საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო გამოკითხვაზე თავდამსხმელის შვილი იმყოფება

პოლიცია

საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება თავდამსხმელის შვილი, რომელიც სროლის დაწყებისას მამასთან ერთად სახლში იმყოფებოდა. რა ინფორმაციას მიაწვდის მძიმე ამბის მთავარი თვითმხილველი სამართალდამცველებს, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა. შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი ავტომატიდან ქუჩაში მყოფ ხალხს გაუხსნა.

გარდაცვლილთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ადამიანია, ერთი - შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ერთი კი თავად თავდამსხმელი, რომელმაც სროლების განხორციელების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა.

მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც. საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.