„ჩემი სხეული ჯერ კიდევ შოკშია... სპაზმი დამემართა სიხარულისგან“- ლაშა მძინარაშვილი ჰოლივუდში „ტაურუსის“ მსოფლიო კასკადიორთა ჯილდოს მფლობელია

მოცეკვავე და კასკადიორი ლაშა მძინარაშვილი

35 წლის ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი და დუბლიორი ლაშა მძინარაშვილი, ჰოლივუდში „მსოფლიო კასკადიორთა ასოციაციის დაჯილდოების“(Taurus World Stunt Awards 2022) გამარჯვებული გახდა, რომელმაც საქართველო, მსოფლიო კინო ინდუსტრიას, უფრო ახლოს გააცნო, კასკადიორთა სივრცეში სრული გადატრიალება მოახდინა და საქართველოს ისტორიაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

17 სექტემბერს, ქართველმა მოცეკვავემ და ტრიუკების ოსტატმა ჰოლივუდში ,,ტაურუსის“ მსოფლიო კასკადიორთა დაჯილდოებაზე, საუკეთესო ბრძოლის სცენის ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვა. ქორეოგრაფმა ფილმის „The King's Man“ მთავარი საბრძოლო სცენა დადგა და ქართული ცეკვის ელემენტები ჰოლივუდში წარადგინა.

ანსამბლ ,,რუსთავის" მოცეკვავე ლაშა მძინარაშვილი, პირველი ქართველი ქორეოგრაფი და მოცეკვავეა, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.  

 სახიფათო ტრიუკების შემსრულებელმა, ინგლისელ კინორეჟისორ, პროდიუსერ და სცენარისტ მეთიუ ვონის ფილმში „The King’s Man“, ქართული ცეკვის ილეთები გააცოცხლა და საუკეთესო ბრძოლის სცენის შემსრულებლის ნომინაციაში „Taurus World Stunt Awards 2022“-ის დაჯილდოებაზე გაიმარჯვა.

ლაშა მძინარაშვილი ფილმში „The King’s Man“-  რასპუტინის როლის შემსრულებელია, რომელიც  სპეციალური ტექნიკით იბრძვის, რაც მანამდე კინოინდუსტრიაში არ გამოუყენებიათ. ფილმში ნაჩვენები ბრძოლის ყველა სცენა, ქართული საბრძოლო ხელოვნებითაა ინსპირირებული.

„პრაიმტაიმი“ ლაშა მძინარაშვილს ლოს-ანჯელესში დაუკავშირდა და მის წარმატებაზე, კარიერაზე და პირად ცხოვრებაზე ექსკლუზიურად ესაუბრა:

მოცეკვავის პროფესია, საკმაოდ რთულია. მართალია, მაყურებელი დიდ სიამოვნებას იღებს, მაგრამ არ იცის, რამდენად რთულ გზას გავდივართ წარმატების მისაღწევად. სცენაზე რომ ვიდექი, გამარჯვებას მილოცავდნენ, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი უდიდესი შრომის შედეგია.

ძალიან რთული გზა გავიარე, როგორც ბევრმა ხელოვანმა. არის რაღაც ეტაპები ცხოვრებაში, მაგრამ კარიერის გამო, ბევრ რამეს გვერდზე დებ და აღარ აქცევ ყურადღებას, თუნდაც პირად ცხოვრებას.

ამისთვის სისხლს და ოფლს ღვრი, ყველაფერი დიდი შრომის შედეგად მოდის ტრავმის, ცრემლის და ფინანსური პრობლემების ხარჯზე. ეს ყველაფერი გამოვიარე, აქამდე რომ მოვსულიყავი.

- ფინანსური პრობლემების მოგვარება დაგჭირდათ?

კულტურის სამინისტრო ფინანსურად დაგვეხმარა, მაგრამ რა თანხაც გვჭირდებოდა, სამშენებლო კომპანია  m² -მა აიღო თავის თავზე და დარჩენილი საჭირო თანხა, სრულად დაგვიფინანსა. მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ასეთი საჩუქრისთვის.

- ელოდით ასეთ გრანდიოზულ წარმატებას?

დაჯილდოებაზე რომ წარმადგინეს, ჩემთვის ეს უკვე უდიდესი სიხარული იყო. როცა დამიკავშირდნენ ლოს-ანჯელესიდან, ფილმის კოორდინატორმა მითხრა, რომ ჩემს გარეშე მოხდა წარდგენა ნომინაციაზე და ელოდებოდნენ დასტურს.

რამდენიმე თვით ადრე გავიგე და ძალიან გამიხარდა, რომ ჩემ გარეშე მოხდა ჩემი წარდგენა. როცა მომწერეს, რომ ხუთეულში მოხვდა, როგორც საუკეთესო ბრძოლის ნომინაცია, ეს უკვე ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევა იყო.

ყველა მეუბნებოდა, გაიმარჯვებო, მაგრამ ნომინირება ჩემთვის იმხელა წარმატება იყო, რომ დანარჩენზე აღარც ვფიქრობდი - ეს უკვე გამარჯვების ტოლფასი იყო.

გამარჯვების შემდეგ, ორი დღე გავიდა და ჩემი სხეული ჯერ კიდევ შოკშია, ძალიან ემოციური ფონი მაქვს, სპაზმი დამემართა სიხარულისგან. მთელი მსოფლიოდან იყვნენ ჩამოსულები საუკეთესო კასკადიორები, რომლებიც მთელი ცხოვრება მონაწილეობს იღებდნენ ჰოლივუდის ფილმებში.

მთავარი კატეგორია იყო, საუკეთესო ბრძოლა და ამ ბრძოლაში, მე ავიღე პირველი ადგილი. წარმოიდგინეთ, ეს ჩემთვის რამხელა სიხარული იყო!

ძირითადად, ჰოლივუდის ფილმებში მონაწილეები იყვნენ, როგორც ახალგაზრდა, ასევე 70 - წლამდე პროფესიონალი კასკადიორები, რომლებსაც ჯილდო, ჯერ კიდევ არ აუღიათ.

35 წლის ვარ და ვფიქრობ, ამ ასაკში, ასეთი წარმატება, მართლაც სასწაულია.

- რომელი ცეკვის ელემენტები და ილეთები გაქვს გამოყენებული ფილმში?

ქართული ცეკვის - „მთიულური“, „ფარიკაობა“ და „ყაზბეგური“ ელემენტები მაქვს გამოყენებული. ამ ილეთების შესახებ, არაფერი იცოდნენ და რომ გავაცანი ძალიან მოეწონათ.

ზოგს ჰგონია, რომ მე, ფილმში ვცეკვავ. კონკრეტულად, რომელიმე ცეკვა არ არის გამოყენებული, მხოლოდ ქართული ცეკვის ელემენტებია, რომელიც ბრძოლის კადრებში გამოვიყენე.

აღქმა იმისა, რომ მარტო ბრძოლაა, არ  იქნება სწორი, მაგრამ არც ის, რომ მხოლოდ ვცეკვავ. ერთ-ერთმა ტელევიზიამ მთხოვა, შეასრულეთ ის ცეკვა, რასაც ფილმში ცეკვავო. მინდა ყველას ვუთხრა, რომ მე არ ვცეკვავ, ეს ბრძოლაა.

- მოგვიყევი ამ ბრძოლამდე, კერძოდ, ჰოლივუდამდე განვლილი გზა...

6 წლიდან ვცეკვავ, მამა ყოფილი მოცეკვავეა, ჯანო ბაგრატიონთან ცეკვავდა, ამჟამად, „ერისიონი“ ჰქვია. აქედან გამომდინარე, ჩემ ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ მოცეკვავეები. ბავშვობიდან შემიყვარდა ცეკვა და მთელი ცხოვრება დავუთმე.

ბავშვობაში ანსამბლ „თერგის“ მოცეკვავე ვიყავი, ჩემი ხელმძღვანელები ბ-ნი ნუგზარ ჯიქური და ქ-ნი ეთერ რეხვიაშილი იყო. 15 წლამდე ამ ანსამბლში ვმონაწილეობდი და სწორედ აქ ჩამოვყალიბდი.

ამის შემდეგ ანსამბლ „როკვაში“ გადავედი, ჩემი ხელმძღვანელი ბ-ნი უჩა დვალიშვილი იყო. ამავე დროს, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩავაბარე, სადაც საოცარი პედაგოგები მასწავლიდნენ: ქორეოგრაფ ბ-ნ რეზო ჭანიშვილ და ბ-ნ ბესიკ სვანიძესთნ ერთად, დიდი სკოლა გავიარე. 

მალე მივიღე გადაწყვეტილება, რომ გავყოლოდი ცეკვას, როგორც არა მარტო მოცეკვავე, არამედ ქორეოგრაფი. ანსამბლში „როკვა“, 7 წელი ვცეკვავდი. რამდენიმე წელი ბ-ნ ლევან ლალიაშვილთან მომიწია მეცადინეობა, „როკვას“ შემდეგ გადავედი ანსამბლ „სუხიშვილებში“, სადაც 5 წელი ვმოღვაწეობდი.

ამ ეტაპზე „ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავე ვარ.

- თქვენი მეუღლეც მოცეკვავეა?

ჩემი მეუღლე - გვანცა მეტრეველი, ასევე, ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავეა, ერთმანეთი ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გავიცანით, ანსამბლ „როკვაშიც“ ერთად ვცეკვავდით.

ამჟამად, გვაქვს ჩვენი დაარსებული ანსამბლი „შუშფარე“, რომელიც 2008 წელს ჩამოვაყალიბეთ. გვყავს ორი ქალიშვილი - 9 და 7 წლის, რომლებიც ჩვენ დაარსებულ სტუდიაში ცეკვავენ.

წესით, ჩემი მეუღლეც ჩემთან ერთად უნდა იყოს, მაგრამ ფეხმძიმედ არის, ნოემბერში ვაჟს ველოდებით. ორი გოგოს მერე, ძალიან სასიხარულო ამბავია.

- სამომავლო გეგმებზე მოგვიყევით...

დაჯილდოებას, უამრავი შეთავაზებები მოჰყვა, დარბაზიდან რომ გამოვედი, რიგი იდგა ადამიანების, რომლებიც ჩემი მისამართით შეფასებებს აკეთებდნენ, ფოტოებს მიღებდნენ, ზოგი მადლიერების ნიშნად, ხელს მართმევდა.

ეს ადამიანები, ამ საქმის პროფესიონალები იყვნენ, ზოგი პროდიუსერი ზოგი კოორდინატორი, მე ვიდექი და ყველას მიმართ, ჩემ სავიზიტო ბარათებს ჰაერში ვისროდი (იცინის).

უკვე ოთხი შეხვედრა მაქვს დაგეგმილი, მაგრამ სამწუხაროდ, 2 დღეში საქართველოში ვბრუნდები, ცოტა დიდხანს რომ დავრჩენილიყავი, დარწმუნებული ვარ, მეტს შევძლებდი.

ჰოლივუდში კასკადიორთა ასოციაციში ვართ მიწვეულები, გვითხრეს, რომ 26 პორტფოლიო უნდა მივიტანოთ, რომ ჩემი მონაცემები, 25 კომპანიაში გადაგზავნონ. რთულია, როცა სხვა ქვეყანაში გიწევს მუშაობა.

თუ გინდა, რომ ჰოლივუდში დაიმკვიდრო ადგილი, რაღაც პერიოდი აუცილებლად უნდა დარჩე.

- ფილმის გადაღებებზე მოგვიყევი, საკმაოდ რთულ ტრიუკებს აკეთებ...

მთავარი გმირის დუბლიორი ვარ. მოქმედება, პირველ მსოფლიო ომამდე ვითარდება. ჩემი გმირი ერთ-ერთი მთავარი ანტაგონისტია.

ერთ-ერთი სიუჟეტის გადაღების დროს, მაგიდა აყირავდა და კისრით დავეცი, ზურგის ტვინის დამიზიანდა, რომელსაც დიდი ალბათობით, შეიძლება ხელ-ფეხის პარეზი გამოეწვია.

გამაყუჩებელი მედიკამენტებით მოვახერხე გადაღების დასრულება. თბილისში რომ დავბრუნდი, სასწრაფო ოპერაცია დამჭირდა, კისრის მალის დისკები შემიცვალეს, ხელოვნურით.

- როგორ მოახერხეთ, გადაღებების გაგრძელება?

ოპერაციის შემდეგ, ისევ დავბრუნდი აშშ-ში და გავაგრძელე გადაღებები, ახლაც ვვარჯიშობ, ვცეკვავ არ ვნებდები, ვცდილობ, კიდევ უფრო მეტად განვვითარდე. ბევრმა არ იცის, რამდენი რამე იმალება „კულისებს მიღმა“.

-  სოციალურ ქსელში „ნასაში“გადაღებული თქვენი ფოტოები ვრცელდება...

ბევრმა ქართველმა შეიტყო ჩემი ამერიკაში ყოფნის ამბავი, მათ შორის რამაზ ბლუაშვილმა, რომელიც ლექციებს კითხულობს. სწორედ მან მიგვიწვია „ნასაში“, ისტორიულ თარიღზე. 

 

შეგახსენებთ, რომ 1977 წლის 20 აგვისტოს „ნასამ“ მზის სისტემის მიღმა მდებარე სივრცის შესწავლის მიზნით, განხორციელებული სამეცნიერო პროგრამის „ვოიაჯერის“ ფარგლებში, კოსმოსში გაუშვა ორი იდენტური ოქროს ფირფიტა, რომელზედაც კაცობრიობის მიერ შექმნილ, სხვა მუსიკალურ შედევრებთან ერთად, ქართული ხალხური პოლიფონიის შედევრი - „ჩაკრულო“ იყო ჩაწერილი. სწორედ, ჩვენს იქ ყოფნას დაემთხვა, სიმღერის გაშვების 45 წლისთავი.

 

14 სექტემბერს, ზუსტად იმ ადგილიდან, საიდანაც ეს შედევრი გაიგზავნა, „ერისიონის“ მომღერლებმა ბ-ნმა რამაზმა, მამასთან და ძმასთან, ერთად შეასრულეს ეს საგალობელი.

ჩვენ, საპატიო სტუმრებად ვიყავით მიწვეული და პატივი გვხვდა წილად, ამ ისტორიულ დღეს დავსწრებოდით. იუბილეს, ძალიან ბევრი ქართველი ესწრებოდა, იყვნენ საპატიო სტუმრები, მათ შორის - პროდიუსერი ნიკოლოზ ბარტყლუაშვილი, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს, ხოლო დიზაინერი - ზვიად ციკორიაა.

საოცარი დღე იყო, „ნასას“ ერთ-ერთ დირექტორს საჩუქრად გადავეცით, პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“, რომლის მწარმოებელია ჯიმი ჩხაიძე და რომლის დიზაინი ბ-ნი ზვიადს ეკუთვნის. მიხარია, რომ ჩვენც ამ ისტორიული თარიღის მონაწილე გავხდით. ლექციაზე საქართველოს თემაზე პრეზენტაცია შედგა და ქართული დროშა აფრიალდა.

- რას მიმართავდით ამერიკიდან ქართველ ერს...

ძალიან დიდი მადლობა ჩემ ქვეყანას და კულტურას, სწორედ ამ კულტურის მეშვეობით გახდა ჩემი აშშ-ში ყოფნა უნიკალური.

ჩემი გამარჯვება, ჩვენი ქვეყნის დამსახურებაა და ჩვენც არ დავიშურეთ - მე და ბაჩანა ჭანტურიამ, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობდა ფილმზე, ქართული კულტურის დახმარებით, ფილმის სიუჟეტი ერთიანი ძალებით, უნიკალური გავხადეთ.

ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, მიკროავტობუსმა ჩაიარა და რომ დაგვინახეს, ყვირილი დაიწყეს - საქართველო!

ძალიან ემოციური იყო ეს ჩვენთვის, წარმოიდგინეთ რამხელა სიხარულია, როცა ჰოლივუდში ხარ და გესმის უცხო ქვეყნის მოქალაქეების შეძახილი - საქართველო!

- საქართველო, ევროპიდან კვარამ (ხვიჩა კვარაცხელია) და ამერიკიდან ლაშამ, მთელ მსოფლიოს გააცნო...

შესანიშნავი ფეხბურთელია კვარა, მაგრამ მის პროფესიას, სხვა დატვირთვა აქვს. ცეკვის ხელოვნებაში კი, არც მსოფლიო ჩემპიონატი არსებობს, არც ოლიმპიადა, რომ მოიგო. რაც შემეძლო ვიმუშავე წარმატების მისაღწევად, ვეცადე, ჩვენი ქვეყნის სახელი და კულტურა ამ დონეზე გამეტანა. მინდა, რომ ეს გამარჯვება ჩემ ქვეყანას და ხალხს მივუძღვნა.