რა ეცვა, რით იკვებებოდა და სად ცხოვრობდა უფლის წინამორბედი - „დღეს იოანე ნათლისმცემლის შობაა“

ioane

7 ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს. იგი უფლის წინამორბედი იყო. ამ დღეს სრულიად საქართველოს ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.

იოანე უდიდესი წინასწარმეტყველი გახლდათ. მან ძველი აღთქმის ეპოქა დაასრულა და უფლის განკაცება დაამოწმა.

როგორც წმინდა სახარება (ლუკა 1, 5-80) მოგვითხრობს, იოანე ნათლისმცემლის მშობლები - მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი „იყვნეს... წინაშე ღმრთისა მართალ“, მაგრამ სიბერის ასაკს ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მისცემიათ. ერთხელ, როცა ზაქარია იერუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურებას აღასრულებდა, „ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ“ და ამცნო: „შეისმინეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე და უწოდი სახელი მისი იოვანე“. შეძრწუნებული ზაქარია დაეჭვდა ზეციური მახარობლის სიტყვებში, რისთვისაც მას, სასჯელად, მეტყველების უნარი წაერთვა.

ახალგაზრდობის ასაკს საკმაოდ გადაცილებული წმინდა ელისაბედი დაფეხმძიმდა, ხალხის დაცინვისთვის თავი რომ აერიდებინა, იგი „იფარვიდა თავსა თჳსსა ხუთ თთუე“, სანამ შორეულმა ნათესავმა, ყოვლადწმინდა ქალწულმა მარიამმა არ ჩამოაკითხა.

როცა „ელისაბედისნი აღივსნეს ჟამნი შობისა მისისანი... ესმა გარემოთა და ნათესავთა... და მის თანა იხარებდეს“. მერვე დღეს ჩვილს, მოსეს სჯულის თანახმად, წინადაცვითეს და აპირებდნენ, მისთვის ზაქარია დაერქმიათ, მაგრამ ელისაბედმა განაცხადა: „არა, არამედ ეწოდოს მაგას იოვანე“.

ყველანი გაოცდნენ, - ეს სახელი მის მოდგმაში არავის ერქვა და ზაქარიას სთხოვეს, ენიშნებინა მათთვის, რა უნდოდა ძისთვის ეწოდებინა. მანაც „მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქუა: იოვანე არს სახელი მისი და დაუკვირდა ესე ყოველთა“.

ღვთის განგებით ზაქარიას ისევ დაუბრუნდა მეტყველების უნარი. სულიწმიდის მადლით წინასწარმეტყველებაც დაიწყო და თქვა: „კურთხეულ არს უფალი ღმერთ ისრეაჱლისაჲ, რამეთუ მოჰხედნა და ყო ჴსნაჲ ერისა თჳსისაჲ; და აღმიდგინა ჩუენ რქაჲ ცხოვრებისაჲ შორის სახლსა მას დავითის მონისა თჳსისასა“; ჩვილს კი მიმართა:

„და შენ ყრმაო, წინასწარმეტყველ მაღლის იწოდო, რამეთუ წარუძეღუ შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა“.

მას შემდეგ, რაც იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და მწყემსებმა და მოგვებმა თაყვანი სცეს მას, უსჯულო მეფე ჰეროდემ ბრძანა, ამოეწყვიტათ „ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი“ (მთ. 2, 16). ელისაბედმა ეს რომ შეიტყო, შვილთან ერთად უდაბნოში გაიხიზნა. ზაქარია და კი იერუსალიმში დარჩა და ერთგულად აღასრულებდა მღვდელმთავრის მოვალეობას. ჰეროდემ მასთან მეომრები გაგზავნა ბრძანებით, გაემხილა ჩვილისა და მისი დედის ადგილსამყოფელი. მამამ უპასუხა, რომ არაფერი იცოდა მათ შესახებ, რისთვისაც ტაძარშივე განგმირეს. ელისაბედი შვილთან ერთად უდაბნოში განაგრძობდა ცხოვრებას და იქვე აღესრულა. ყრმა იოანე კი, ანგელოზისგან დაცული, უდაბნოში იმყოფებოდა.

ამდენად, ნათლისმცემელი ბავშვობიდანვე უდაბნოში იზრდებოდა, მარხვითა და ლოცვით ემზადებოდა ღვთის სათნო მსახურებისათვის. 30 წლის იოანე მდინარე იორდანეში ნათლავდა იუდეველებს, რომლებიც მის წინაშე ცოდვებს აღიარებდნენ და მოუწოდებდა: “შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი”.

“ხოლო თავსა იოვანესა ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაი წელთა მისთა; ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური” (მათე, 3).

მრავალი მხრიდან მოდიოდნენ იოანე წინასწარმეტყველის სიტყვების მოსასმენად. მას დიდ პატივს სცემდნენ. წმინდანი ხალხს იესოსთან შესახვედრად ამზადებდა. იოანემ მისკენ მოსანათლად მიმავალი უფალი შორიდანვე იცნო, თავმდაბლობით წარსდგა მის წინაშე და უთხრა: “მე მიჴმს შენ მიერ ნათლისღებაი და შენ ჩემდა მოხუალ?” (მთ. 3,14). შემდეგ დამორჩილდა ღვთის ნებას და მონათლა მაცხოვარი სოფლისა და მის თავზე ხელის შეხებით თვითონაც მოინათლა.

იესო ქრისტემ თავად დაამოწმა, რომ “არა აღდგომილ არს ნაშობთაგან დედათაი უფროის იოვანეს ნათლისმცემელისა”, მაგრამ რომ არ ეფიქრათ, იგი ღმერთზე აღმატებულიაო, დაამატა: “ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროის მისა არს”.

იოანე ნათლისმცემელი მოწამეობრივად აღესრულა. მას თავი მოჰკვეთეს.
ღვთისმშობლის შემდეგ იგი უდიდესი მეოხია ღვთის წინაშე. წმინდა იოანე არის მოძღვარი სინანულისა.

იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეებია: ნათლისღება – 19 იანვარი, შობა – 7 ივლისი და თავის კვეთა – 11 სექტემბერი.

 

წყარო: orthodoxy.ge 

ambioni.ge

 

ასევე დაგაინტერესებთ: "წმინდა მამების აზრით, ამ ლოცვას მისტიკური ძალა აქვს..." - რვა სიტყვიანი ლოცვა, რომელიც გვწმენდს და გვიცავს

„ჭკუაზე არ იყო ჯინო! რვაწლიანი პატიმრობა ორი წლით შეუცვალეს“ - სასწაულები, რომლის შემდეგ იტალიელმა ვაჟს გაბრიელი დაარქვა

"მე ვამრავლო და ამათმა დახოცონ?!" - სად არის ტაძარი, რომელიც დედებს და ექიმებს აბორტის სინანულმა ააშენებინა

"ერთხელ კელიის კარი ღია დარჩა, შევედი და ვხედავ..." - რას გვიყვება მამა გაბრიელის დისშვილი