ნინო წილოსანი: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანება უკეთეს კოორდინაციას უზრუნველყოფს

ნინო წილოსანი

 პარლამენტი მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავს პაკეტს, რომლის მიხედვითაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები ერთიანდება, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი უქმდება.

მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცემა სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაციის და ხელშეწყობის ფუნქციაც.

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების ახალი ვარიანტი და მისგან გამომდინარე პროექტები პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, შესაბამის ცვლილებებს პარლამენტი კენჭს მიმდინარე სასესიო კვირაში უყრის.

"რეგიონალური პოლიტიკის მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის პოზიცია აღარ არის დღის წესრიგში და აღარ არის რელევანტური. შესაბამისად, რეგიონალური პოლიტიკა სრულად ერთიანდება ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგიონალური სამინისტროს ძირითადი მიმართულებები ისედაც ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები იყო, ამიტომ ვფიქრობ, რომ, ორივე სამინისტროს გაერთიანებით, უკეთესი კოორდინაცია იქნება.

შესაბამის ცვლილებებს პარლამენტი კენჭს უყრის მიმდინარე სასესიო კვირაში", - განაცხადა ნინო წილოსანმა.