„ქართველი მეცნიერის მორიგი აღიარება!“ - დათო გოგიჩაიშვილის ძმას არქეომეტრიის განხრით, საერთაშორისო ჯილდო მიენიჭა

მეცნიერი ავთანდილ გოგიჩაიშვილი, ძმასთან დავით გოგიჩაიშვილთან ერთად

ტელეწამყვანი, ჟურნალისტი და ბიზნესკონსულტანტი დავით გოგიჩაიშვილი,  ძმის, მეცნიერ ავთანდილ გოგიჩაიშვილის წარმატებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ქართველი მეცნიერის მორიგი აღიარება. მეხიკოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორს, ავთანდილ გოგიჩაიშვილს 2022 წლის საერთაშორისო ჯილდო მიენიჭა არქეომეტრიის განხრით მისი განსაკუთრებული წვლილისთვის მეზოამერიკული კულტურული მემკვიდრეობის არქეომატნიტურ კვლევებში.

ეს არის მე-5 ასეთი ინტერნაციონალური ჯილდო, წინა 4 გეოფიზიკაში და ახლა უკვე სხვა დისციპლინაში!“ - წერს დავით გოგიჩაიშვილი.

შეგახსენეთ, რომ გეოფიზიკოსი ავთო გოგიჩაიშვილი,  22 წელზე მეტია მექსიკაში მოღვაწეობს, რომელიც მექსიკის ეროვნული უნივერსიტეტის (UNAM) დაქვემდებარებაში არსებულ არქეომაგნეტიზმის ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელობს.

მისი კარიერა 200-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომს, დედამიწის მაგნიტური ველის კვლევას და უამრავ დაფრთიანებულ მეცნიერს მოიცავს.

დღეს, მის ხელმძღვანელობაში არსებული ცენტრის, ერთგვარი კონგლომერატის ფრთის ქვეშ ლაბორატორიათა ქსელი ერთიანდება, რომელთა მიზანია არქეოლოგიაში ფიზიკური მეთოდების გამოყენება, მოპოვებული ნიმუშების აბსოლუტური ასაკის დასადგენად.

მართალია, ავთო გოგიჩაიშვილის მოღვაწეობა, ათწლეულებია სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო წრეებსა და ექსპედიციებს უკავშირდება, თუმცა, მას საქართველოში ჩატარებულ არქეოლოგიურ სამუშაოებშიც დიდი წვლილი მიუძღვის.

„აქტიური მონაწილეობა მივიღე დმანისის უძველესი ადამიანის ასაკის განსაზღვრაში. ასევე, ვმონაწილეობ უნიკალური არქეოლოგიური ძეგლის – გრაკლიანის გორის შესწავლაში, რომელსაც კურირებს უბადლო არქეოლოგი, თსუ -ს პროფესორი ვახტანგ ლიჩელი. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ერთობლივი კვლევა გრძელდება ჯავახეთის და ყაზბეგის ვულკანურ წარმონაქმნებზე“ - ამბობს მეცნიერი ერთ-ერთ ინტერვიუში.