ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
"დაბადების დღე მივულოცე და ძალიან გაუხარდა" - "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში, მერაბ ნინიძეზე გვეუბნება ია შუღლიაშვილი.
მერაბი 57 წლის გახდა. მის სახელსა და გვარს მსოფლიო კინოინდუსტრია იცნობს. The Courier, Without Remorse, Doktor Ballouz - უკანასკნელი ფილმებია, სადაც ნინიძე გადაიღეს. მანამდე კი მისი ერთ-ერთი ბოლო ქართული ნამუშევარია ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის დრამა - "ჩემი ბედნიერი ოჯახი", სადაც მერაბმა ია შუღლიაშვილთან ერთად მთავარი როლი შეასრულა.
ამ ორი მსახიობის ნაცნობობა თეატრალური ინსტიტუტიდან მოდის. თუმცა მათი, როგორც კოლეგების დაახლოება, სწორედ ამ ფილმში მოხდა.
ია შუღლიაშვილი: ჩვენი პროფესიული კუთხით თანხვედრა ამ ფილმის გადაღებისას მოხდა; მერაბს დიდი გამოცდილება აქვს და ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მასთან ერთად მუშაობა.
მანამდე მქონდა მღელვარება, რამდენად შედგებოდა ჩვენი ტანდემი. მერე თვითონაც გამოხატა ჩვენი დუეტით კმაყოფილება, თავი კომფორტულად იგრძნო, ხელი ხელში ჩავარტყით - ყველაფერი გამოგვივათქო. ჩემთვის მისი ასეთი მიდგომა მნიშვნელოვანი იყო.
ძალიან კარგი პარტნიორია. ერთმანეთის მიმართ, ჩვენი როგორც საქმიანი, ასევე პიროვნული თანხვედრა მოხდა. გადასაღებ მოედანზე ფრთხილად აკეთებდა ნიუანსებს, თან ისე, რომ მივმხვდარიყავი. თუ ალღო გაქვს, მისგან ბევრი რამის სწავლა შეგიძლია, როგორც პიროვნებისგან, ასევე - პროფესიონალი არტისტისგან.
საოცრად თავმდაბალი და გულშემატკივარი ადამიანია. ეს მაშინ, როცა პარტნიორი მოსწონს. ცდილობს, რომ საქმე ერთიანად სრულყოფილი გამოვიდეს. არ არის მხოლოდ თავის როლზე და წარმოჩენაზე ორიენტირებული, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება მსახიობებისგან. გეხმარება, თანაგიგრძნობს, რომ მთლიანობაში ფილმისთვის კარგი შედეგი დადოს. როცა პარტნიორი გეხმარება და როლზე შენს ნაფიქრს გიმყარებს, დიდი კომფორტია და საქმეც შედეგანად გამოდის. მერაბი სწორედ ამის ოსტატია.
ფილმის გადაღების დაწყებამდე, თვე ნახევარი რეპეტიციას გავდიოდით. ნანა ექვთიმიშვილს ასეთი მეთოდი აქვს. და ამ პერიოდში ისე დავახლოვდით, ერთ ოჯახად ვიყავით. ეს ჩემთვის პირველი სერიოზული ნაბიჯი იყო კინოში.
ეს ფილმი პირველად "ბერლინალეზე" ნახა მერაბმა. ჩვენების დასრულების შემდეგ გავხედე და - ახლა არ მკითხო არაფერიო, მითხრა. როცა შენ თამაშობ, ობიექტურად ვერ აღიქვამ, მით უმეტეს, პირველ ნახვაზე. მერე და მერე კიდევ რომ ნახა, მითხრა, რაღაც კარგი ფილმი გამოვიდაო. მე მგონი, მიიღო მაყურებელმა.
უჩუმრად და უთქმელად გავუგეთ ერთმანეთს. ბუნებრივი და ადამიანური მომენტები აღმოვაჩინეთ და ერთმანეთთან ურთიერთობა გაგვიადვილდა. კადრს მიღმა სულ აქტიურია, რაღაცას ჰყვება. იუმორი აქვს, განწყობას ქმნის და მის გარშემო სულ ინტერესია. ამხელა პროფესიულ საფეხურზე ასული, საერთაშორისო მასშტაბის ადამიანი ისეთი თავმდაბალი, მოკრძალებული და უშუალოა, რომ გაოცებაში მოჰყავხარ. მასში სუფთა თვისებები ბუდობს. ეტყობა, ჩემშიც იგივე აღმოაჩინა. მოკლედ, ადამიანურად კარგად გავუგეთ ერთმანეთს.
ინტერნეტის მეშვეობით ვკონტაქტობთ. სულ უცხოეთშია, ამიტომ ერთმანეთთან დაკონტაქტება ყოველთვის სასიხარულოა ჩვენთვის. როცა ჩამოდის, ვიცი, ყველასგან და ყველაფრისგან იმალება და არც მე ვაწუხებ.
ბევრ უცხოურ პროექტშია, მაგრამ აქ, ჩვენთან, მისი ფილმების თუ სერიალების ნახვის ნაკლებობაა. ტელეარხები არ უშვებენ. თვითონ თუ მეტყვის, ეს ფილმი აქა და იქ ნახეო, ვნახულობ. კარგი იქნება, ჩვენი არხები თუ გაუშვებენ ფილმებს მისი მონაწილეობით.