დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
გაიცანით, 3 წლის გურამიკო მელქაძე, რომელიც თავის ასაკთან შედარებით, აკადემიური და ფენომენალური მეხსიერებით გამოირჩევა. ის გაგაოცებთ თარიღებითა და პირადი ფაქტებით, იცის როგორც ქართული, ასევე ინგლისური ანბანი და უკვე, კითხვაც კი.
პატარა „ვუნდერკინდის“დედა, „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, აცხადებს, რომ გურამიკოს, ჩვილობიდან განსხვავებული ხედვა და მეხსიერება ჰქონდა, რომელსაც „ფოტოგრაფიულ მეხსიერებას“ უწოდებენო.
გაგიკვირდებათ და პატარა „გენიოსმა,“ რამდენიმე კითხვაზე თავად გვიპასუხა. ერთ-ერთ კითხვაზე, თუ რა ცხოველის ნახვას ისურვებდა ზოოპარკში, ცოტა გაუჭირდა პასუხის გაცემა, რადგან ნამყოფი არ აღმოჩნდა. როცა გაიგო, რომ გალიებში ჰყავთ ცხოველები, გული აუჩუყდა და გვითხრა, რომ ყველას კარს გავუღებ და გავათავისუფლებო:
გურამიკო მელქაძე:
ქუთაისში ვცხოვრობ, დედიკოს ლიკუნა ჰქვია, მამიკოს გოგაკო. დედა 42 წლის არის, მამა 42 -ის. ჩემს დებს ნინიკო და მარიკო ჰქვიათ. ყველაზე მეტად ნინაკო მიყვარს.
დედა ხშირად მიმღერის - „დედას ჩიტი ღაბუა, სიყვარულის კაცუნა“(მღერის). ჩემი საუკეთესო მეგობარია, მათე. დღეს ბევრი გავერთე, პლასტელინებით ვითამაშე.
ყველაზე მეტად ფეხბურთი მიყვარს, სულ ვუყურებ გოგა მამიკოსთან ერთად. ხვიჩა კვარაცხელიამ დაარტყა და დიდი გოლი გაიტანა.
ყველაზე მეტად მეცადინეობა მიყვარს. სკოლაში რომ შევალ ყველაზე მეტად, მათემატიკის სწავლა მინდა. როცა გავიზრდები პროფესორი უნდა გამოვიდე და კიდევ, კარგი ბიჭი.
გურამიკოს დედა ლიკა მამაგელიშვილი:
ისეთი ცნობისმოყვარეა, აუცილებლად მკითხავს, ვის ვესაუბრები. ძალიან ბევრი გამომწერი გვყავს, ტიკ-ტოკზე უკვე 28 000 -ს მიუახლოვდა.
უამრავი ადამიანი მწერს, ზოგს ვერ ვპასუხობ და ვთხოვ საზოგადოებას, უყურადღებობაში არ ჩათვალონ. ძალიან ბევრი სითბო, ყურადღება და სიყვარული მოდის მათგან, უბედნიერესი ადამიანი ვარ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მიზანი ეს არ იყო, ეს იყო ჩვენი ოჯახური ვიდეოები.
ჩვილობის პერიოდში აღმოვაჩინეთ, რომ გუროს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა, რომელიც შემდეგ, პირადმა ექიმმაც კი დაგვიდასტურა.
6 თვის იყო, ავად გამიხდა და ქუთაისში ერთ-ერთ ცნობილ პედიატრ, შორენა ცხელიშვილთან მომიწია მიყვანა. ბავშვი რომ გასინჯა, მომიტრიალდა და მითხრა, გილოცავთ, ეს ბავშვი გენიოსიაო.
მე ვუთხარი, ჩემი პირველი ბავშვიც უნიჭიერესია, სკოლა, ოქროს მედალზე დაამთავრა-მეთქი. არ ვიცი მისი შესაძლებლობები, მაგრამ დაიმახსოვრეთ, ეს ბავშვი გენიოსიაო, მიპასუხა.
- პირველად, რა ასაკში გამოავლინა განსაკუთრებული ნიჭი?
4 თვიდან ვხვდებოდი, რომ ინგლისურ ასოებს ცნობდა. ვერც წარმოვიდგენდი, ვფიქრობდი მეჩვენება მეთქი. საჩუქრად მოუტანეს ინგლისური ანბანი და ერთი წლის ასაკში, თითქმის ყველა ასოს ცნობდა.
მახსოვს, რომ პირველი ვიდეო, მაშინ დავდე, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენი მიზანი ეს არ ყოფილა, მაქსიმალურად შვილებს ვუყურებთ, როგორც პიროვნებებს, ძალიან დიდ თავისუფლებას ვაძლევთ.
8 თვის იყო, ასაწყობი პირამიდა ვუყიდე, როგორც კი მივეცი, იმ წუთში ააწყო, ცოტა გამიკვირდა. ინგლისურის სპეციალისტი ვარ, პედაგოგი და გეტყვით, რომ შეუძლებელია, მით უმეტეს ამ ასაკში, ბავშვს აიძულო სწავლა.
მით უმეტეს ჯანმრთელად მოაზროვნე დედამ, 2 წლის ბავშვი აიძულოს ისწავლოს. რაც გურომ იცის, ბევრი რამ მეც არ ვიცოდი, არც პლანეტები და არც დედაქალაქები.
რამდენიმე ხნის წინ, ფიგურების ხატვა მოინდომა. მე ვეკითხებოდი, გურო მპასუხობდა და თან ხატავდა. თავად ბავშვი გვთხოვს, რომ ვასწავლოთ.
- როგორ ისწავლა ინგლისური ანბანი?
ერთ მაგალითს გეტყვით, ჭურჭლის სარეცხი ჟელე, რომელსაც ფეირი აწერია, მკითხა, ეს რა ასოაო და მეც ვუპასუხე, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე სწრაფად აითვისებდა.
ციფრებზეც ასევე, ქუჩის ნომრებზე მეკითხებოდა რა წერიაო და მეც ვპასუხობდი, ასე ისწავლა ციფრები. წლის და რვა თვის იყო, ერთ-ერთ ჩაბნელებულ ქუჩაზე მოვხვდით და ჩემს მეუღლეს, ფარნის ანთება მოუწია.
ერთი კვირის წინ, ისევ იმ ადგილას გავლა მოგვიწია. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა! მეუბნება, დედა, ფარანი აანთეთ, ეტლი არ ჩავარდეს ორმოშიო.
ორივე ცოლ-ქმარმა, სრული შოკი მივიღეთ.
- გვიამბეთ ცოტა თქვენი ოჯახის შესახებ...
მე და ჩემ მეუღლეს, საკმაოდ კარგი გენეტიკა გვაქვს, მაგრამ გურო, 21 საუკუნის აუხსნელი ფენომენია, ინდიგო თაობაა. ერთი წლის ასაკში მკითხა, ეს სახლი ვინ ააშენაო, ბავშვობიდან აქ ვცხოვრობ და არასდროს დავინტერესებულვარ.
მე და ჩემს მეუღლეს, მშობლების მხრიდან, ბევრი ნიჭიერი და განათლებული ადამიანი გვყავს, დედის მხრიდან ბევრი ექიმი, პროფესორი, ასევე, ჩემი მეუღლის მხრიდანაც.
ქმარი პროფესიით ისტორიკოსია, საოცარი მახსოვრობა აქვს. ჩემი ქალიშვილი, არასდროს არ მომიმზადებია, ისე მოეწყო უმაღლეს სასწავლებელში. ეს არის ნიჭი, მაგრამ გურო სხვა ფენომენია.
გურამიკოს გარდა, გვყავს ორი ქალიშვილი - 23 წლის მარიამ მელქაძე, რომელიც სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტია და 18 წლის ნინი ფურცხვანიძე, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე სწავლობს.
- გუროს შესაძლებლობები, მის ასაკთან შეუფერებელია..
ნამდვილად ასეა, წლის და ერთი კვირის ასაკში, ფეხზე გაიარა. ჩემი ქალიშვილი რომ მეცადინეობდა, შეეძლო საათობით მჯდარიყო მასთან და ესმინა. რომ ჩერდებოდა, ეუბნებოდა, ნუ ჩერდები ნინი, კიდევ გავაგრძელოთო.
- ერთ-ერთ ვიდეოში ამბობს, რომ სწავლას კემბრიჯის უნივერსიტეტში აპირებს...
ოჯახი, გაცვლითი პროგრამების ჩამონათვალს განვიხილავდით. ამ დროს, გურო კუბიკებით თამაშობდა, მაგრამ როგორც ჩანს, გვისმენდა.
უცებ განაცხადა, დედა მე კემბრიჯში უნდა ჩავაბაროო.
- გამორჩეულად, რა საგნებით ინტერესდება?
ვერ გეტყვით, რომ რომელიმეს გამოვარჩევდი, სწორედ ეგ არის საინტერესო, რომ ყველაფერი აინტერესებს. ქუჩაში რომ გამყავს, გაოგნებულია ყველა, უკვე ცნობენ და ესალმებიან.
მანქანა რომ გაივლის, ყველა ნომერს კითხულობს, როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად. ყველაფერზე მეკითხება ეს რა არისო და თან ინგლისურადაც უნდა ვუთხრა. მთავარია, რამეს ყური მოჰკრა, ეგრევე იმახსოვრებს.
მარკეტში რომ შევდივართ, არ არსებობს შენახვის ვადა არ წაიკითხოს. ერთხელ მეუბნება, დე, კიდევ ორი დღე ჰქონია ვადაო, ეგეც კი გამოთვალა.
ყველა იცნობს უკვე და ეცინებათ, ასეთი პატარა როგორ აზროვნებსო. ზოგჯერ მავიწყდება, რომ ვადას დავხედო, მაგრამ უფლებას არ მაძლევს, რომ ვიყიდო პროდუქტი.
- როგორი ურთიერთობა აქვს, თავის ასაკის ბავშვებთან?
გიჟდება ბავშვებზე, ძალიან უყვარს მათთან ერთად გართობა და თამაში. ბაღში ჯერ არ დავდივართ, მაგრამ ძალიან მთხოვს და აუცილებლად შევიყვან.
თავისი ასაკის ბავშვები, ნაკლებად, უფრო 6 წლის ზევით მეგობრები ჰყავს. ისე თამაშობს მათი ტოლი გეგონება, იქით ასწავლის ბევრ რამეს. გეტყვით, რომ ლიდერი არ არის.
სტუმრად რომ მოდის რომელიმე ბავშვი, პირველად დაფასთან მიჰყავს და სწავლას სთავაზობს, თუ უარი უთხრა, ეგრევე სათამაშოებთან მიჰყავს, არასდროს არ ავლენს ბავშვებთან, რომ მათზე მეტი იცის.
- საბავშვო მულტფილმები უყვარს?
თქვენ წარმოიდგინეთ, მულტფილმს რომ ჩავურთავ, მეუბნება არ მინდაო. მისი გონება ითხოვს იმას, რაშიც განათლებას იღებს. მთხოვს, რომ გამრავლების ტაბულა ვასწავლო, მე არ ვთვლი საჭიროდ, ვფიქრობ, ძალიან ადრეა.
ხატებთან მიდის და ყველა წმინდანის სახელს კითხულობს. ტაძარში რომ მიმყავს, ყველა ხატს ცნობს. მისი ტვინი, ყველაფერს ძალიან სწრაფად ისრუტავს. უზომოდ თბილი ბავშვია, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა. სულ გვკოცნის და გვეფერება.
- როგორია მოწყენილი გურო?
არასდროს არ იწყენს, მუდამ კარგ ხასიათზეა, მამა თუ არ არის სახლში, მხოლოდ მაგ შემთხვევაში იწყენს. სულ ენატრება. სხვათა შორის, 4 თვის იყო, პირველი სიტყვა, მამა რომ თქვა. ძალიან უყვარს.
- განსხვავებული ხედვა და მეხსიერება აქვს...
ახალი დაბადებული იყო, საძინებელში რომ შევიყვანდი, საწოლის ჩუქურთმას უყურებდა, ღამე იღვიძებდა და მისჩერებოდა ხოლმე. ექიმს რომ ვუთხარი, გამორიცხულია, მაგ ასაკში ვერ ხედავენ, გეჩვენება ალბათო.
ერთ დღეს, ზეწარი მივაფარე საწოლის თავს. სასწაული მოხდა, მას მერე ღამე არ გაუღვიძია. ჩვილობიდან განსხვავებული ხედვა და მეხსიერება ჰქონდა. როგორც ვიცი, ამას ფოტოგრაფიულ მეხსიერებას უწოდებენ.
რამდენიმე დღის წინ, თბილისში მოგვიწია გამგზავრება. გზაზე ტრაფარეტზე წარწერებს, ისე კითხულობდა, გაკვირვებული დავრჩი. რომ ჩავიქროლებდით, სახელს მერე ამბობდა, ანუ იმახსოვრებდა, მის თვალს ეს წარწერა, უკვე დამახსოვრებული ჰქონდა. უნიკალური მახსოვრობა აქვს.
ინგლისურად რომ კითხულობდა, ამ ზაფხულს, რაჭაში აღმოვაჩინე. ვიცოდი, რომ ანბანი იცოდა, მაგრამ კითხვა არა.
ახლაც შემოვიდა და მთხოვს, წიგნების მაღაზიაში წავიყვანო, სულ წიგნის ყიდვას მთხოვს. სასწაული მახსოვრობა აქვს, მამაჩემს წნევასაც კი უზომავს, და თუ მაღალი აქვს, წამლის სახელს ეუბნება, რაც უნდა მიიღოს.
თვითონ რა წამალიც დაულევია ოდესმე, ყველას დასახელება ახსოვს.
- რა სათამაშო უყვარს ყველაზე მეტად?
ძირითადად, სათამაშო ავტომობილები უყვარს. მანქანის, თითქმის ყველა ბრენდის სახელწოდება იცის. ცოტა ხნის წინ, მაღაზიაში შევედით და არაფრით, არც ერთი სათამაშო არ ისურვა, ანბანის და დროშების ყიდვა მთხოვა.
ყველაზე მეტად, საწერ კალამს, სახატავ რვეულს, ფანქრებს, წიგნებს, ანბანს და ფიგურებს ითხოვს.
- როგორ შეხვდა საკუთარ დაბადების დღეს?
კარგად გაერთო ბავშვებთან ერთად, ძალიან ბედნიერი იყო, თავად აარჩია ტორტი, აღფრთოვანებული იყო საჩუქრებით, ყველას მადლობას უხდიდა. ძალიან სტუმართმოყვარეა, ბოლო ბოლო, იმერელი კაცია.
დაბადების დღე რომ დასრულდა, ბუშტზე ხელი გაეშავა და ცაში აფრინდა. დღემდე განიცდის, ჩემი სამიანი, რატომ წავიდა ცაშიო.
- კერძებიდან რა უყვარს ყველაზე მეტად?
რომ გითხრათ, მჭამელი ბავშვია-მეთქი, მოგატყუებთ, დიდად არ უყვარს ჭამა, გამორჩეულად, არც ერთი საკვები არ უყვარს. ქობულეთში ვისვენებდით და „თაფლაკვერის“ ორცხობილა მოეწონა და მას მერე, ხშირად მთხოვს, სხვა ისეთი არაფერი.
ბარამბოს შოკოლადი უყვარს, რადგან პლანეტებია გამოსახული. ყველას სახელწოდება იცის და რომ მიირთმევს, სახელს აკონკრეტებს. ბევრი იკითხავს, რაში სჭირდებოდა პლანეტების სწავლაო? მესმის იმ ადამიანების, მაგრამ ბევრი რამ, ჩვენთვისაც დაუჯერებელი ფაქტია.
აივანზე გავიყვანე ერთ ღამეს და მთვარე, ვარსკვლავები და რამდენიმე პლანეტა დავანახვე, მეორე დღეს, ცისკენ ხელს იშვერდა და ყველა პლანეტის სახელს იმეორებდა. ერთ დღეს კითხვა დამისვა, დედამიწიდან მზემდე, რამდენი კილომეტრიაო?
- რა აბედნიერებს?
ყველაზე მეტად ბედნიერია, როცა ვიდეოს ვწერთ. სულ მეხვეწება, ჩამწერეო. ძალიან თბილი ბავშვია, ჩახუტება უყვარს. ყვავილები, ბევრის სახელიც კი იცის.
დიდი ხანია, არ ვყოფილვართ ბავშვთა პოლიკლინიკაში, რამდენიმე დღის წინ, აცრაზე მოგვიწია მისვლა. სრული შოკი იყო, რომ შევედით, ყველა გაოგნებული უსმენდა. ექიმმა გვითხრა, მისი გონებრივი შესაძლებლობები, მაქსიმალურად აღემატება მის ასაკს, ვუნდერკინდიაო.
ცოტა ხნის წინ, მითხრა, დედა მე ვიცი წელიწადის დროები და თვეებიო. ძალიან გამიკვირდა, არასდროს მისწავლებია. ჩემ ქალიშვილს კალენდარი აქვს ოთახში გაკრული და თურმე იქ შედიოდა და კითხულობდა, თვითონ ისწავლა. ჰიპერაქტიური ბავშვია, სულ თამაშით სწავლობს ყველაფერს.
- სპორტი და მუსიკა უყვარს?
ძალიან უყვარს მუსიკა, საბავშვო მუსიკას ხშირად უსმენს, ხატავს კიდეც, უყვარს ადამიანების გაღიმებული სახეების ხატვა. სპორტიდან ფეხბურთი, სხვათა შორის, ძალიან კარგად თამაშობს.
ყველაფერი აინტერესებს, მაგრამ ძირითადად, წიგნებს ითხოვს.
სადილს რომ ვაკეთებ, სულ თავზე მადგას, ზეპირად იცის ინგრედიენტები. ფაფის გაკეთებაშიც კი მეხმარება. უზომოდ სუფთაა, სულ ხელებს იბანს, სულ მოწესრიგებულია. სახლის დალაგებაშიც კი მეხმარება.
- ცხოველებთან როგორი დამოკიდებულება აქვს?
გიჟდება ცხოველებზე, სახლში, შვილი ფისო გვყავს. სულ უვლის, აჭმევს, ეფერება.
- უყვარს, როცა აქებენ?
ძალიან უყვარს, ყველას დიდი მადლობას უხდის ხოლმე. რომ ემშვიდობება, წარმატებებს გისურვებთო, ეუბნება.
- ორი შვილი გაზარდეთ, რა განსხვავებაა მათ შორის?
ისინი ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან, გურო ერთი წლიდან წერს და კითხულობს. არა მარტო ქართულად, ინგლისურადაც.
სულ სწავლის პროცესშია. ერთადერთი რაც ვასწავლე, ლექსებია, დანარჩენი თითქმის თვითონ ისწავლა. სამჯერ წავუკითხე და ზეპირად მითხრა - „მუმლი მუხასაო“.
თქვენ წარმოიდგინეთ, მობილური ტელეფონით და კომპიუტერით არასდროს ინტერესდება. ბევრ ჰგონია, რომ ეს ყველაფერი ინტერნეტში ისწავლა. ბევრი ბავშვი, მთელი დღე ტელეფონშია ჩამძვრალი, ტელევიზორს უფრო უყურებს, მაგრამ თუ გადაცემა აინტერესებს.
- რა არის პატარა ვუნდერკინდის ოცნება?
პროფესორობა უნდა, სწავლას მოწყურებული ბავშვია. მადლობა უფალს, რომ ასეთი შვილი მაჩუქა!