მოსკოვის აეროპორტები დროებით დახურული იყო
1735226221
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის გუნდის წევრი, მაგდი ამაჩოვი, რომელიც წარმოშობით დაღესტნიდანაა, ერთ-ერთ იუთუბ-არხზე სტუმრობისას „ქართველ მანქანასთან“ გადამხდარ საოცარ ისტორიას იხსენებს.
„პენსილვანიიდან ლას-ვეგასში ჩავედი სავარჯიშოდ. მარტომ, ძალიან დიდი მანძილი გავიარე. თავიდან UFC Apex-ში მივედი, სადაც ჩხუბები იმართება და კარზე რამდენჯერმე დავაკაკუნე, მაგრამ არავინ მიღებდა. ვიდექი და ველოდებოდი... მოგვიანებით, დაცვის თანამშრომელი გამოვიდა და ეტყობოდა, რომ გაბრაზებული იყო, რადგან დიდხანს ვუკაკუნებდი. ვთხოვე, რომ სავარჯიშოდ შევეშვი, მაგრამ მიპასუხა, რომ აქ მხოლოდ ბრძოლები იმართებოდა და UFC PI-ში უნდა წავსულიყავი. ორი სპორტდარბაზი მირჩია და მეც ერთ-ერთში წავედი.
როდესაც მივედი და ვარჯიში დავიწყე, მოგვიანებით დავინახე, რომ დარბაზში კავკასიური იერის, წითური ბიჭი დადიოდა. გამიხარდა, ვიფიქრე ვინმე ჩვენიანი იყო. ვარჯიშის დროს მივესალმე, მან კი უცნაურად შემომხედა... ინგლისურად ვკითხე, სადაური იყო, მან კი მიპასუხა - „ქართველი“. მანაც მკითხა საიდან ვიყავი და ვუპასუხე, რომ დაღესტნიდან. შემომთავაზა, ვისპარინგოთო და მეც დავთანხმდი. სპარინგის შემდეგ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და მითხრა, რომ კარგი ვიყავი. ასაკი მკითხა და ვუპასუხე - „22 წლის ვარ-თქო“. მკითხა - „პროფესიონალი მებრძოლი ხარო? მე კი ვუპასუხე - „არა, პროფესიონალურ დონეზე ერთი ბრძოლაც არ გამიმართავს-თქო“. ის კი ამბობს - „ვარ გავიგე, მოყვარული ხარ?“ ჩემი პასუხი ამჯერადაც არა იყო. უფრო მეტიც, მაშინ ჩემს თავს მოყვარულ მებრძოლადაც არ ვთვლიდი, რადგან MMA-ში ვარჯიში სულ რაღაც 6 თვის დაწყებული მქონდა. მასაც გაუკვირდა, მაგრამ მითხრა, რომ დიდი მომავალი გაქვსო... ვარჯიში განაგრძე და არ გაჩერდეო... ახალგაზრდა ხარ და ყველაფერი წინ გაქვსო. მითხრა, რომ ვარჯიში 26 წლის ასაკში დავიწყეო და შენ 22 წლის ასაკში უკვე ასეთი შედეგი და ნიჭი გაქვსო... როგორც ჩანს მოვეწონე.
მოგვიანებით, UFC-ის ხელთათმანები გაიკეთა და გამიკვირდა. ვკითხე, UFC-ის მებრძოლი ხარ-თქო?.. კიო... საერთოდ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ აქ UFC-ის მებრძოლს შევხვდებოდი. ასე დავმეგობრდით. მოგვიანებით, როცა ილია თოფურია გამაცნო, მითხრა - „მაგდი, გაიცანი, ეს ილია თოფურიაა, ჩემი ძმა და მეგობარი“. ვერ ვიცანი, უბრალოდ ხელი ჩამოვართვი და ვთქვი - „სასიამოვნოა“, შემდეგ კი უკან მოვტრიალდი. მერაბმა დამიძახა და მითხრა - „მაგდი, ეს ილია თოფურიაა, რომელიც მალე ვოლკანოვსკისთან იბრძოლებს ქამარზეო“. სიმართლე გითხრათ, UFC-ის აქტიურად არ ვუყურებდი და მებრძოლებსაც ვერ ვცნობდი. მხოლოდ ორი ბიჭი ვიცოდი - ხაბიბ ნურმაგომედოვი და ისლამ მახაჩევი, ისიც იმიტომ რომ დაღესტნიდან არიან.
მერაბზე უფრო მეტს გეტყვით. მკითხა, სად ცხოვრობო. მე კი ვუთხარი, რომ ქალაქში ახლახან ვიყავი ჩამოსული. დარბაზში, სადაც ვვარჯიშობდით, პანორამული ფანჯარა იყო, საიდანაც პარკირებაზე გაჩერებული მანქანა ჩანდა და ვუთხარი, იქ ვცხოვრობდი და ქალაქში ახალი ჩასული ვიყავი. გაეცინა და მითხრა - „მანდ არ გინდა ყოფნა, ჩემთან წამოდი“. ასე წამიყვანა თავის სახლში. საოცარი ადამიანია... წარმოიდგინეთ, მასთან ერთად მხოლოდ ერთი ვარჯიში და სპარინგი ჩავატარე და მაშინვე თავისთან წამიყვანა. შესაძლოა, ჩემში რაღაც პოტენციალი დაინახა. თავის სახლში წამიყვანა, ოთახი მომცა და ახლა აქ ვცხოვრობ,“ - იხსენებს მაგდი ამაჩოვი.
წყარო: Crystalsport
ასევე ნახეთ:
ვინ არის „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი
ვინ არის ილია თოფურიას უმშვენიერესი რჩეული - წყვილი პირველ შვილს ელოდება