"ამ ქვეყნიდან შენი გასვლის ჟამი იყო, მაგრამ უფალს იმდენად შეებრალა შენი ქმარ-შვილი, რომ შენი თავი მათ აჩუქა!" - მამა გაბრიელის სულიერი შვილის საოცარი ისტორია

manana

მანანა ხორბალაძე მამა გაბრიელის სულიერი შვილია. 23 წელია ბელგიაში ცხოვრობს. ანტვერპენში შერყეულმა ჯანმრთელობამ ჩაიყვანა. ყველაფერი კი, ფერისცვალების დღესასწაულზე დაიწყო...

ის, რაც ჩვენი დროის უდიდესი წმინდანის სულიერმა შვილმა "პრაიმტაიმს" უამბო, რწმენაში ნამდვილად განგამტკიცებთ.

მანანა ხორბალაძე: მამა გაბრიელი მაშინ გავიცანი, ეკლესიური ცხოვრება ახალი დაწყებული რომ მქონდა. ბევრი ჩემი განსაცდელის შედეგად ქრისტეს გზას შევუდექი. შეუძლებელია დალხინებული ადამიანი უფალთან მივიდეს. ღმერთს ტკივილით და განსაცდელით პოულობ. მადლობა ღმერთს და დიდება უფალს ამისთვის.

სიმსივნე მარჯვენა საკვერცხეზე მქონდა. ექვს თვეში მარცხენაზეც განვითარდა. მაშინ უფალმა გადამარჩინა. საოპერაციოში დავინახე მაცხოვარი... მერე კლინიკური სიკვდილი მქონდა.

ეკლესიური ცხოვრება ამის შემდეგ დავიწყე.

მამა გაბრიელთან მოძღვრის, მამა არჩილ მინდიაშვილის კურთხევით, მეგობარმა წამიყვანა.

სამთავროს მონასტერში რომ შევედით, მამა გაბრიელი კელიასთან დაგვხვდა. როგორც მასპინძელი ელოდება სტუმარს, ასეთი შემთხვევა იყო. დამლოცა, გულში ჩამიკრა და მითხრა: ქრისტე ღმერთმა დაგლოცოს. როგორ უყვარხარ, დაო, ღმერთსო. მე ეს სიტყვები გამიკვირდა, რადგან მანამდე მთელი ცხოვრება საშინელი ათეისტი ვიყავი. გულში გავიფიქრე, როგორ შეიძლება მე ვუყვარდე ღმერთს-მეთქი. დიახ, მამა გაბრიელი ამ სიტყვების შემდეგ ჩემს გულში შემოვიდა. მე მასში ამ დღიდან ცოცხალ წმინდანს ვხედავდი.

ვუამბე, როგორ გავხდი ეკლესიური. მითხრა, შენ უფალი დიდ გამოცდას მოგიწყობსო. გადაიჭდო ხელები და დაამატა, როგორ უყვარხარ უფალს, ჩემთან მინდა მანანაო, ამბობსო. მე ვერ ვხვდებოდი მისი ეს ნათქვამი რას ნიშნავდა. აღმოჩნდა, რომ მამა გაბრიელი ამით მინიშნებას მაძლევდა.

დავიწყე ამ მონასტერში სიარული და უკვე კვირაობით ვრჩებოდი დედებთან. შვილებს ჩემს ქმართან ვტოვებდი, მეხუთე-მეშვიდე კლასის მოსწავლეებს და მე მონასტერში ვიყავი...

მამა გაბრიელი ამოუცნობი და დიდი იყო. კაცთანაგან ვერავინ ჩასწვდა მის სიღრმეებს. ყველასთვის მიუწვდომელი იყო. ის იმისთვის მოვიდა ამქვეყნად, რომ ქართველი ხალხისთვის ღმერთის და მოყვასის სიყვარული ესწავლებინა. მთლიანად სიყვარული იყო. უყურებდი, რომ შენს წინ ცოცხალი წმინდანი იმყოფებოდა, მაგრამ უცებ ისე დაიწყებდა სალოსობას, რომ გაოგნებული რჩებოდი. ამის გამო ბევრი განიკითხავდა. უამრავი მეგობარი მყავდა მასთან მიყვანილი, თან ყველას ვაფრთხილებდი, ცოცხალ წმინდანთან მიმყავხართ-მეთქი. მამა გაბრიელი ხომ ყველაფერს წინასწარ გრძნობდა, ჩვენს ფიქრებსაც. ამიტომ მასთან მისულების წინ ისეთ რამეებს აკეთებდა, რომ ისინი დაებრკოლებინა. ეს არის წმინდანიო, მერე გაოცებული მეკითხებოდნენ.

ამას იმიტომ აკეთებდა, რომ თავი დაემდაბლებინა. მე მისი მსგავსი სიმდაბლის ადამიანი არსად მინახავს. ასეთი სიმდაბლე მხოლოდ წმინდანების ხვედრია.

არ უნდოდა, რომ მასზე ეფიქრათ, რომ ის წმინდანია. ამიტომ სალოსობით ამ ეჭვს აქარწყლებდა. ცოდვილთა შორის ყველაზე ცოდვილი ვარ, მტვერი ვარ, არარაობა ვარო, სულ ამას ამბობდა.

ნელ-ნელა წონაში დავიკელი, ფერი დამეკარგა... ფერისცვალება იყო, მეგობრებთან წყნეთში ვიყავი წელის არეში ჯოჯოხეთური ტკივილი რომ დამეწყო. ფეხზე ვერ ვდგებოდი. რენტგენი გამიკეთდა, მოიწვიეს კონსილიუმი. მაშინ იყო მხოლოდ თერმოგრაფია, ძვლების გამოკვლევა. 45 წუთი მიღებდნენ. პროფესორმა ალეკო სეფიაშვილმა მითხრა, რომ პროცესი წელიდან ძვლებზე იყო წასული...

ამას ის გამიგებს, ვისაც გადაუტანია, რას ნიშნავს, როცა ხვდები, რომ აქ დამთავრდა შენი ცხოვრების დღეები და მარადიულში უნდა გადაინაცვლო. ძვლის დაშლის პარალელურად სისხლის გათეთრებაც მქონდა... არც ქიმია და არც სხივური თერაპია აღარ იყო უკვე საჭირო. მაქსიმუმ სამი თვე დაგრჩაო...

ამ დროს ფიქრობ შვილებზე და შენზე შეყვარებულ მეუღლეზე.

 33 წლის ვიყავი...

ნოდარ, არ ინერვიულო, მე ვიცოცხლებ-მეთქი, ქმარი გავამხნევე.

არამიწიერი ტკივილი მქონდა ხერხემალზე, რომელიც თავის ქალაზე ამდიოდა. თითქოს ქალა უნდა ამომვარდნოდა. ვიწექი და მორფინს მიკეთებდნენ.

ერთხელაც დავხუჭე თვალები და უეცრად პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის ეზოში აღმოვჩნდი, ავლაბრის ტაძარია. შემოვლა დავიწყე სულიერ და-ძმებთან ერთად. დაიწყო მიწისძვრა. ხალხი მიმოიფანტა, წივიან-კივიან. საკურთხევლის მხარეს, მუხლებზე დავვარდი და ლოცვა დავიწყე. მიწა გათეთრდა ისე, როგორც გოლგოთას მიწაა. მერე დამშვიდდა ყველაფერი. სულიერი ძმები მეუბნებიან, შენმა ლოცვამ გვიხსნაო. ხის კარი გაჩნდა და ორი შავით მოსილი მოძღვარი იდგა, უზარმზარი ჯვრები ეკიდათ. მოვიდა ჩემი რიგი. ნაჯახი ეჭირა და მკითხა, ვინ გიყვარს ყველაზე მეტად, უფალი თუ ქმარ-შვილიო? უფალი იესო ქრისტე-მეთქი. მუხლი მოვიდრიკე. მივხვდი, რომ თუ მე უფალს ავირჩევდი, თავს მომკვეთდნენ. საბოლოოდ გეკითხებით, ვინ გიყვარს ყველაზე მეტად... უფალი იესო ქრისტე-მეთქი. თავი მომკვეთა. სული ამოსრიალდა. შევდივარ გახსნილ თაღში. უზარმაზარი სვეტებიანი დარბაზია. თეთრი სამოსია აცვია ყველას. მოხვედი, დაო, მეფერებიან. ნუთუ ეს სასუფეველია-მეთქი, ვფიქრობ. გამახსენდა შვილები და ავტირდი. ნუ სტირი, დაო, განა შენ თვითონ არ აირჩიე ეს გზაო, ჩამესმა. გვერდზე დედა ღვთისმშობლის უზარმაზარი ხატია. წითელმოსასხამიანი მარიამ ღვთისმშობელი გადმოვიდა და ხელი დამადო. ლოყით მივეხუტე. ეს ჩემთვის დიდი ნუგეში იყო. გაისმა მშვიდი ხმა - უფალი მოდისო... და მოვიდა მაცხოვარი. როდესაც ჩემს ხილვებში მაცხოვარს ვხედავ, ყოველთვის ისეთია, როგორც ხელთუქმნელ ხატზეა. აცვია გრძელი თეთრი სხივმოსილი სამოსი.

გავახილე თვალები და საწოლში ვარ. მამა არჩილს დავურეკე და მოვუყევი. მოვდივარ და გაზიარებო, მითხრა. პარაკლისი გადამიხადა, მაზიარა. მანანა შენი გასვლის ჟამია ამ ქვეყნიდან. მზად ხარო?

იყოს ნება შენი უფალო-მეთქი...

მეორე დღეს შუადღეს თვალი გავახილე და მამა გაბრიელი ზის ჩემთან, ზალაში. მომეჩვენა-მეთქი, ვიფიქრე. დავხუჭე თვალი, გავახილე და ნამდვილად ჩემს სასთუმალთან დამხვდა. გულში ჩამიკრა და აი, მაშინ ავტირდი პირველად. მამა გაბრიელი აქვითინდა, მეც ვქვითინებდი. უეცრად ისეთი სიმშვიდე დამეუფლა. მამა გაბრიელი დადგა საწოლის ბოლოში და მითხრა:

მე შენ მინიშნებას სულ გაძლევდი. მაგრამ უფალმა თავისი გადაწყვეტილება შეცვალა. მართალია, ამ ქვეყნიდან შენი გასვლის ჟამი იყო, შენი ხილვა მაგას ნიშნავდა, მაგრამ უფალს იმდენად შეებრალა შენი ქმარ-შვილი, ლოცვა შესმენილია, შენი თავი მათ აჩუქა!

მე ვფიქრობ, მამა გაბრიელის ლოცვით, ღმერთმა ჩემი ბედისწერა ზეცაში შეცვალა. შემდეგ მითხრა, ახლა შენს თავს რაც მოხდება ეს ღვთის საიდუმლოებაა. მე მისი გაცემის ნება არ მაქვს. ერთი რამ კი დაიმახსოვრე: შენ უფალი ცეცხლში გამოგატარებს და როგორც ოქროს, ისე გაგწმენდს. მოთმინება და ლოცვაო...

მოგვიანებით გავიგე, თავის კელიაში უთქვამს, ვინ თქვა მანანა ხორბალაძე კვდება. მაშ, აქ გაბრიელ ბერი რას აკეთებს, კვერთხი მომიტანეთო და ჩემთან წამოსულა...

გავიდა დრო. ამ ჯოჯოხეთურ ტკივილში რვა წელი გავატარე. ეტლით გადავადგილდებოდი. მამა გაბრიელი მამა ნიკოლოზს მიგზავნიდა. 

მერე იყო ჯერ მოსკოვი, შემდეგ გერმანია და ბოლოს ბელგია, სადაც 43 მძიმე ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ოდნავი შიშით არ შევსულვარ საოპერაციოდ. ეს ღვთისგან მომადლებული ძალით ხდება, რა თქმა უნდა. შეუძლებელია ეს ყველაფერი ადამიანმა დაითმინო. ბევრი სასულიერო პირი მყავს მეგობარი და როცა მე ოპერაციას ვიკეთებდი, საქართველოში ალბათ ყველა ეკლესია-მონასტერში ლოცულობდნენ ჩემზე. პარაკლისები, წირვები გადამიხადეს. 

***

ბოლო ჟამს, ქართველ ერს მხოლოდ სიყვარული გადაარჩენსო, მამა გაბრიელი ამბობდა.

ღვთიური სიყვარულის ლამპარი დაგენთოთ გულებში, სხვაგვარად შეუძლებელია იყოს მშვიდობა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

"დავიწყე შემწვარი კარტოფილის ჭამა, სასწაულად გემრიელის, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ კარტოფილი არ იყო!.." - მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული

"თუნდაც ახლოს ყუმბარა აფეთქდეს, ტყვია გავარდეს - ვერანაირი უბედურება შენ ვერ შეგეხება…" - მამა ვიტალის რჩევით, რა ლოცვები გვიცავს დილაობით