„მივხვდი, რომ წინათგრძნობა მქონდა. გარდაცვალების შემდეგ გავიგეთ, რომ თურმე...“ - ლევან ჩხაიძე 36 წლის გახდებოდა

ლევან ჩხაიძე

დღეს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი - ლევან ჩხაიძე, ჩვენი მედიასამყაროსთვის საყვარელი ჯაკო, 36 წლის გახდებოდა. ლევანი სამი წლის წინ, ბუდაპეშტში გარდაიცვალა.

საყვარელ მეგობარსა და კოლეგას ინგა გრიგოლია ძალზე ემოციური წერილით იხსენებს, რომელიც მან "პრაიმტაიმისთვის" 2019 წელს დაწერა... 


ინგა გრიგოლია: რამდენიმე წლის წინ ძალიან ცუდად ვიყავი და უცხოეთში წავედი გამოკვლევებზე. წასვლამდე ვკითხე, რომ მოვკვდე, ინერვიულებ-მეთქი?  შეიძლება, არ დაიჯეროს უცხომ, რასაც ახლა დავწერ, მაგრამ დაიჯერებს ის, ვინც მას ახლოს იცნობდა, რადგან ყველა მეგობარმა იცოდა, რამდენად გულჩვილი იყო. თვალები ცრემლებით აევსო და მთხოვა, არასოდეს მითხრა ეგ სიტყვებიო. იტირა... მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემზე ადრე წავიდოდა...

მის საფლავს ასე აწერია - ლევან ჩხაიძე, ჯაკო... ორი სახელი ჰქონდა.. ლევანი და ჯაკო, ჩვენ, ჟურნალისტები, ლევანს არასდროს ვეძახდით. ის იყო ჯაკო და  იყო ერთადერთი. ამ წერილშიც მე მას ჯაკოდ მოვიხსენიებ... ასე უფრო გულწრფელად დავწერ. ასე უფრო გულწრფელად მოგიყვებით ყველასგან  გამორჩეულ ადამიანზე ჩვენს პროფესიაში, ადამიან-სიკეთეზე, სიცოცხლით სავსე ადამიანზე. რამდენად დაუჯერებელია, რომ სწორედ ის წავიდა პირველი ჩვენს შორის...

ჩემი უახლოესი მეგობარი, რომლის მსგავსიც არასდროს მყოლია, არც ქალი, არც კაცი. ჩემი საუკეთესო მეგობარი - ჯაკო.

რეალურად მისი ასაკი, პირველად, გარდაცვალების მერე უფრო გავაცნობიერე. სულ ვიცოდი, რომ პატარა იყო, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ ის მართლა  პატარა იყო, რადგან ძალიან დიდი ადამიანი გახლდათ. ასაკით პატარა, დიდი ადამიანი..

გინახავთ როდესმე სრულიად უცნობი კაცის  დარდით ატირებული ჟურნალისტი, ცხარე ცრემლებით რომ დასტიროდეს  თავისი რესპონდენტების მძიმე მდგომარეობას? მე ორჯერ ვნახე, ორივეჯერ სამონტაჟოში, როცა რეპორტაჟებს აკეთებდა.

ერთხელ ნიკუშა ნატროშვილის ისტორიაზე რომ მუშაობდა, მეორედ კი - აჭარაში მცხოვრები ერთ-ერთი უაღრესად გაჭირვებული ოჯახის ამბავს რომ ამზადებდა, რომელსაც ბევრი შვილი ჰყავდა და სახლ-კარი არ ჰქონდა... არასოდეს დამავიწყდება, როგორ მიყვებოდა ამ კადრების მონტაჟისას, რომ ბავშვებს ფეხსაცმელები სჭირდებოდათ, რომ პურის ფული არ ჰქონდათ, თან მასალას მაჩვენებდა და თან ტიროდა...

საოცარი ადამიანი იყო. მისთვის რეპორტაჟი არასოდეს ყოფილა უბრალოდ საინტერესო ან რეიტინგული მასალა, თუ ის კონკრეტულ ადამიანებს ეხებოდა. ყველაფერს განიცდიდა, ყველა ისტორიაში ბოლომდე შედიოდა. მოგვიანებით, როცა მისი გარდაცვალების შემდეგ საგანგებო  გადაცემა გავაკეთეთ, მისი კლასელი ჰყვებოდა, როგორ აღმოაჩინა ერთ-ერთ სოფელში სრულიად პატარა ასაკში ჯაკომ გლეხი, რომელსაც გაზეთების კითხვა უყვარდა და საყიდელი ფული არ ჰქონდა. თურმე  გარდაცვალებამდე  უგზავნიდა ამ კაცს პრესას თბილისიდან. ხომ წარმოუდგენელია ეს ამბავი 21-ე საუკუნეში, ემოციებისგან დაცლილ  საუკუნეში? წარმოუდგენელია, მაგრამ ის ამას ახერხებდა...

გარდაცვალების შემდეგ გავიგეთ, რომ თურმე ჩვენი ერთ-ერთი მეგობრის მამასთან სოფელში ჩადიოდა და მოიკითხავდა ხოლმე. ისე ჩადიოდა, რომ ამ ჩვენმა  მეგობარმაც არ იცოდა  და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ მოუყვა მამისმა. რაღაცნაირი იყო, სხვანაირი. ასეთი ადამიანი არც ადრე გამიცვნია და არც მერე. იმდენი ცხოვრებით იცხოვრა, ფილმის სცენარი დაიწერება, გარდაცვალების შემდეგ გავიგეთ, რომ ის ყველასი იყო და როგორც ჩემი კოლეგა, დიანა ტრაპაიძე  ამბობს, ყველასთვის იყო. ყველა ჩვენგანს ეგონა, რომ მხოლოდ მისი საუკეთესო მეგობარი იყო და აღმოჩნდა, რომ თურმე ყველასი თანაბრად იყო. ყველას გვყოფნიდა, ყველასთვის ნაწილდებოდა... ყველას ურეკავდა, კითხულობდა, ეხმიანებოდა... ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ხანდახან თვეები გადის ხოლმე, უახლოესი  ადამიანების მოკითხვასაც  ვერ ვახერხებთ, ჯაკო ახერხებდა. ამიტომ დაიტირა ამდენმა ადამიანმა... ამიტომ დააკლდა ამდენ ადამიანს...

როცა ჯაკოზე  დაწერა გადავწყვიტე, სამი რესპონდეტი შევარჩიე, მისი დედ-მამა, რომლებსაც აღმერთებდა და მისი და, რომელიც ჯაკოსთვის  ცხოვრების განუყრელი ადამიანი იყო.

ია გაწერელია (დედა): - მე ვიყავი ბედნიერი დედა, ბავშვობიდან გვაბედნიერებდა,ძალიან კარგი იყო. დაბადებით გაგვაბედნიერა, გაზრდილმა გაგვაბედნიერა. უბედნიერესი წლები მერგო წილად, იმიტომ რომ ლევანის დედა ვიყავი... ახლა  რომ ვფიქრობ, გარდაცვლილი ლევანის დედობაც ბედნიერებაა, ბევრს ხომ არ ღირსებია ის სიყვარული, რაც მას გააყოლეს მისმა მეგობრებმა, მაყურებლებმა, სრულიად უცნობმა ადამიანებმა... ნაცნობი და უცნობი, საქართველოდანაც და ემიგრაციიდანაც, ყველა დასტიროდა, ყველა გლოვობდა. როგორ შეიძლება მკვდარი შვილის დედა იყოს ბედნიერი, მაგრამ ამაყი კი ვარ. ბედნიერი არა, მაგრამ ამაყი ვარ ნამდვილად.

ალინა ჩხაიძე (და): - ყველაზე ბედნიერი ის  მისი ცხოვრების  ბოლო პერიოდში იყო, განსაკუთრებით მას მერე, რაც „ტვ პირველის“ გუნდს შეუერთდა. მისი ეს ბედნიერება მაშინ გავაცნობიერე, როცა  გარდაცვალებამდე არც თუ დიდი ხნით ადრე,  ერთი ოპერაცია გაიკეთა, ნარკოზიდან ახალი გამოსული იყო და ნომერ პირველი შეკითხვა, რაც მის ნეიროქირურგს, გოგა გეგიას დაუსვა, იყო - როდის დაჯდებოდა  ეთერში.

"ტვ პირველი" იყო მისთვის რაღაც განსაკუთრებული სიყვარული, არ ვიცი, ამ ტელევიზიაში რომ ჰქონდა დიდი პროფესიული ზრდა, ამიტომ უყვარდა, თუ არა ასე განსაკუთრებულად, მაგრამ ყველაზე ბედნიერი სწორედ იქ მუშაობის პერიოდში იყო.

მახსოვს, ცუდად იყო, წვიმასა და ყინვაში, თოთხმეტი საათის განმავლობაში, დილიდან შუაღამემდე იდგა რუსთაველზე, პირდაპირ ჩართვაზე... არც უფიქრია, რომ მისი ჩანაცვლება მოეხდინათ სხვა ჟურნალისტით... ტელევიზია მისთვის იყო ყველაფერი. ზოგი ადამიანი თავის მყუდროებას და ცხოვრებას ოჯახში პოულობს, ზოგი - საყვარელ ადამიანთან, ზოგი - მეგობრებთან. მისთვის ეს ყველაფერი იყო ტელევიზია.

დილით ადრე ადგომა, ბავშვობიდან  ლევანისთვის ყველაზე დიდი სტრესი იყო და ეს სტრესიც კი გადალახა ტელევიზიის სიყვარულით. ალბათ, თავადაც ხედავდა, როგორ იზრდებოდა პროფესიულად და ეს აბედნიერებდა. ყველაზე ბედნიერი იყო ცხოვრების სულ ბოლო ეტაპზე და როცა ბედნიერების და აღმავლობის პიკი ჰქონდა, ზუსტად მაშინ წავიდა. ეს ტელევიზია იყო მისთვის სრული ბედნიერება და ამ წარმატების სიამაყის განცდით და ბედნიერებით წავიდა „ამ ქვეყნიდან“.

ინგა: წარმოუდგენელი ტემპით განვითარდა. წარმოუდგენლად სწრაფად მიაღწია დიდ წარმატებას. უცებ ამობრწყინდა. უცებ გაიზარდა, უცებ გადაიქცა  ჯაკოდან  ლევან ჩხაიძედ - ქართული მედიის ახალგაზრდა ვარსკვლავად და ზუსტად მაშინ წავიდა, როცა ყველაზე ბედნიერი იყო. საოცრად მოსწონდა ეს წარმატება.

ზურაბ ჩხაიძე (მამა): - ლევანი ძალიან გაიზარდა როგორც ჟურნალისტი. თავიდან ვატყობდი ხოლმე, თითქოს მოკრძალებული იყო, ალბათ, შიშის გრძნობაც ჰქონდა. თანდათან გაძლიერდა  და ეკრანს გაუთამამდა, თავის პროფესიას გაუთამამდა და უფრო სერიოზული გახდა. პროფესიონალიზმმა მოიმატა მასში. მაშინ დამთავრდა მისთვის ყველაფერი, როდესაც უკვე რაღაცისთვის უნდა მიეღწია. მეამაყებოდა ლევანის მამა რომ ვიყავი. შენი შვილი ნორმალურ გზას რომ დაადგება და წარმატებას მიაღწევს, რა თქმა უნდა, გეამაყება. თან მთავარი ის იყო, ვხედავდი, რომ თავისი შრომით აღწევდა ამ წარმატებას. მას არავინ ჰყავდა ისეთი, რომ ხელი წაეკრა. თავისით მიაღწია ყველაფერს...

ინგა: გარდაცვალების შემდეგ ხშირად ვკითხულობდი ხოლმე ჩვენს სატელეფონო მიმოწერას და ყველაზე მეტად მიყვარს ერთი - სიკვდილამდე ორი კვირით ადრე მივწერე, რომ ძალიან მომეწონა მისი გადაცემა. მიპასუხა, მე არ ვარ კმაყოფილიო. რატომ-მეთქი და უფრო მეტი მინდაო. უნდა დავანგრიო, ისე უნდა ვიმუშავოო... ამ მიმოწერიდან ორ კვირაში გარდაიცვალა...

ამდენი წელია, მედიაში ვმუშაობ და არასდროს შემხვედრია უფრო შრომისმოყვარე და საქმეში უფრო  საიმედო კოლეგა. მახსოვს, როცა "იმედის კვირას" ვაკეთებდით, ყველაზე რთულ რეპორტაჟებს ჯაკოს ვავალებდით ხოლმე, ვაძლევდით დავალებას  და აღარ ვკითხულობდით, რადგან ზუსტად ვიცოდით, რომ ის გააკეთებდა რეპორტაჟს, რომელიც უნაკლო იქნებოდა. თავს არ ზოგავდა. მოსწონდა წარმატებაც, მოსწონდა პოპულარობაც, მოსწონდა, რომ ქუჩაში ხალხი სცნობდა... მოსწონდა, რომ აქებდნენ. რაც უფრო მეტ  წარმატებას აღწევდა, უფრო და უფრო მეტს მუშაობდა...

პირველი სამსახური ჟურნალისტიკაში სპორტით დაიწყო, ჯერ რადიო "ჯაკოდან", მერე ,"იმედში" სპორტული რეპორტაჟებით.. სპორტზე გიჟდებოდა, განსაკუთრებით ფეხბურთზე, "იუვენტუსის" ფანი იყო და ერთადერთი, რითაც გაწუხებდა, ფეხბურთის ყურება იყო, გინდოდა თუ არა, როცა მის გვერდით იყავი, ფეხბურთისთვის უნდა გეყურებინა... თავადაც ფეხბურთელი იყო, "ნორჩ დინამოელში" თამაშობდა. ათი წელი იარა ფეხბურთზე. მერე, უკვე გაზრდილს, დედამისისთვის უთქვამს, არ გამოვა ჩემგან ფეხბურთელი და სწავლას უნდა მივხედოო.

ია გაწერელია (დედა): - კითხვა სპორტული გაზეთებით ისწავლა "სარბიელით" და "ლელოთი". საყვარელი ფეხბურთელების სურათებით. მაგალითად ჩივაძის სურათის ქვეშ გვარი რომ ეწერა, მეკითხებოდა ხოლმე, დე, ეს ჩ-ა, ეს  ია-ო?.. ისეთი პატარა იყო მაშინ და სპორტსმენების გვარებით ისწავლა კითხვა... თავისი ოთახი სულ ფეხბურთელების სურათებით ჰქონდა მოჭედილი. 

ზურაბ ჩხაიძე (მამა): - გაზეთები და ლევანი ცალკე ისტორიაა. კიოსკში, სადაც პრესას  ვყიდულობდი ხოლმე, ერთ დღეს  გამყიდველისგან გავიგე, რომ თურმე ჩემი შვილს „ნისიად“ მიჰქონდა ხოლმე გაზეთები. მერე სულ მოაქვს ფული, მაგრამ მაინც იცოდე, რომ „ნისიად“ მიაქვს ლევანს  პრესაო. პირველ კლასში იყო მაშინ ვკითხე, რატომ იქცევი ასე-მეთქი და ასეთი რამ მიპასუხა: ყოველთვის არ მყოფნის ფული გაზეთებზეც და სკოლის ბუფეტისთვისაცო. საოცარი ბავშვი იყო. მერე ვუთხარი კიდეც ჩემს შვილს, შენ წერა-კითხვას ვერ ისწავლიდი, გაზეთები ასე რომ არ გყვარებოდა-მეთქი. სულ გაზეთებს კითხულობდა.

ინგა: მისი ოჯახი მიყვება, რომ ჯაკოს ყველაზე საამაყო ჯილდო, რაც კი პროფესიაში მიუღია "ოქროს ფრთა" იყო. სხვათა შორის, მეგობრებში არასოდეს იმჩნევდა, რომ თურმე ძალიან ბედნიერი და ამაყი იყო ამ ჯილდოთი, მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მომიყვა დედამისმა, რომ საოცრად ეამაყებოდა, ყველაზე მეტად ეს ჯილდო უყვარდა.

„ეს ჯილდო რომ სახლში მოიტანა, ნახე, რა ბიჭი გყავსო, მითხრა. ვაკოცე...“ - იხსენებს ქალბატონი ია.

მე კი მახსენდება, რომ „ოქროს ფრთა“ მის პიჯაკზე ჯერ პანაშვიდის დღეს ვნახე, როცა ბუდაპეშტიდან ჩამოასვენეს და მერე, დაკრძალვის დღესაც. იმ წამებში მივხვდი, ჯაკოსთვის რამხელა ფასი ჰქონდა ამ ჯილდოს, ალბათ, სცხვენოდა და ჩვენთან ამ ჯილდოთი განცდილი ბედნიერება არ შეიმჩნია. საოცრად მოკრძალებული იყო და არ გამოუხატავს მაშინ ემოცია. ჟიურის თავმჯდომარე ზაზა შენგელია ამბობს, რომ ეს ჯილდო ჯაკოს განსაკუთრებით რისკიანი რეპორტაჟებისთვის გადაეცა...

როცა მუშაობისას რისკზე მიდიხარ, როცა იცი, რომ შეიძლება ბრმა ტყვია მოგვხდეს და მაინც შენი მეწყვილე გადარდებს, ასეთი ბიჭი იყო ჯაკო. ჩვენს არქივს შერჩა კადრები უკრაინის ომიდან, სადაც ტყვიების ზუზუნში მუშაობენ ჯაკო და მისი ოპერატორი, ვალერი ჯოჯიშვილი და ამ კადრებში მხოლოდ ჯაკოს ხმა ისმის: ფრთხილად, ბიჭო. დაწექი, დაწექი. ფრთხილად!!!! უამრავჯერ ვუყურე ამ კადრებს, ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში. მთელი გადაღებისას ოპერატორს მოუწოდებს სიფრთხილისკენ. საკუთარი თავი არასდროს ახსოვდა, არც რისკიანი რეპორტაჟების გადაღებისას... არც ცხოვრებაში, არც - მეგობრობაში.

ია გაწერელია (დედა): - თავის ქვეყანა უყვარდა ძალიან... ომშიც იყო 2008 წელს. მახსოვს, როცა კომისარიატიდან დარეკეს, დილა იყო, შვიდის ოცი წუთი. ეძინა. გავაღვიძე. კომისარიატი რომ ვახსენე, ეგრევე ტელეფონთან მივიდა, გაესაუბრა. მომენტალურად ჩაიცვა და გაიქცა. ომში ისე წავიდა, რომ მამამისმა არც იცოდა. როცა წავიდა, მამამისს ეძინა, გაიღვიძა და მკითხა, ლევანი უკვე სამსახურშიაო? მე ვუთხარი, სამსახურში კი არა, ომში წავიდა-მეთქი... ისე ინერვიულა, ეზოში რომ დაჯდა, ოთხი დღე არ ამდგარა მამამისი იმ ეზოდან. მეხუთე დღეს ჩამოვიდა ლევანი ომიდან. პირველი ავტობუსით რომ წავიდნენ რეზერვისტები, იმ ავტობუსში იჯდა ჩემი შვილი...

ინგა: თურმე ბავშვობაში ოცნებობდა, მაგარი ფეხბურთელი გამოსულიყო და საკუთარი ჰონორარით მამისთვის "ჯიპი" ეყიდა, საკუთარი თავისთვის კი არა, მამისთვის... ბავშვობიდან ასეთი ყოფილა. დიდობაშიც ჯერ სხვებზე ზრუნავდა, მერე - საკუთარ თავზე.

- რანაირად მოახერხეთ, რომ ასეთი მაგარი შვილი გაზარდეთ?

ზურაბ ჩხაიძე (მამა): - მე ვცდილობდი, რომ არ ყოფილიყო მარტო, სახლში ჩაკეტილი, სულ ყურადღების ქვეშ მყავდა, სულ ვიცოდი, სად იყო და რას აკეთებდა. ვაკვირდებოდი ხოლმე მის თანატოლებს და მიხაროდა, რომ ყველას მასთან მეგობრობის სურვილი ჰქონდა...

ლევანი იყო ძალიან გულჩვილი, ბევრჯერ აღმომიჩენია, როგორ ევსებოდა ხოლმე თვალები ცრემლებით...

ია გაწერელია (დედა): - ოჯახში კანონი გვქონდა, დაბნელებისას ყველა სახლში უნდა ვყოფილიყავით... მისი ამხანაგები ძირითადად ჩვენთან მოდიოდნენ, სულ რომ დაენგრიათ სახლი და ყველაფერი გაეტეხათ, არ დავეძებდი, ოღონდ მეორე ოთახიდან მესმინა, რაზე მსჯელობდნენ, რაზე ლაპარაკობდნენ... ერთ დღეს მოვიდა და მითხრა, დავამთავრე  ფეხბურთი და სწავლას ვიწყებ ახლაო... ჩემგან ფეხბურთელი არ გამოვა, ახლა სწავლას სერიოზულად უნდა მივხედოო. მეათე კლასში იყო.

სკოლას რომ ამთავრებდა, ჟურნალისტობა მაშინ გადაწყვიტა. თავდაპირველად იურიდიულზე ფიქრობდა, მე გადავაფიქრებინე. მერე მსახიობობა მოინდომა, ისიც გადავაფიქრებინე. ვუთხარი, ისეთი სპეციალობა უნდა ავირჩიოთ, რაც შენს მონაცემებს შეესაბამება-მეთქი. ჟურნალისტიკაზე რას იტყვიო? დავეთანხმე. ზუსტად შეესაბამებოდა ლევანი ამ პროფესიას.

ერთადერთი, რაშიც ის არ ჩაგრევდა, ეს მისი პირადი ურთიერთობები იყო, თუმცა მე ყოველთვის ყველაფერი ვიცოდი მის შესახებ... გიჟი დედა ვიყავი, რაღაცნაირად სულ მის უკან ვიყავი ხოლმე, ის ვერ გრძნობდა, მაგრამ მე სულ მასთან ვიყავი... რა უნდა ეთხოვა ჩემთვის, რომ  არ შემესრულებინა.. სულ მის მაჯისცემაზე მქონდა დადებული ყური. ბოლო პერიოდში რაღაცნაირად სულ მეშინოდა, თითქოს რაღაც ღრუბელს ვგრძნობდი მის თავზე. ბოლო საუბარი ლევანთან ტელეფონით მქონდა, ბუდაპეშტში ქუთაისის აეროპორტიდან მიფრინავდა და როცა დავურეკე, მიპასუხა, ხაშურს გავცდით უკვეო. ამის მერე მე მასთან აღარ მისაუბრია...

ალინა ჩხაიძე (და): - შეიძლება გრძნობდა კიდეც რამეს, არ ვიცი და ამიტომ იყო ასე გამორჩეულად  თბილი ყველასთან. განსაკუთრებულად იქცეოდა ახალ წელს, ყველაფერი თავისი ხელით გააკეთა, გოგოსავით მიეხმარა დედაჩემს საახალწლო სამზადისში, ყველაზე ბედნიერი იყო ცხოვრების სულ ბოლო ეტაპზე და როცა ბედნიერების და აღმავლობის პიკი ჰქონდა, ზუსტად მაშინ წავიდა.

ინგა: მე პირადად, ბოლოს გაფრენის წინა საღამოს ვნახე, პარასკევს. სამსახურში გამომიარა და სავახშმოდ წავედით ვარაზის ხევში ახლად გახსნილ რესტორანში, მელაპარაკებოდა თავის გეგმებზე, პირად ისტორიებზე, მელაპარაკებოდა ტელევიზაზე, იმაზე , რომ ვარჯიში უნდა დაეწყო. კიდევ ათას საინტერესო ამბავზე, ძირითადად ის ლაპარაკობდა და მე ვუსმენდი. იმ რესტორანში მითხრა, რომ გამთენიისას უნგრეთში მიფრინავდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მახსოვს, რომ როცა ეს მითხრა, ძალიან არ მესიამოვნა. მაშინ ვერ მივხვდი, რატომ. მეგონა, გავბრაზდი, რადგან ორშაბათს ტელევიზიაში ახალ სეზონს ვხსნიდით და გამიკვირდა, რომ სწორედ ახალი სეზონის პირველ დღეებში მიფრინავდა დასასვენებლად. მერე მივხვდი, კი არ გავბრაზდი, ალბათ წინათგრძნობა მქონდა. ძალიან არ მესიამოვნა..

სულ ბოლო მესიჯი შაბათს მომწერა, უკვე ბუდაპეშტიდან და მერე ტელეფონიც გამორთო. ორშაბათს დილით, როცა რეიტინგები ვნახე, მივწერე, რა მაგარი რეიტინგი დაგიდია-მეთქი. ჩემი ეს სატელეფონო შეტყობინება მას აღარ მიუღია. ამ დროს თურმე უკვე გარდაცვლილი იყო...

ბევრჯერ გადავუხადე მადლობა ამ საოცარი მეგობრობისთვის და გამხნევებისთვის. კიდევ კარგი, რომ ეს მოვასწარი... ასეთი მეგობარი მომიკვდა... ჩემი საიმედო მეგობარი. ამიტომ მეგონა სულ დიდი და მხოლოდ სიკვდილის მერე აღმოვაჩინე, რომ ასაკით ძალიან პატარა იყო...