„ჩემთვის, ამ სიმღერას ბადალი არ მოეპოვება“ - თაკო ჩარკვიანი მამუკას სიმღერასა და ახალ კონცერტზე

charkvianebi

18 ნოემბერს ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზში მამუკა ჩარკვიანის საღამო იგეგმება. 67 წლის ავტორ-შემსრულებლის კონცერტს, მისი ულამაზესი სიმღერის სახელი ჰქვია - "კესანები". ჩარკვიანის სიმღერებს  შეასრულებენ - ლაშა ღლონტი და ჯგუფი "ალილო", ზუკა ხუციშვილი, გიორგი მეფისაშვილი, მაგდა ნიკოლაიშვილი...

ორი ახალი სიმღერა რომ ჩაწერა, ამის შესახებ "პრაიმტაიმის" მკითხველს მუსიკოსის დამ, თაკო ჩარკვიანმა, მამუკას დაბადების დღეს უთხრა. როგორც ის ახლა ჩვენთან საუბარში ამბობს, მამუკა შემოქმედებით პერიოდშია და ბედნიერია, რომ კონცერტის გამართვაზე დაიყოლიეს. 

თაკო ჩარკვიანი: ეს ორი ახალი სიმღერაც მამას ლექსებზეა.  ვფიქრობ, ორივე გაჰიტდება. ალბათ, შეასრულებს ამ საღამოზე, ვნახოთ.

ახლა ნაყოფიერად მუშაობს, არ აქვს ჩავარდნა, პირიქით, ხალისზეა მოსული და ეგ ძალიან მახარებს. 

საღამოს ჰქვია "კესანები". საერთოდ, მამუკა გიტარასთან ცალკე თემაა. "კესანებს" და "სვანურ ზარს" გიტარასთან ისე საინტერესოდ მღერის...   

მეუხერხულება დის პოზიციიდან, ამიტომ მუსიკოსის პოზიციიდან (პირველი პროფესიით მუსიკოსი ვარ) ვიტყვი: მისი შემოქმედება ჰიტებით სავსეა. მაგრამ აქვს სიმღერები, რომელიც ჰარმონიის კუთხით, ძალიან მაკვირვებს. ასეთი სიმღერაა "სვანური ზარი". გავა წლები და ეს სიმღერა კიდევ უფრო შეფასდება. მოთხლეშილი ნიჭით დაწერილი სიმღერაა. აქ მხოლოდ ოსტატობა არ არის. ჩემთვის ამ სიმღერას ბადალი არ მოეპოვება. თვითონ ამბობს, სისხლის ყივილია ეს სიმღერაო. აბა, ისე სვანეთში არ გაზრდილა. ზარი ჰქვია, თორემ მუსიკალური ქარგით, არაფერს არ ჰგავს. მამრის ტირილია სამშობლოს იღბალზე. ძალიან საინტერესოა.

"პრაიმტაიმთან" მეგობარზე საუბრობს "ალილოს" წევრი - გია დავითიანი.

გია დავითიანი: მე თბილისელი კაცი ვარ და მამუკაც თბილისელია. მამამისიც ჩემი დიდი მეგობარი იყო, ყოველთვის დიდი სიყვარულით მხვდებოდა და მეფერებოდა. სიკეთის მსურველი პოეტი იყო.

მამუკა უნიჭერესი ადამიანია. მას თავისი სტილია აქვს, რომელსაც ძალიან ადვილად გამოარჩევ. არაფერში აგერევა მისი გულში ჩამწვდომი ლამაზი და მელოდიური ფრაზები - ეს მამუკას ხელწერაა. უნიჭიერესი კაცია, არავის ჰგავს, ინდივიდუალისტია. აი, ამაში და მის უბრალოებაშია მისი სიძვირფასე.

მე მგონი, არ არსებობს ჰიტების ნაკრები, სადაც მამუკას სიმღერა არ იყოს. მისი ყველა სიმღერა ჰიტად იქცა. ხალხი მას დიდ პატივს სცემს.

მისი ფანტასტიკური "მაგრად დაჰკარი" პირველად ლეგენდარულმა "ქართულმა ხმებმა" იმღერეს. ქვეყნის ბედის გადამწყვეტ დროსაც შესრულდა და იმდენად პოპულარულია, რომ ყველამ იცის.

მამუკა ჩემით მადლიერი იყო, მისი რამდენიმე სიმღერა რომ შევიტანე ჩემს რეპერტუარში. 

"ჩამოთოვა ისევ" მიყვარს განსაკუთრებულად. რა საკვირველია, მას მამუკა ძალიან მაგრად ასრულებს, მაგრამ არც ლაშა ღლონტის შესრულებაა ურიგო. ძალიან ძვირფასი და საყვარელია ეს სიმღერა. "კესანები" შედევრია... 

ჯიგრიანი და თბილია. მოგეფერება და გეტყვის, შენს გვერდზე ვდგავარო. ჩემი 60 წლის იუბილეზე რომ დავპატიჟე, ისეთი მადლობები მიხადა. მოვიდა, იმღერა, მომეფერა... 

მიხარია, რომ მე მისი სახით მყავს მეგობარი, გემრიელი თბილისელი მუსიკოსი, დიდი პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანის შვილი.