ჰოლივუდის რომელმა ვარსკვლავებმა დაკარგეს სახლები კალიფორნიის ხანძრის გამო?
1736456250
ქეთევან ბექაური მამა გაბრიელის სულიერი შვილია. მუსიკოსს უამრავი მოგონება აქვს ჩვენი დროის დიდ მამაზე. ამ ფასდაუდებელ ისტორიებზე წვდომა კი, მსურველთ, ინტერნეტით, ალბათ, აქამდეც გქონიათ. მამა გაბრიელზე დაუჯერებელ ისტორიებს რომ ისმენ, ურწმუნოც რომ იყო, მაშინვე უფლის მადლით ივსები... უხილავი ენერგია გაჯაჭვებს ამ სათნო სალოსთან.
ამჯერად კი, ქეთევან ბექაური, ბერი გაბრიელის შესახებ თავის ძვირფას მოგონებებს წიგნის სახით გვჩუქნის.
უცნაურია და სამწუხაროა ის, რომ მამა გაბრიელზე მოგონებები ქართულზე ადრე, რუსულად დაიბეჭდა. წიგნის პრეზენტაცია მოსკოვში, წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში შედგა. წიგნის ქართული ვერსია კი მალე გამოიცემა. მამა გაბრიელის ისტორიებს წაიკითხავენ სხვადასხვა ენებზეც.
ქეთევან ბექაური "პრაიმტაიმის" მკითხველს უყვება წიგნზე, რომელიც მისი რუსი მეგობრის სურვილითა და წაქეზებით გამოიცა.
ქეთევან ბექაური: ეს ადამიანი ჩემმა მეგობარმა სვეტიცხოველში გამაცნო, მამა გაბრიელზე გიჟდებაო, მითხრა. რახან თვითონ ისურვა ინკოგნიტოდ დარჩენა, მის ვინაობას არ ვასახელებ. დავმეგობრდით. რომ არა ეს ბიჭი და მისი დაჟინებული თხოვნა, ეს წიგნი არ გამოვიდოდა... საკმაოდ დიდი ხანი მთხოვდა მოგონებების დაწერას მამა გაბრიელზე. შენ იმდენი რამ იცი, დაწერე, მომეცი და ისეთი ხალხის ხელში მოვახვედრებ, მადლობელი დარჩებიო, მეუბნებოდა. ეს ხომ ისტორიაა, ეს ხომ ყველამ უნდა იცოდესო, არადა არ მომეშვა. ნაწილი მანამდეც დაწერილი მქონდა, პანდემიის დროს კი დავწერე მეორე ნახევარი, სულ 432 გვერდი გამოვიდა. შემდეგ უსაყვარლესმა ხელოვნებათმცოდნე ქალბატონმა სიტყვა სიტყვით თარგმნა რუსულად.
გულახდილად გეტყვით, მარტივად მომეცა ამ წიგნის დაწერის საშუალება. მე იქ არ ვმსჯელობ, არ ვხსნი, არ მაქვს წიაღსვლები. მხოლოდ ვიგონებ მას, რაც იყო. ერთ ამოსუნთქვაზე მარტივი ენით დაიწერა. ამოცანაც ასეთი იყო, მე მაინც არაფერი ვიცი. ერთმა ღმერთმა იცის, ვინ იყო მამა გაბრიელი.
მერე დაწერილს თვალი რომ გადავავლე, არ მომეწონა, ეს არ არის მამა გაბრიელი. უნდა წავშალო და თავიდან დავწერო-მეთქი, ვიფიქრე. მაგრამ იქვე მოვიდა აზრი, დაიწყებ თავიდან? უფრო არ გამოგივა, გააფუჭებ ყველაფერს!..
ერთხელ საუბრობდა მამა გაბრიელი. მე ამ დროს გავიფიქრე, ნეტა, ახლა იმ სიმაღლიდან დამიწყოს საუბარი, რა სიმაღლის ბერიც არის, ნეტა თუ გავიგებ რამეს-მეთქი?! უცებ ჰაერი რომ გაჭრა, ასე შემოვიდა რაღაც, საუბრით, რომელიც არითმეტიკას ჰგავდა, მაგრამ კიდევ უფრო ზე ამაღლებული იყო. ვერაფერი გავიგე. ისევ დაიხურა ეს ჰაერი, მამა გაბრიელიც ისევ პირვანდელ საუბარს გაჰყვა. მივხვდი, რომ წიგნის დაწერა აღარ უნდა მეცადა თავიდან. დაიწერა როგორც გემრიელი შოკოლადის კანფეტი ბავშვებისთვის. მე სხვანაირად არ შემეძლო. არც ბრძენი ვარ, არც მეცნიერი, არაფერი მყოფნის - არც ენა, არც გონება. მედიაში მამა გაბრიელზე საჯაროდ საუბარს რომ მთხოვდნენ, წინასწარ ვერასდროს ვემზადებოდი. არ გამოდიოდა, გამორიცხული იყო. ენა არ მყოფნიდა მასზე სასაუბროდ, რომელ გამოცდილებაზე და ცოდნაზეა საუბარი.
ეს იყო მაღალი დონის სულიერების მქონე დიდი ბერი. მან ისე შენიღბა საკუთარი თავი (ამის დიდოსტატი იყო), ისე მოვიდა ამ ქვეყანაზე და ისე გავიდა ამ წუთისოფლიდან, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო. დაფარულია მისი ღვაწლი. ჩვენ მაინც ცოტა ვიცით მის შესახებ. თვითონ მოისურვა ასე, რომ არავის არაფერი სცოდნოდა.
მამა გაბრიელმა საკუთარი მე ჯვარს აცვა. ამით არაფერი დაუკარგავს, პირიქით, ყველაფერი მოიპოვა. საშინელ ძალებს ფლობდა. იყო ბრძენზე ბრძენი და სულელზე სულელი, ისე იქცეოდა. იყო აბსოლუტურად ყველასთვის, მაგრამ აბსოლუტურად მხოლო და მარტო. მარტო, მაგრამ მთელი ზეცა მასთან ერთად იყო. როდესაც მასთან მიდიოდი, მაშინ ცოცხლდებოდა. დიდოსტატი იყო. მამა გაბრიელი ჯოკერი იყო (იცინის). საოცრება გახლდათ... ათას კაცში ისეთ სიტყვას დაგიძახებდა, მარტო შენ გაიგებდი და შენ გაგახარებდა. სხვები ვერ გაიგებდნენ.
არ დაგიმალავთ და როდესაც ჩემმა რუსმა მეგობარმა, მამა გაბრიელზე ჩემი მოგონებები - ბერმონაზონ მათფეისა და მეუფე ტიხონს მიუტანა, ვფიქრობდი, ყველაფერს არ დაბეჭდავენ-მეთქი. განსაკუთრებით, მისტიკურ ნაწილზე მეფიქრებოდა, ამოიღებენ-მეთქი. ჩემთვის ყველა ისტორია ბრილიანტი და თვალმარგალიტია, რაც მამა გაბრიელთან არის დაკავშირებული.
მოხდა საოცრება - არაფერი ამოუღიათ! ყველა ისტორია დატოვეს, დაალაგეს და გამოუშვეს მაღალ დონეზე.
წიგნზე ძალიან განსწავლული ბერმონაზონი მამა მათფეი და მეუფე ტიხონი (რომელსაც მამა გაბრიელი ძალიან უყვარს) მუშაობდნენ, ინტელექტუალები. ყველაფერი საუკეთესოა - შრიფტი, ყდა; ფოტოსურათებს 17 გვერდი უკავია. მონათხრობის მისტიკური ნაწილი მონაზონმა ემილიამ თავისი ნახატებით გააფორმა. როგორ გაიაზრა, იშრომა და რა ნახატები შექმნა ამ რუსმა მონაზონმა. ქართულთან ისე ახლოს არის. ვინც ამ წიგნზე მუშაობდა, მეუბნებოდნენ, არ გვინდა წიგნს მოვშორდეთო. არაჩვეულებრივი ნაშრომია.
"ერთმა ღმერთმა იცის, ვინ არის გაბრიელი" - ასე ჰქვია წიგნს. ერთხელ მამა გაბრიელთან ვიჯექი და ვფიქრობდი, ვინ არის მაინც ეს კაცი, რა სიმაღლის ბერია-მეთქი. უცებ დამიყვირა, ასი წელი რომ მიყურო, მაინც ვერ გაიგებ - ვინ ვარ. ერთმა ღმერთმა იცის, ვინ არის გაბრიელიო.
წიგნის პრეზენტაცია მოსკოვში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში ნოემბერში შედგა. პარაკლისი ქართულად ჩატარდა. ქართველები გალობდნენ. ქართულმა ტრიომ "სულიკო" და "თბილისო" შეასრულეს. მე თბილისიდან ჩავერთე. სტუმრებს მამა დანიელი ხაჭაპურით, ჩურჩხელითა და ღვინით გაუმასპინძლდა. ლამაზი ატმოსფერო სუფევდა. იქ ტრიალებდა მამა გაბრიელის სული. ამას ყველა გრძნობდა და აღნიშნავდა.
მოკლედ, დაიდო კონტრაქტი და გადაწყდა, რომ ეს წიგნი უნდა გამოიცეს რამდენიმე ენაზე, მათ შორის - ქართულად. კურთხევა დედა ქეთევანისგან ავიღე. მოგონებების პირველადი ვერსია სამთავროს დედათა მონასტრის არქივს ჩავაბარე.
წიგნის პირველი ტირაჟი გაიყიდა. მეორეს დაბეჭდვას თებერვალში ფიქრობენ.
ამ წიგნის გამოცემა უფალმა შემაძლებინა. რომ არა ეს ხალხი, მე წიგნს ვერასდროს დავწერდი. ღმერთმა გამოარჩია ისინი. დასანანია, რომ აქამდე ვერ გამოვეცით. მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის. მე მანამდეც ვეცადე... საბოლოო ჯამში, კმაყოფილი და მადლობელი ვარ, რომ ეს მოხდა, თანაც მაღალ დონეზე. ეს დიდი საქმეა. ეს წიგნი საჩუქარია, მე მასში ჰონორარი არ ამიღია. ეს ყველასი - ჩვენი წიგნია. მამა გაბრიელთან "მე და შენ" არ იყო, მისთვის იყო - "ჩვენ." ეს წიგნიც არის "ჩვენ". მე ჩემი თავის უკმაყოფილო ვარ. არ მყოფნის ის, რაც დავწერე. ისეთი უსასრულოა მამა გაბრიელი... მასთან გატარებული ყოველი დღე იყო სასწაული, სრულყოფილებაში ვიყავი, დედამიწაზე სასუფეველში. მამა გაბრიელის გარდა არაფერი მინდოდა. ასე იყო ყველა, ვინც მას სტუმრობდა.