ანდრია ჯაღმაიძე: საღვთისმეტყველო აზრით, სუროგაცია არის დარღვევა, ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემები სხვა გზით არის მოსაგვარებელი, სუროგაცია ამას არ შველის

ანდრია ჯაღმაიძე

დიდი ხანია, სუროგაციის პრობლემაზე გვესმის. ჩვენამდე მოდის ძალიან ბევრი ფაქტი იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ამ მიმართულებით სამედიცინო სფეროში ხდება, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ისეთი ფაქტებია, როგორიც არის ადამიანის უფლებების დარღვევა, რაც ფაქტობრივად ტრეფიკინგთან არის ძალიან ახლოს.

„ხდება ადამიანის ორგანიზმის ექსპლუატაცია, ხდება ახალშობილი ჩვილების გაშვილება. ძალიან მძიმე ფაქტების შესახებ გვაქვს ცნობები. მივესალმებით მის სრულ აკრძალვას. ეს არის იმდენად ტექნოლოგიური სფერო, რომ ნახევარი ზომით აკრძალვა აუცილებლად გამოიწვევდა უკონტროლო პროცესებს. ჩვენ ალბათ საკანონმდებლო პირობებში ვერ ჩავერევით, თუმცა საღვთისმეტყველო აზრით, სუროგაცია არის დარღვევა. არაბუნებრივი პროცესია, როდესაც ბავშვი იმყოფება იმ ქალის მუცელში, რომელიც მერე დედად არ შერჩება და ქალი მას შვილად არ აღიარებს. ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოლოგიურად ძალიან განვითარებულ დროში, როდესაც ტექნოლოგიები შესაძლოა, ადამიანის სულიერ პროცესებს მაინცდამაინც არ უწყობდნენ ხელს“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემები სხვა გზით არის მოსაგვარებელი.

„სუროგაცია ამას არ შველის. ჩვენ დიდი ხნის წინ გვქონდა დაწყებული ამაზე საუბარი და პერიოდულად სხვადასხვა საკითხებს გავდიოდით. ეს იყო პატრიარქის ინიციატივა, რომ ამაზე საუბარი დაგვეწყო ხელისუფლებასთან, თუმცა როდესაც დავიწყეთ საუბარი, აღმოჩნდა, მათაც ჰქონდათ შესწავლილი თემა და დაწყებული ამაზე ფიქრი“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.  

✕