დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დღეს, 22 იანვარს თემურ წიკლაურის დაბადების დღეა. მომღერალს 76 წელი შეუსრულდებოდა. ყველასთვის საყვარელი მომღერალი კორონავირუსს ებრძოდა, თუმცა ვერ დაამარცხა.
მომღერლის შესახებ უცნობი თუ ნაცნობი ისტორიების შესახებ ბევრჯერ დაწერილა. მისი გარდაცვალების შემდეგ მეგობრები სხვადასხვა ამბავს იხსენებდნენ. ერთ-ერთი ასეთი უცნობი ისტორიის შესახებ ნუგზარ კვაშალი ჰყვება.
ნუგზარ კვაშალი: – მიუხედავად დიდი ტრაგედიისა, რაღაცნაირი იყო, დასამახსოვრებელი. ორგანიზმში რა ტკივილი ჰქონდა, არავინ იცოდა, არ გაჩვენებდა. დაძვრებოდა უცხოეთში ექიმებში. ფორმაში უნდოდა ყოფილიყო. ისეთ სიმღერებს მღეროდა, არ შეიძლებოდა, რომ ძალა არ ჰქონოდა. ის რომ მღეროდა, ჩვენ ვიღლებოდით და წარმოიდგინეთ, მას რა მოსდიოდა.
ბელგიაში ხშირად დავდიოდით. თემურს იქ მეგობარი ჰყავდა, ნოდარ თეთრუაშვილი, რომელსაც ანტვერპენი იცნობს, როგორც ბიზნესმენს. ეს ამბავი ნოდარმა მომიყვა. ღამის სამ საათზე, რესტორანში, თემურს მისთვის უთხოვია, ლილი სასტუმროში მივიყვანოთ, მერე ისევ გავაგრძელოთ ქეიფიო. სასტუმრომდე 17 შუქნიშანი დავარღვიე, წითლებზე გავიარეო.
ნასვამი ვიჯექი საჭესთამ იმ იმედით, რომ იმ დროს არავინ შეგვხვდებოდაო. და სასტუმროსთან, გზაჯვარედინზე, ოთხივე გზიდან პოლიცია მოგვადგაო. ანტვერპენში პოლიციის კი შეეშინდა ცოტა თემურსო. საქართველოში რომ გადმოდიოდა მანქანიდან, გაგრძელება…
კიდევ ერთი ისტორია თემურ წიკლაურის შესახებ გოგონას ეხება, რომელიც მომღერლის მანქანაში გაჩნდა, მოგვიანებით კი წიკლაური მისი ნათლიაც გახდა. ამ ამბავს ჟურნალისტი მაია კახიძე იხსენებდა.
„ეს ამბავი კი კოჯორში დაიწყო, მერე თბილისში განვითარდა მოვლენები, შემდეგ ისევ კოჯორში გაგრძელდა და შემდეგ ისევ თბილისში. ერთი სიტყვით, ახალ „მთავარ როლში,“ არც მეტი, არც – ნაკლები, ჩვენი საყვარელი მომღერალი თემურ წიკლაური აღმოჩნდა.
მამა-პაპისეულ ეზო-კარში მოფუსფუსე თემურ წიკლაურს ოციოდე წლის კოჯრელი ოთო ფიჩხულიშვილი მიეჭრა:
– ვიღუპები, მიშველე თემური ძიაო! – თან მანქანისკენ ექაჩებოდა აფორიაქებული. თავიდან ვერაფერი გაიგო, მაგრამ ახალგაზრდა, დაბნეულ ბიჭს რომ შეხედა, მაშინვე საჭეს მიუჯდა. ორიოდე წუთში ყველაფერს მიხვდა. ცოლს მუცელი ასტკივდა და შინ კი არავინ იყო უფროსებიდან. ოთო ხომ ბალღი იყო და ცოლიც მთლად ბალღი ჰყავდა, ეს ორივე ბალღი კიდევ თავის ბალღს ელოდებოდა. მაშინვე ჩასვა მანქანაში და თბილისისკენ გამოაქანა.
გოგო გაუჩერებლივ კიოდა, ბიჭი „ბანს“ აძლევდა – გვიშველე, ძია თემურ, ჩქარა წადიო! ქარივით მოქროდა თბილისისკენ თემურ წიკლაური. მაშინდელი ენგელსის ქუჩაზე ჩამოვიდნენ თუ არა, მშობიარემაც დაიძახა:
– გააჩერე თემური ძია, მეტს ვეღარ მოვითმენო. გადაირია თემური, გადმოხტა მანქანიდან, დარბის, ყვირის, მიშველეთო, მაგრამ კაციშვილი არ ჩანს. სასწრაფოსაც დაურეკა. გაგიგონია?!
მერე, ცოტა გოგომ ივაჟკაცა, ცოტა ბიჭმა, ცოტა თემურ წიკლაურმა და შუაგულ სოლოლაკში მერცხალივით გოგო დაიბადა. ჰოდა, მაშინვე დასჭექა: მარიამი დაიბადაო! ამდენ ფაცი-ფუცში ნელ-ნელა ხალხიც მოგროვდა. როცა გაიგეს რაშიც იყო საქმე და უბანში გოგო დაიბადა, შეიქნა ერთი ამბავი: გადაკეტეს ქუჩა, ვინ თეთრეულს მოარბენინებდა, ვინ – წყალს… იმ უბნელმა ჟანამ კი თემურის მანქანის ძარაზე შამპანურები შემოდგა. საოცარი სანახავი იყო იმ ღამეს თბილისის შუაგული… ზოგი ტიროდა, ზოგი იცინოდა, ერთმანეთს ულოცავდენენ…
თემურ წიკლაურმა ყური მოჰკრა (მერეღა გაახსენდათ), აქვე ახლოს ცხოვრობს გინეკოლოგების ოჯახიო. მაშინვე მათკენ გაიქცა. კარი ახალგაზრდა ქალბატონმა ნინო მაჭავარიანმა გაუღო. ახლა ის დაიბნა კარზე მომდგარი თემური რომ დაინახა.
– ჭიპლარს რა უყავითო? – ეკითხება. რას უპასუხებდა თემური? მანქანისკენ გაიქცნენ….
შემდეგ კი ყველა საგზაო წესის დარღვევით, როგორც იქნა მესამე სამშობიარომდე მიაღწიეს და თემურ წიკლაურმა მშვიდობით „ჩააბრა“ დედა-შვილი ექიმებს. სამშობიარო სახლიდან კი ისევ სოლოლაკში დაბრუნდა, მთელი თუ არა, ნახევარი სოლოლაკი თემურს ელოდებოდა. დილამდე ისე იქიფეს, ცა მიწაზე ჩამოიტანეს სადღეგრძელოებით, პატარა მარიამს თბილისი ლოცავდა. არადა, იმ დღეებში თემურს ერთხელ კიდევ დასჭირდა სამშობიარო სახლში მისვლა. ამჯერად, საკუთარი ქალიშვილი გააქროლა და კაი გვარიანი მღელვარების და ბოლთის ცემის მერე პაპაკაცი გახდა. ძალიან უყვარს თემურს, როცა პაპას ეძახიან, ნამდვილი ქართულიაო, გულიანად იცინის ხოლმე. ანდრია პაპის გულის გამხარებელია, მარიამი კი…
თემურ წიკლაურმა პატარა მარიამი მონათლა. მარიამი მშობლებთან ერთად კოჯორში ცხოვრობს, თემურიც ხშირადაა იქ, უყვარს მამა-პაპისეულ ეზოში ფუსფუსი… ზუსტად არ ვიცი ასაკი, მაგრამ მარიამიც და ანდრიაც ახლა თანატოლები არიან…
მეტი რა გითხრათ ამ ამბავზე? ეს ყველაფერი ჩემს ერთ-ერთ წიგნში „თბილისელი ქალის ჩანაწერები“ დავბეჭდე. დღეს მარიამიც და ანდრიაც უკვე დიდი გოგო-ბიჭები არიან, ლამაზები, ჭკვიანები და თემური პაპას და ნათლიას გულის გამხარებლები. დარწმუნებული ვარ, მარიამი აუცილებლად მივა თემური ნათლიასთან გამოსამშვიდობებლად.
როდესაც თემური ამ ამბავს მიყვებოდა, იცით, როგორ უბრწყინავდა თვალები?! დღეს ამ შემთხვევის შესახებაც მომინდა მეამბნა ყველასთვის. თემურს ხვალ, 4 თებერვალს კოჯორში დაკრძალავენ, მისი შვილის, გიორგის გვერდით. რაც გიორგი ზეცაში გაუფრინდა, ამბობდა ხოლმე: მის სულს სულ დავეძებო. (ფოტოზე სწორედ თემურის ხელში დაბადებული მარიამია!)“, – იხსენებდა მაია კახიძე.