ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მიხეილ ფუხაშვილი

ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„ხანმოკლე და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 58 წლის ასაკში, გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ილორის“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, „რუსთავის“, „ერისიონისა“ და სუხიშვილების ლეგენდარული ანსამბლების მსახიობი-მოცეკვავე.

მიხეილ (მიშა) ფუხაშვილი დაიბადა 1968 წლის 26 ივნისს.

6 წლიდან ცეკვავდა ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლში ტარიელ გოგობერაშვილის ხელმძღვანელობით.
1982-1986 წლებში ი.სუხიშვილის სახელობის სკოლა-სტუდიის მოსწავლეა (პედაგოგი გივი კოჯორაშვილი).

1986 წლიდან ცეკვავდა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავში“ (ხელმძღვანელები: ფრიდონ სულაბერიძე და ანზორ ერქომიაშვილი).

1988-1998 წლებში ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის წევრია.
2000-2002 წლებში მოღვაწეობდა ანსამბლ „ერისიონში“ ჯემალ ჭკუასელსა და რეზო ჭოხონელიძის ხელმძღვანელობით.

2002 წლიდან 2005 წლამდე ფოლკლორულ თეატრ „ნაბადის“ სახე და სოლისტია.
1999 წლიდან დაიწყო ქორეოგრაფიული მოღვაწეობა და 2005 წლიდან ანსამბლ „ილორის“ სამხატვრო ხელმძღვანელია.

ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს მიხეილ ფუხაშვილის უდროოდ გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის მეუღლეს, მოცეკვავესა და ქორეოგრაფს, ანა კენჭაძეს, მის შვილებს, ახლობლებს, კოლეგებსა და მეგობრებს, სრულიად საქართველოს ქორეოგრაფიულ საზოგადოებას“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.