შაქარი დეფიციტშია? - რას ამბობენ ქსელურ მაღაზიებში

შაქარი

​უკვე მეორე დღეა, რაც სოციალურ ქსელში სხვადასხვა სუპერმარკეტიდან ცარიელი დახლების ფოტოები ვრცელდება. მოთხოვნადი - ზეთი, შაქარი და ფქვილი აღმოჩნდა.

როგორც „ორ ნაბიჯში" ამბობენ, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, შაქარზე მომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნა და ამ ეტაპისთვის, არც ერთ ფილიალში არ აქვთ. 

„ფრესკოში“ კი გვითხრეს, რომ შაქარი მარაგშია და ჯერჯერობით მისი ფასიც უცვლელია. რაც შეეხება „სპარს“- სუპერმარკეტში ამბობენ, რომ მარაგი არის. ხოლო თუ, რომელიმე პროდუქტი თაროზე აღარ დევს, დღეს ან ხვალ შეივსება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგების მხრივ, არანაირი დეფიციტი არ არსებობს.

„დღეს არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს მხრიდან საჭირო მიმართულებების მხარდაჭერა, ასევე ბიზნესისგან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. იმპორტიორებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისგან მივიღეთ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ; სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მაქსიმალურ კოორდინაციაში ვიმუშავებთ იმპორტიორებთან და მიმწოდებლებთან“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.