ვინ არის „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი

ფრანჩესკო კალცონა

„ნაპოლიმ“ მთავარ მწვრთნელად ფრანჩესკო კალცონას დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა.

„პარტენოპეიმ“ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. 55 წლის სპეციალისტმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვალტერ მაცარი ჩაანაცვლა, რომელიც აურელიო დე ლაურენტისმა ცოტა ხნის წინ წარუმატებელი შედეგის გამო გაათავისუფლა.

გავრცელებული ინფორმაციით, კალცონამ „ნაპოლისთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.

იტალიელი სპეციალისტი ბოლოს სლოვაკეთის ნაკრებში, ტექნიკური კომისარის თანამდებობაზე მუშაობდა, მანამდე კი რამდენიმე იტალიურ გუნდს წვრთნიდა.

რაც შეეხება ვალტერ მაცარის, ის „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად გასული წლის ნოემბერში დაინიშნა და ამ პოსტზე რუდი გარსია ჩაანაცვლა. იტალიელ მწვრთნელს აურელიო დე ლაურენტისი სოციალური ქსელით დაემშვიდობა:

მადლობას ვუხდი ვალტერ მაცარის, დე ლაურენტისების ოჯახის მეგობარს „ნაპოლისთვის“ რთულ მომენტში მხარდაჭერისთვის. ის სამუდამოდ დარჩება ნეაპოლიტანელთა და ჩვენი ოჯახის გულებში. კეთილი იყოს შენი მობრძანება ფრანჩესკო კალცონა. ის უკვე მუშაობდა ჩვენთან ჯერ სარისთან, შემდეგ კი სპალეტისთან“, - წერს დე ლაურენტისი.

ფრანჩესკო კალცონა მიმდინარე სეზონში „ნაპოლისთვის“ მესამე მწვრთნელი იქნება. საგულისხმოა, რომ 55 წლის სპეციალისტს დებიუტი 22 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „ბარსელონას“ წინააღმდეგ ექნება.

ასევე ნახეთ:

„ნაპოლიში“ მნიშვნელოვანი ცვლილებაა - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში

VIDEO: ხვიჩა კვარაცხელია Adidas-ის სახე გახდა - ნახეთ ქართველი ვარსკვლავის ვიდეო