ცნობილია სად გაიმართება მიშა გომიაშვილის პანაშვიდი - მსახიობს 15 სექტემბერს დაკრძალავენ

მიშა გომიაშვილი

გარდაიცვალა ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი მიხეილ გომიაშვილი - ამის შესახებ ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი ფეისბუკზე ავრცელებს. მსახიობი, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

პანაშვიდი - 13, 14 სექტემბერს, გამოსვენება ხუთშაბათს, 15 სექტემბერს მარჯანიშვილის თეატრიდან, 15:00 საათზე გაიმართება. მისამართი: დ. უზნაძის ქ.12.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ გომიაშვილი 1994 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. მიღებული აქვს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ „ოქროს ნიღბის“ გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART- ხელოვნება“.

მონაწილეობდა ქართულ მრავალ ეპიზოდიან კრიმინალურ კომედიაში „ყავა და ლუდი". ასევე ფილმებში „კონფლიქტის ზონა (გასეირნება ყარაბაღში 2)" და „რენე მიდის ჰოლივუდში". 

მიშას მეუღლე კოსტიუმების მხატვარი ქეთი კალანდაძეა, რომელიც მსახიობის მესამე ცოლია.

პირველ მეუღლესთან, მსახიობ - ნინო კვიტატიანთან ჰყავს 33 წლის ქალიშვილი ნატალია, ხოლო მეორესთან 22 წლის ვაჟი – არჩილი. მიშა გომიაშვილი მსახიობ არჩილ (კოსტაია – ქართული მხატვრული ფილმიდან „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”) და ლიანა გომიაშვილების ვაჟია.

თეატრში შესრულებული როლები - პროფესორი (ამელი ნოტომი „საწვავი", რეჟისორი თათა პოპიაშვილი), ქართლოსი (მ. დოლიძე „მდგმურები", რეჟ. კანდიდ გურგენიძე), მსახიობი (ავთო ვარსიმაშვილი „ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია", რეჟ. ავთო ვარსიმაშვილი), მაცხოვარი (ილია ჭავჭავაძე „განდეგილი" , რეჟ. სანდრო მრევლიშვილი),

დიუპრე (პეტერ ვაისი „მარატ-სად"-ის მიხედვით „დირექტორი აბაზანაში", რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი), ანტონა (დავით კლდიაშვილი „უბედურება" რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი), ნიკოლოზი (ლაშა თაბუკაშვილი „თოვლივით თეთრი თოვლი" რეჟისორი ანდრო ენუქიძე), ექიმი ესტერმარკი (ავგუსტ სტრინდბერგი „მამა", რეჟ. თემურ ჩხეიძე) და სხვ.

ფილმოგრაფია: ხაფანგი (1992); ბედიანი (1993), სიყვარული ვენახში (2000) - (გიორგი); ძვირფასი მ (2000); ანთიმოზ ივერიელი (2001) - მსახიობი (მავროკორდატი); ჭერი, ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა (1992-2003); არის ასეთი ქვეყანა (2003); 6 და 7 (მისტიკური დრამა ადამი და ევას სულიერ ისტორიაზე, 2003);

მთვარიანი ველის სერენადა (2004); პირველი, ღმერთის შემდეგ (რუსეთი, 2005); ორი მუსიკოსი (2006) - ; კონფლიქტის ზონა (გასეირნება ყარაბაღში 2, 2009) (მღვდელი); რენე მიდის ჰოლივუდში (2010); უშენოდ მგონი მოვკვდები (2010) - (რომა);

დარჩი ჩემთან (2011) ; ყველა წავიდა (2012) - (დალაქი); პრეზიდენტი (2014) - (პრეზიდენტი); თვე, როგორც ერთი დღე (2016) - ; მტრები (2017) - ; მძევლები (2017) - (თენგიზი); კახეთის მატარებელი (2018) - (მიშა, მამა); ერთი საათი (2015-2020) - მსახიობი.