კარდენახში, 32 წლის მამაკაცი მოკლეს - ექიმის თქმით, გარდაცვლილს მთელი სხეული დამტვრეული ჰქონდა

მკვლელობა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 32 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა სოფელ კარდენახში წუხელ მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდების ჯგუფი საქეიფოდ იყო, რის შემდეგაც მათ ერთმანეთთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდათ.

ერთ-ერთმა მათგანმა, 32 წლის ახალგაზრდას, ავტომანქანა წინასწარი განზრახვით დააჯახა.
დაშავებული გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალის“ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ექიმების განმარტებით, მას სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა მიყენებული. 

„შინაგანი ორგანოები დახეთქილი ჰქონდა. ჩავუტარეთ ოპერაცია, მაგრამ თავი, გულმკერდის არე, მთელი სხეული დაფარული ჰქონდა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრავმებით“, -  განაცხადა კლინიკის დირექტორმა, გელა ორველაშვილმა.

გარდაცვლილი გურჯაანის პროზექტურაში გადასვენებული. პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.