1790439033
პროკურატურამ ოთხ პირს „კანონიერი ქურდობისა“ და მკვლელობის მომზადებისთვის ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობი“-ს, „ქურდული სამყარო“-ს წევრობისა და ოზურგეთში ჯგუფურად გაზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყარო“-ს ორმა წევრმა, პირადი შურისძიების მოტივით, მკვლელობა დაგეგმეს. უშუალოდ შემსრულებლად თბილისიდან გურიაში ჩაიყვანეს მათი გარემოცვის წევრი, რომელსაც დაკავების შემთხვევაში დაჰპირდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში მხარდაჭერას, მფარველობას და მატერიალურ უზრუნველყოფას.
ბრალდებულებმა შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, შეისწავლეს მსხვერპლის გადაადგილების მარშრუტი და შეარჩიეს თავდასხმის ადგილი. ისინი ასევე დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ და განსაზღვრეს მკვლელობის დეტალები.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის სისრულეში მოყვანამდე 25 სექტემბერს დააკავეს.
დაკავებულთაგან ორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ჯგუფურად) და 223 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა), ერთს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა“) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს;
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.










