1733169705
„ცოლს ამწარებდა, გაშველების დროს მეც ძალიან ბევრჯერ თოფით დამმუქრებია“ - ადგილობრივი თავდამსხმელზე
საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს. ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება თავდამსხმელის შვილი, რომელიც სროლის დაწყებისას მამასთან ერთად სახლში იმყოფებოდა. რა ინფორმაციას მიაწვდის მძიმე ამბის მთავარი თვითმხილველი სამართალდამცველებს, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საგარეჯოში მცხოვრები ერთ-ერთი ადგილობრივი თავდამსხმელის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ კაცს კარგი ურთიერთობა არც ცოლ-შვილთან ჰქონია.
ადგილობრივის თქმით, თავდამსხმელი ნოდარ ათუაშვილი მეუღლესთან კონფლიქტისას გაშველების დროს, თოფით მასაც დამუქრებია.
„თავიდანვე არასერიოზულ საქციელებს სჩადიოდა. ცოლ-შვილთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა, ცოლს ძალიან ამწარებდა და ბევრჯერ ვარ ამათი შემთხვევის მოწმე და გამშველებელი. გაშველების დროს ძალიან ბევრჯერ დამმუქრებია მეც თოფით. ჯანმრთელი და ნორმალური ადამიანი, მეუღლეს ასე არ სცემს და ასე სადისტურად არ მოექცევა. საწყალ გოგოს ეშინოდა სიკვდილის და ყველაფერს მალავდა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „ტვ პირველთან“ საუბარში.
თავდამსხმელმა, ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი რამდენიმე მხრიდან გახსნა. დაღუპულთა შორის არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. კრიტიკულია ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა. მის გადარჩენას ექიმები ამ წუთებში ცდილობენ. რაც შეეხება, თავდამსხმელს - სპეცოპერაციის დაწყებიდან მალევე მან თავი მოიკლა.