მეცნიერებმა ერთი ეფექტური პროდუქტი დაასახელეს, რომელიც სისხლში შაქრის დონის დარეგულირებაში დაგეხმარებათ

შაქარი

ყოველი დღე ერთი ავოკადოს მიღება დადებითად მოქმედებს სისხლში შაქრის დონის კონტროლზე.

ახალმა კვლევამ, რომელშიც ჭარბი წონის მქონე 1008 ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ამ ჩვევის დანერგვიდან სულ რაღაც 6 თვეში რაციონის გლიკემიური დატვირთვა საგრძნობლად შემცირდა, – წერს გამოცემა Eatingwell.

კვლევის მიმდინარეობისას მოხალისეები ორ ჯგუფად დაყვეს. პირველი ჯგუფი ყოველდღიურად ერთ ავოკადოს მიირთმევდა, თუმცა ინარჩუნებდა ჩვეულ რაციონსა და ფიზიკური აქტივობის დონეს. მეორე ჯგუფის მონაწილეებს კი უფლება ჰქონდათ, თვეში მაქსიმუმ ორი ავოკადო შეეჭამათ. ექვსი თვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც ავოკადოს ყოველდღე მიირთმევდა, რაციონის გლიკემიური დატვირთვა, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, საშუალოდ 13,7 პუნქტით შეუმცირდათ. კვლევების თანახმად, გლიკემიური დატვირთვა არის მაჩვენებელი, რომელიც ასახავს, თუ რამდენად შეუძლია ამა თუ იმ პროდუქტს სისხლში გლუკოზის დონის აწევა. რაც უფრო დაბალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო თანაბრად და მშვიდად რეაგირებს ორგანიზმი ნახშირწყლების მიღებაზე.

რატომ აღმოჩნდა ავოკადო ასეთი სასარგებლო?

კვლევის ავტორებმა აღნიშნეს, რომ იმ მონაწილეებმა, რომლებიც ავოკადოს ყოველდღიურად მიირთმევდნენ, დაიწყეს მეტი უჯრედისისა (ბოჭკოს) და სასარგებლო უჯერი ცხიმების მიღება. ამავდროულად, მათ შეამცირეს ცხოველური ცილის მოხმარება და ნახშირწყლებიდან მიღებული კალორიების წილი.

მეცნიერების თქმით, სწორედ ამ ცვლილებების ერთობლიობამ შეუწყო ხელი მაჩვენებლების გაუმჯობესებას.

კვლევების მიხედვით, ერთი ნაყოფი დაახლოებით 14 გრამ უჯრედისს შეიცავს, რაც ანელებს ნახშირწყლების მონელების პროცესს და ორგანიზმს ჭამის შემდეგ შაქრის მკვეთრი ნახტომების თავიდან აცილებაში ეხმარება.