4 ორსიტყვიანი ლოცვა, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს
1747342967
14 თებერვალს მისტერ ვალენტინი 2023 გაიმართა, სადაც ჟიურის მოხიბვლა და გულის მოგება 23 წლის ახალგაზრდამ, ზურა კობიშვილმა შეძლო.
ზურა 1.90 სანტიმეტრია და მისი წონა 90 კილოგრამს შეადგენს. როგორც გაგვიმხილა, პროფესიით მუსიკოსს სამოდელო სფეროში გამოცდილება არ აქვს და მისთვის ეს პირველი გამოცდილება და გამარჯვებაა.
ზურა კობიაშვილი: - პროფესიით მუსიკოსი, ოპერის მომღერალი გახლავართ. ჩემი მთელი შემოქმედებითი მიზნები და მისწრაფება მუსიკაა, სიმღერა. ვარ კონსერვატორიის სტუდენტი, წელს ვამთავრებ. სწავლის გასაგრძელებლად და შოუ ბიზნესის გზით ამ წლის შემოდგომაზე, ამერიკაში, ნიუ-იორკში მივდივარ.
ჩემთვის ეს პირველი გამოცდილება იყო, მოდელობასთან არანაირი შეხება არ მქონია, არც ამბიცია. სიმართლე გითხრათ, გასართობად გავედი. ვიცოდი, რომ კარგი შოუ კეთდებოდა. გავიმარჯვე, ეს იყო მოულოდნელი და ძალიან სასიამოვნო.
ერთ-ერთ ორგანიზატორი, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ, დამიკავშირდა და მითხრა, გამოდი, გაერთობი, კარგი შოუ იქნებაო. მოლოდინი არ მქონდა რომ გავიმარჯვებდი, რადგან არც გამოცდილება მქონია და არც ამბიცია. როცა რაღაცის ამბიცია არ გაქვს, ძნელია, იმის მოლოდინი გქონდეს, რომ გაიმარჯვებ.
- გამარჯვების შემდეგ თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა, სამოდელო კარიერა გააგრძელოთ?
- რა თქმა უნდა. ძალიან მიყვარს გემოვნებიანი ჩაცმა, კლასიკური სტილი, ცოტა ეპატაჟურიც. ეს ჩემი მიდრეკილება არის ინფლუენსერის დონეზე და არა მაგალითად, როგორც პოდიუმის მოდელი. ძალიან დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას კლასიკური სტილის შარვლისა და პიჯაკების გარეკლამებაში და ასევე, მამაკაცის აქსესუარების.
- მითხარით, რომ გამარჯვების შემდეგ დილა სულ სხვანაირად დაიწყო...
- ნამდვილად, სულ სხვანაირად დაიწყო. გავიღვიძე და ფეისბუკზე რომ შევედი, ასობით მოლოცვა დამხვდა, ძალიან დადებითი კომენტარები. ჩემი ვიდეო გადააზიარეს სხვადასხვა ფეისბუკ გვერდსა და ჯგუფში. მოველოდი, რომ უარყოფითი კომენტარებიც დაიწერებოდა.
იდეალური არ არსებობს, მით უმეტეს, ასეთი გაჭირვებაა ქვეყანაში, ინტელექტის, განათლების დაბალი დონე. ძალიან ბევრი ცუდი კომენტარიც დაიწერა, რასაც ყურადღება არ მივაქციე. რამდენიმე ადამიანი ვნახე და მივხვდი, რომ იყვნენ ყოვლად შეუმდგარი, რომელთაც სხვისი წარმატება და გამარჯვება არ ახარებთ.
ვარ ადამიანი, რომელსაც არასდროს არავისთვის ცუდი არ უსურვებია და მაზოლზე ფეხი არასდროს დამიჭერია. ყველაზე მეტად ბულინგმა დამწყვიტა გული. თუ კაცი კონკურსზე გადის, უვლის თავს, აქვს მოწესრიგებული თმა და ფრჩხილები, რატომღაც არის ასეთი სტერეოტიპი, რომ გეია. ჩემთვის ეს იყო გაურკვეველიც და გაუგებარიც. მომაწერეს გეის სტატუსი მაშინ, როცა ჩემს გვერდით ქალი კი არა, ქალღმერთია.
- ვინ არის თქვენი რჩეული?
- ჯერჯერობით, ოფიციალურად მეუღლე არ არის, მაგრამ 2-წლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს. ის უკვე 20 წელია, რაც საქართველოში აღარ ცხოვრობს და აქვს ამერიკის მოქალაქეობა. 20 წლის შემდეგ საქართველოში საქმეზე პირველად ჩამოვიდა და შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი. აქ ჩემს გამო დარჩა, ახლა ველოდებით როდის დავასრულებ სწავლას, რომ ერთად წავიდეთ ნიუ-იორკში. მას შეხება აქვს ცნობილ რეჟისორებთან, ქასთინგ-დირექტორებთან და შოუბიზნესში დიდხანს იყო. როცა გაიგო ჩემი ინტერესების შესახებ, რა თქმა უნდა, ჩემით დაინტერესდა და ერთად დიდი გეგმები და მიზნები გვაქვს.
ამ ეტაპზე, ერთადერთი გეგმა გვაქვს, ამერიკაში წავიდეთ და იქ ჩემი კარიერა დავიწყო.
- ოჯახში ვინმე თუ არის ხელოვნებით გატაცებული?
- ჩემს ოჯახში ხელოვნებასთან არავის ჰქონია შეხება. დედაჩემი პედაგოგია, 16 წლის განმავლობაში საბავშვო ბაღში მუშაობდა, არც მამაჩემს და ჩემს ძმას აქვთ მუსიკასთან შეხება. მუსიკალურ სკოლაში არ მივლია, 1 თვე დავდიოდი და გამომაგდეს. რომ მივედი და პირველ კლასში დამსვეს, მასწავლეს ნოტები და ყველაზე მარტივი მუსიკის დაკვრა, ზედა სართულებზე იყო დამამთავრებელი კლასელები, საიდანაც შოპენის, რახმანინოვის, საფორტეპიანო კონცერტების ხმა, მთელი მუსიკალური ქარიშხალი ისმოდა. მე, სულ რაღაც 7 წლის ბავშვს გამიჩნდა სურვილი, რომ ის დამეკრა, „კარგი მუსიკა“. ამის გამო ჩემს პედაგოგთან კამათი მქონდა, რატომ მასწავლიდა მინიატიურულ ნაწარმოებებს. ამის გამო, ჩემი პედაგოგი მიბრაზდებოდა და გადავწყვიტე, საერთოდ წამოვსულიყავი და მუსიკა აღარ გამეგრძელებინა.
მქონდა საოპერო ხმა და აქ, თბილისში, სრულიად შემთხვევით, სოფო ბედიამ მომისმინა. მე იმ პერიოდში იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი. სოფომ მითხრა, ეს ხმა არ უნდა დაიკარგოსო და ჩემს მაესტროსთან, ოპერის სოლისტთან, გოჩა დათოსანთან გამგზავნა ხმის შესამოწმებლად. ასევე, მას უნდა ერჩია პედაგოგი. გოჩა, რომელიც ახლა უკვე ჩემი მეგობარი და მეორე მამაა, ჩემი ხმით დაინტერესდა და არავისთან გამიშვა, თავად აიღო ვალდებულება, რომ გავეზარდე, როგორც საოპერო მომღერალი. მე მისი პირველი მოსწავლე ვარ.
- სხვა კონკურსებში თუ მიგიღიათ მონაწილეობა?
- კორონავირუსის დროს სიბელიუსის საოპერო ონლაინ კონკურსი ჩატარდა, სადაც გავიმარჯვე, ავიღე მეორე ადგილი და დიპლომი. ახლა ამერიკის კონკურსებისთვის ვემზადები და დიდი გეგმები გვაქვს წინ, როგორც საოპერო, ასევე ბროდვეის და საესტრადო შესრულებებით.
- როგორც მივხვდი, მშობლებს არ სურდათ მუსიკას გაჰყოლიდით, ამიტომ აირჩიეთ იურიდიული განათლება?
- იურიდიულის სტუდენტი რომ ვიყავი, ჩემს მშობლებს იმის იმედი არ ჰქონდათ, რომ მე ოდესმე კონსერვატორიაში ჩაბარება შემეძლო, ან საოპერო სფეროს გაყოლა. რადგან ამას ათწლეულების განმავლობაში წინასწარი მომზადება, გამოცდილება სჭირდება. მხოლოდ ჩემი ხმის იმედით, კონსერვატორიაში სტუდენტების მიღებაზე გავედი და მესამე ადგილი ავიღე. უფასოდ, სრული დაფინანსებით მოვეწყვე. ჩემ გვერდით ჩემი კურსელები იყვნენ, რომლებიც უკვე 10 წელია, რაც მეცადინეობდნენ და ემზადებიან კონსერვატორიაში ჩასაბარებლად. გამოვიდნენ მეათე, მეცხრე ცდაზე, რადგან ეს არის ურთულესი.
მთელი საქართველოს და ამიერკავკასიის საერთაშორისო სასწავლებელია და კონსერვატორია მხოლოდ და მხოლოდ, 8 მამაკაცს იღებს საოპერო ხმისთვის, რომ გახდეს მომღერალი. ამ რვაში მესამე ადგილი დავიკავე სრულიად გამოუცდელმა და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული და დიდი შრომის დაფასება.
ჩემი მშობლები მეუბნებოდნენ, შენ არ გახდები მომღერალი, არ გაქვს საოპერო ხმა, შენ არ იცი მუსიკა, ნოტები... დედაჩემი ემიგრანტია, იტალიაში იმყოფება, ღამის პირველ საათზე დავურეკე და კონსერვატორიის შედეგი ვაცნობე. დედა, იცი მე კონსერვატორიაში ჩავაბარე და თან დაფინანსებით-თქო... ეს იყო ჩემი ოჯახისთვის შოკი...