„4 დღე კომაში იყო“ – ანა მიქაძე ყვება, როგორ მოიწამლა მისი შვილი ყველით და რას ურჩევს მომხმარებლებს

ანა მიქაძე

გადაცემაში - „თქვენი დრო პალიტრაზე“ სტუმრად იმყოფებოდა ყველის ექსპერტი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე. რომელმაც ყველის შენახვის პირობებზე, რისკებსა და უსაფრთხოებაზე ისაუბრა.

ანა მიქაძე მომხმარებლებს მოუწოდებს, ყველის შერჩევისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.

მისი თქმით, წლების წინ მისმა შვილმა ყველის მიღების შემდეგ მძიმე სტაფილოკოკური მოწამვლა გადაიტანა.

როგორც მიქაძე იხსენებს, შემთხვევა იმდენად მძიმე იყო, რომ ბავშვი ოთხი დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა და ექიმებმა მისი გადარჩენა დიდი ძალისხმევის ფასად შეძლეს.

„ჩემი ვაჟი, რომელიც ისედაც რთულია თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, დაემართა სტაფილოკოკური მოწამვლა ყველისგან. 4 დღე იყო კომაში, ძლივს გამოვგლიჯეთ სიკვდილს. მას შემდეგ საერთოდ ნაჩუქარი ყველისკენ აღარ ვიხედები. თუ ზუსტად არ ვიცი, როგორ მოწველა, რა პირობებში დამზადდა, იყო თუ არა პასტერიზებული, როგორ შეფუთეს და როგორ ინახებოდა, ასეთ ყველს აღარ ვეკარები“, – ამბობს ანა მიქაძე.

მისივე განმარტებით, რძის პროდუქტებიდან განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ყველს სჭირდება, რადგან მისი წარმოებისა და შენახვის პროცესში სანიტარული ნორმების დარღვევამ შესაძლოა ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხე შექმნას.

ანა მიქაძე ამბობს, რომ მისი მიზანი შიშის დათესვა არ არის. იგი მოქალაქეებს მხოლოდ სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, რძის პროდუქტები სანდო, ჰიგიენური სტანდარტების დაცვით მომუშავე მწარმოებლებისგან შეიძინონ.