი მღებრიშვილმა მამაცობისთვის მედლით დააჯილდოვა, მისი ოჯახის წევრები ამაყობენ... პატარა საბასთვის კი ბაბუ ადამიანია, რომელიც ყველაზე მაღლა დაფრინავს, რომელიც მას ყველაზე მეტად ანებივრებს, რომელსაც უნდა, რომ ჰგავდეს და რომელიც მისთვის ყველაზე ძლიერია, არწივსაც კი სჯაბნის
მართლაც, ვერტმფრენი, სახელად “ბაბუ“ ყოველდღე საქართველოს ემსახურება. უკვე მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და კიდევ ბევრის იმედია... მაგარი ბაბუა ჰყავს საბას - პოლკოვნიკი ზაზა ლორია, ის 30 წელზე მეტია, ჩვენს ქვეყანას ციდან გადმოჰყურებს. მის რელიეფზე ამოქარგული ყოველი ხაზი და ფერი იცის, მისი ტკივილი და სიხარულიც...
ვერტმფრენი“ ბაბუ“ ხვალ ისევ ცაში აფრინდება...“,- წერდა თეა პერტაია.
ზაზა ლორია თავის შვილიშვილს საკუთარი პროფესიის შესახებ ბავშვობიდანვე უყვებოდა და ბევრ რამეს ასწავლიდა. ზაზას სურვილი იყო, რომ მისი შვილიშვილიც მფრინავი გამოსულიყო.
„იმედის გმირებმა“ 2 წლის წინ ზაზა ლორიაზე სიუჟეტიც გააკეთა, სადაც ჩანს, როგორ ასწავლიდა იგი პატარა საბას ფრენას.