დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დეკანოზი პეტრე კვარაცხელია გოადან ჩამოვიდა. ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული წერტილიდან მასზე შეყვარებული რომ დაბრუნდა, გასაკვირი არ არის. გოა მოვლილები, გოაზე შეშლილები უბრუნდებიან საცხოვრებელს და მერე დიდ ხანს ჰყოფნით ის მაგიური ენერგია, ინდოეთიდან რომ გამოჰყვათ...
დეკანოზი განთიადს ოკეანის სანაპიროზე ხვდებოდა და მედიტაციით მოცული სხვადასხვა მრწამსის უცნობები რომ უღიმოდნენ, მიხვდა, რომ ამგვარი ტოლერანტობა და ჰუმანურობა თუ კი ერთ ადგილას არის შესაძლებელია, ესე იგი, ის ყველგან შესაძლებელია.
მოკლედ, პეტრე კოლხმა ყველას გვისურვა, ერთხელ მაინც მოვხვდეთ გოაზე, რომ საკუთარი თავი შევიმეცნოთ და შინაგანი ბალანსი ვიპოვოთ, რომ მერე ერთმანეთის დახვრა-დატკვერვის სურვილის ნაცვლად, ბედნიერება განვიცადოთ და სამყაროს მიმართ მადლიერება გამოვხატოთ.
დეკანოზი "პრაიმტაიმის" მკითხველს თავის შთაბეჭდილებას უშურველად უზიარებს.
დეკანოზი პეტრე კვარაცხელია: ინდოეთი სულ სხვა რაღაც აღმოჩნდა. თვითმფრინავი რომ ეშვებოდა, ბუდა, ნეპალი, ჯუნგლები და ჩემთვის ძვირფასი პირველი აზიელი ნობელიანტი მწერალი, პოეტი, ფილოსოფოსი და მოაზროვნე - თაგორი გამახსენდა. ასევე გამახსენდა აღმოსავლურ ხალიჩასავით ჭრელი რელიგიები... დავფრინდი, გამოვედი აეროპორტიდან და თვალშისაცემია ანტისანიტარია და სუნი რომელიც დგას, მაგრამ ესეც კი ეგზოტიკურად გეჩვენება, რადგან შემდეგ ყველა ფეხი ნაბიჯზე ჯუნგლებია. საათ-ნახევარი ტაქსით ვიმგზავრე გოამდე. მძღოლს წინ ედო ბუდას პატარა სტატუეტი, ქრისტეს, ღვთისმშობლის პატარა ქანდაკებები, სხვადასხვა ბუდისტური სიმბოლოები, წახნაგები... რახან გოა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული ცენტრია, ტაქსის მძღოლი ტოლერანტობას და სტუმართმოყვარეობას იჩენს და გულს არავის სტკენს.
გოა სულ სხვა სამყაროა. ეს ოკეანისპირა ტურისტული შტატი მსოფლიოს ჭიპია. ძალიან გამორჩეულია. მე გოაზე შეყვარებული ვარ.
საღამოვდებოდა, როდესაც სასტუმროს ნომრებში მოგვათავსეს. ვერ დამეძინებოდა, რადგანაც იმდენად დიდი ემოციური ფონი მქონდა. ამიტომ გარეთ გამოვედი. ჩვენი სასტუმრო პირდაპირ ოკეანეზე იდგა. პირველ დღეს, პრაქტიკულად, ოკეანის სანაპიროზე დამათენდა. იმდენად საოცარი ემოცია გეუფლება, როდესაც დილა უთენია სანაპიროზე გამოსულ ტურისტებს ხედავ, რომ ეს უნდა განიცადო. სანაპიროზე თქვენ ნახავთ თითქმის ყველა რელიგიის და მრწამსის ადამიანს, მეგობრებთან თუ დაქირავებულ პედაგოგებთან ერთად ვარჯიშობენ, იოგით არიან დაკავებულნი, ლოცულობენ, სუნთქვით მედიტაციას ასრულებენ... ეს სანახავად სასწაულია.
აღმოვაჩინე, რომ ეს პირველი ქვეყანაა, რომლის ხილვისას ასეთი წარმოდგენა შემექმნა, რომ ალბათ, ასეთი იქნებოდა სამყარო, ადამს რომ აკრძალული ნაყოფი არ ეგემა სამოთხეში. აბსოლუტურად თანასწორუფლებიანები არიან მუსლიმები, ბუდისტები და ქრისტიანები. თავიანთ ღმერთთან ლოცულობენ, ვარჯიშობენ და ხელს არ უშლიან ერთმანეთს. შესაშურად მნიშვნელოვანი ჩემთვის იყო ის, რომ იცნობდი თუ არა, მოგწონდა თუ არა, ყველა თბილი ღიმილით გესალმებოდა, იყვნენ ბედნიერნი, სავსენი, შინაგანად დადებითად დამუხტულნი. მათ თვალებში ამოიკითხავდი, რომ გოაში და ინდოეთში, არა მხოლოდ ღმერთთან, არამედ საკუთარ თავთან შესახვედრად არიან ჩასულნი. ამხელა გზაზე მიდიან არა ერთი რიგითი ქვეყნის დასათვალიერებლად, არამედ საკუთარი თავის აღმოსაჩენად, თავთან ჰარმონია დაამყარონ და იყვნენ ბედნიერნი, შეხმატკილებულად იმუშაონ იმ ნეგატივის წინააღმდეგ, რომელთან ბრძოლას, ალბათ, მთელი ცხოვრება უნდება.
პირველი ორი დღე გარემოს ათვალიერებ, აკვირდები, ვინ როგორ მეცადინეობს საკუთარ თავთან. მერე თვითონაც პოულობ ამ სულიერ სიმშვიდეს, წონასწორობას და ამყარებ თავთან ჰარმონიას. ჩვენ გუნდს გვყავდა ჩვენი პედაგოგი, რომელიც სწორ სუნთქვას გვასწავლიდა. პირველი ორი გაკვეთილი რთული პროცესია. მიდიხარ ნომერში, ან სანაპიროზე მარტო გადიხარ და მარტო სწავლობ ამ სიახლეს. სამედიცინო პრაქტიკაშიც და ბუდიზმშიც ძილის მოწესრიგება და სწორი სუნთქვაა მთავარი. თუ სწორ სუნთქვას ისწავლით, ბევრი დაავადებისგან განიკურნებით. ყველაზე მეტად კი ნეგატივისგან და უარყოფითი ენერგიისგან განიკურნებით.
ფანატიზმში არ ვარ, უბრალოდ მივხვდი, გოა მე მჭირდებოდა. იქ ჩასვლით ორი წელთაღრიცხვა დაიწყო ჩემს ცხოვრებაში: ჩემი ცხოვრება ინდოეთამდე და ინდოეთის შემდეგ.
ვიცი, რომ ამას იქით რასაც გავაკეთებ, წავიკითხავ, დავწერ იმ ემოციების ნაზავი და სინთეზი იქნება, რაც ინდოეთში განვიცადე. ინდოეთი ამოვწურე-მეთქი ამას არ ვამბობ, რა სისულელეა. იმდენი რამ მაქვს კიდევ სანახავი. მაგრამ რაც დრო გადის, მეფიქრება, რომ ინდოეთი დედამიწას საერთოდ არ ეკუთვნის, ცალკე სამყაროა თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.
საკუთარი თავის ძიების პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ინდოეთში. წარმოიდგინეთ, უამრავი ხალხი რომ გამოეფინებოდა სანაპიროზე, ვიღაცას ჯვარი უკეთია, ვიღაც ურწმუნოა, მაგრამ თურმე დედამიწაზე შესაძლებელია, შენი უფლებების შენარჩუნების ხარჯზე, ისე არსებობდეს სხვისი უფლებები, რომ არ იყოს ომი, შფოთი და დაძაბულობა. გოას სანაპირო პატარაა დედამიწასთან შედარებით, მაგრამ უფრო დიდია, ვიდრე ოკეანის ერთი სანაპირო. იქ დედამიწის ყველა კუთხიდან ჩადის მოსახლეობა და თუკი იმ ერთ ადგილას შესაძლებელია რელიგიის შენარჩუნება, თავის მოპოვება და გვერდით მდგომი ადამიანისთვის შორეული ღიმილის გაგზავნა, ხომ შეიძლება ჩვენს ქვეყანაშიც იყოს ასე, არავის უფლება არ ირღვეოდეს, არ იყოს დაძაბულობა და უბედურების მოლოდინი. თუ ერთ წერტილშია ეს შესაძლებელი, ესე იგი ყველგან შესაძლებელია. ეს უნდა მოგვინდეს.
ჩემი გოაში ჩასვლა იმით არის გამართლებული, რომ ჩემი თავისთვის სხვა თვალით შემეხედა, გარშემო მყოფნიც სხვა თვალით აღმომეჩინა. მე მივხვდი, რომ საერთოდ უაზრობაში ვხარჯავთ დროს. ეს ვიცოდი, რომ მაგრამ გოაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. სად ვართ? რისთვის ვხარჯავთ დროს და ენერგიას? მომხვეჭელობა, მატერიალური კეთილდღეობა, სკამებზე ჩაბღაუჭება, არიქა, რა ჩავიცვა, რა ვჭამო, სად დავისვენო - ეს აბსურდია.
გოაში მივხვდი, რომ სამი დრო არ არსებობს, არის ერთი დრო, აწმყო, რომელშიც წარსულიც და მომავალიც მოქცეულია. თითქოს არც წარსული გვაქვს და არც მომავალი, ვართ აქ და ახლა. მართლაც, იქ არავის აინტერესებდა, ვინ რა თანამდებობაზეა, რა სტატუსი აქვს, როგორ სასტუმროში ისვენებს. იქ ზოგიერთი ადამიანი პირდაპირ სანაპიროზე ცხოვრობს, ათასობით კილომეტრებს გამოდიან, რომ სხვა ემოცია იპოვონ, თავი აღმოაჩინონ და არა რუჯი მიიღონ და შეცურონ. ეს სხვა ქვეყანაშიც შესაძლებელია.
ღმერთმა ქნას, რომ ინდოეთის დათვალიერების საშუალება ერთხელ მაინც მიეცეს ყველას. მადლობა ჩემს მეგობრებს, ამ საშუალების მოცემისთვის. მაგრამ ვინც იქ ჩასვლას ვერ მოახერხებს, ეს არ ნიშნავს, რომ უიმედობაში უნდა აღმოჩნდეს. ნებისმიერ ადგილას, თუნდაც სახლში, საკუთარ თავზე მუშაობა შესაძლებელია, თუ ამის კეთილი ნება გაგვიჩნდება.
ჩემი ქრისტე ღმერთი და სარწმუნოება იქ არავის წაურთმევია ჩემთვის, თუმცა მინდა უფრო ღრმად ჩავუჯდე აღმოსავლურ ფილოსოფიას, რელიგიებს.
მე იქ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაზე მთავარი რელიგია - ადამიანობაა.
ერთი ადამიანი ყიდდა მინერალურ ქვებს. მასთან ვყიდულობდი ზოგს ჩემთვის, ზოგს - მეგობრებისთვის. მინდოდა ინდური ჩაის შეძენა და მან მითხრა, გამოგყვები და მიგასწავლი, სად იყიდება ნამდვილი ინდური ჩაი, თან ვეტყვი გამყიდველს, რომ ჩემი ახლობელი ხარ და ფასსაც დავაკლებინებო. ბოლოს არ იცით, რას მეუბნება, იმდენად მიგეჩვიეთ, მითხარით, სად მოგიკითხოთ, რომ გავიგო, მშვიდობით იმგზავრეთ თუ არაო... აი, როგორი ადამიანური განცდა და ემოცია დამეუფლა. რელიგია კარგი ადამიანობაა...
აუცილებლად დავწერ გოაზე, ინდურ სამზარეულოზე, (რომელიც დაუვიწყარი აღმოჩნდა ჩემთვის. საოცრად ჰგავს სანელებლებით და სიცხარით მეგრულ სამზარეულოს. უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ინდური სამზარეულო პირველ ადგილას არის ჩემთვის) მზის ამოსვლა-ჩასვლაზე, სუნთქვით ვარჯიშებზე...
ისე გავივსე და იმდენად ბედნიერი ვარ, ახლაც მგონია, გვერდით ერთგული ადამიანები დამყვებიან. მგონია, სულ გამყვება ეს ემოცია. წერტილი უნდა დაიჭირო, რომელსაც შეიძლება გადაუხვიო, დაივიწყო, მაგრამ თავად ეს წერტილი არ გივიწყებს. ამ ბალანსის პოვნა აქაც შეიძლება, მაგრამ ვისაც საშუალება მიეცემა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოს გოა. ინდოეთს სამი ვიზიტითაც ვერ ამოწურავ. კიდევ მინდა ჩავიდე. თუ ამის საშუალება მომეცემოდა, დავბრუნდებოდი და კიდევ ბევრ რამეს შევიმეცნებდი. ველოდები სამყაროს, ღმერთს, გამოწვევებს. სად და როგორ წამიყვანს... ვიცი, რომ გადაწყვეტილი მაქვს ბევრი ვიმოგზაურო. ეს საკუთარი თავის შეცნობის კიდევ ერთი კარგი საშუალებაა. ქრისტე გვეუბნება, ვინც სამყაროს შეიცნობს, საკუთარ თავს შეიცნობსო. ჩვენი დედამიწა მაინც ერთი პატარა ბურთია, რომელიც ხელი გულზე გვეტევა, მისი ერთხელ შემოვლა, ყველას შეგვაძლებინოს ღმერთმა...