ლეგენდარული ექიმი - ირაკლი ციციშვილი, რომელმაც სასიკვდილოდ განწირული 3 ათასი ბავშვი გადაარჩინა

irakli

 ქართველი ექიმი-პედიატრი, თბილისის საპატიო მოქალაქე და ღირსების ორდენის კავალერი - ირაკლი ციციშვილი 102 წლის გახდებოდა. ლეგენდარულ ექიმს, რომელიც საუკუნის ასი გამოჩენილი ადამიანის სიაში მოიაზრება, ფასდაუდებელი წვლილი  მიუძღვის საქართველოს პედიატრიის განვითარებაში. 

ასამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი უკანასკნელი ხუთი წელი პედიატრიული აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. უანგარო დახმარების გამო "სახალხო ექიმსაც" უწოდებდნენ. პირველი ვარსკვლავი ექიმს, მას გაუხსნეს. 

ირაკლი ექიმს დღემდე სათუთად და სიყვარულით იხსენებენ ადამიანები, რომლებიც შვილების სიცოცხლეს ანდობდნენ მას. გაოცებული დავრჩი, როდესაც წავიკითხე - თურმე კვირაში ერთი დღე ჰქონდა გამოყოფილი, რომ სამეზობლოს ბავშვები გაესინჯა. ამას არავინ აკეთებს... დღეს მედიკოსებში იშვიათად გაიგონებთ მსგავს ისტორიებს.

ირაკლი ექიმი კი უანგაროდ უჯდა და ემსახურებოდა პაციენტებს, მათ, ვისაც პროფესორის დახმარება სჭირდებოდა. და თვლიდა, რომ ავტორიტეტზე მეტად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული - ადამიანია.

ირაკლი ციციშვილის დღიურებიდან: 

"...სტუმართმოყვარე ოჯახი ვართ, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, ყველას ვაფასებთ, ყველას პატივს ვცემთ, ვეხმარებით. ალბათ, ამიტომაც, ფული არასოდეს ყოფილა ჩემთვის მნიშვნელოვანი. ფული რა არის, ადამიანობაა მთავარი!

 უფრო მეტი სხვისთვის უნდა იყო. კეთილ საქმეს რასაც გააკეთებ, წინ დაგიხვდება. ჰუმანური უნდა იყო. ავადმყოფს უნდა სდიო მანამ, სანამ არ მოარჩენ. შენ რომ რაღაცას წარმოადგენ და ავტორიტეტი გაქვს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჯერ იმას მიხედე და თუ ის არ მოგხედავს, ღმერთი მოგხედავს...

*** 

836 ათასი ბავშვი მყავს რეგისტრირებული, აქედან დაახლოებით 3000-ზე მეტი გადარჩენილი მყავს - ვინც თითქმის განწირული და უმძიმეს მდგომარეობაში იყო.

ერთი მაგალითი: ავადმყოფი გაწერეს და მშობლებს უთხრეს, ეს ბავშვი მოკვდებაო. მარნეულიდან იყვნენ – მაჭარაშვილები. საინტერესო შემთხვევაა. გაუგიათ, რომ კარგი პრაქტიკული ექიმი ვიყავი და მომიყვანეს სახლში. მუცელი ჰქონდა ძალიან შებერილი. დედამ მითხრა: ჩვენ გამოგვწერეს, ჯობია, სახლში მოკვდეს, ვიდრე საავადმყოფოშიო. გავსინჯე და ვუთხარი: წადი ახლა სახლში, დააწვინე აივანზე, ასხი პირში პიპეტით ან კოვზით წყალი (ხშირად გადიოდა კუჭში, დიარეა ჰქონდა, ტოქსიკური, საშინლად მძიმე), ბრინჯის ნახარში გააკეთე-მეთქი. ვასწავლე, როგორ უნდა გაეკეთებინა. აუცილებლად მიეცი ნისტატინი-მეთქი, სოკო რომ არ გაჩენილიყო... არანაირი წამალი არ დავუნიშნე. ოთხი დღის შემდეგ მომიყვანა: ცოტა ჭამა დაიწყო და თვალები გაახილაო. კიდევ ოთხ დღეში დავუნიშნე წამლები და ეს ბავშვი გადარჩა. სასწაულად გადარჩა! მერე დავმეგობრდით.

პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად, 60 წელიწადი პედაგოგადაც ვმუშაობდი. ჩემს ხელში გაიარა პედიატრების მთელმა თაობებმა. რვა ათასზე მეტმა სტუდენტმა დაამთავრა ამ წლების განმავლობაში. ძალიან დიდი დატვირთვა გვქონდა! 

საქართველო ძალიან მიყვარს. მთლიანად მაქვს შემოვლილი. 14 წელიწადი სამედიცინო ინსტიტუტის ბრიგადა მყავდა, სვანეთში დავდიოდით. ბრიგადები დამყავდა ყველა სპეციალობის. ჩვენი კათედრა 11 წლის განმავლობაში ემსახურებოდა დუშეთის რაიონს და მის სოფლებს. შატილში ოთხჯერ ვიყავი და მოვიარე მთელი ხევსურეთი: არხოტი და გუდანი. სად არ გამისინჯავს ბავშვები!..

ახლო ურთიერთობაში შევდიოდი ოჯახებთან, დავუჯდებოდი ხოლმე, არ მეჩქარებოდა. ერთი დოცენტი გვყავდა, გვარად მაჩაბელი. არაჩვეულებრივი პიროვნება იყო და მისგან ვისწავლე, რომ ავადმყოფი კარგად უნდა გამოკითხო, არ უნდა იჩქარო, დინჯად უნდა გასინჯო, ყველაფერი უნდა დაუთვალიერო და მერე უნდა მისცე დანიშნულება.

***

ახლა კი თვალი გადაავლეთ მადლიერი პაციენტების კომენტარებს:

* ჩვენ ვცხოვრობდით ერთ სახლში, მე-2 სართულზე მე, მე-5 სართულზე ირაკლი თავისი არაჩვეულებრივი მეუღლით. ოთხშაბათი დღე ჰქონდა სადარბაზოს ბავშვების ვიზიტებისთვის, ჩამოივლიდა ყველა ბინას, სადაც პატარა ბავშვიანები ვცხოვრობდით, სინჯავდა ბავშვებს, რჩევებს გვაძლევდა და გვემშვიდობებოდა. ნათელი მის სულს, ძალიან მიყვარდა.

* არაჩვეულებრივი ექიმი და ადამიანი. დაუზარებელი, კეთილშობილი და გულისხმიერი. ბევრჯერ შემიწუხებია, არასდროს დაზარებია დღე იყო თუ ღამე. შემოვიდოდა ეზოში და დაიძახებდა ბავშვის გვარს... გაანათლოს მისი სული უფალმა!

* სახელგანთქმული პედიატრი, ხშირად მსმენია "он врач от бога!"... აი ასეთი ექიმი ჰყავდა თბილისს

* საუკეთესო პროფესორი და საუკეთესო ადამიანი, უანგაროდ რომ ემსახურებოდა ბავშვებს... 80 წლის ასაკში წყნეთიდან ჩამოდიოდა ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და სათანადო დანიშნულებას აძლევდა ექიმებს.
მადლობა! მადლობა, რომ მრავალ ბავშვს აჩუქეთ სიცოცხლე.

* იყო ბავშვთა ექიმი და ამხელა სიყვარულს დაატარებდე, პატარა საქმე არ არის.
Მარტო ის რად ღირს, რომ ათასობით მისი გამოზრდილისთვის, დიდისთვის თუ პატარისთვის, ყველასთვის ირაკლი პაპად დარჩა.

* მეზობლად ვცხოვრობდით. ჩემი შვილის ექიმი იყო, მან გამაზრდევინა ჩემი ბედნიერება. უფალი ფარავდეს მის უკეთილშობილეს სულს.

* არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ ბატონი ირაკლი ციციშვილი გახლდათ საუკუნის პიროვნება და ექიმი. არაჩვეულებრივი ადამიანური თვისებებით დაჯილდოებული. თავდადებული, მისი პატარა პაციენტები და მათი მშობლები, ჯერ მისი ტკბილი სიტყვებით იკურნებოდნენ და მერე დანიშნული მკურნალობით და წამლებით. შეუძლებელია იმის გადმოცემა თუ რამდენად თავდაუზოგავად ერთგული იყო თავისი პროფესიის და პატარა პაციენტების. ყველა ამ სიტყვას გამოვთქვამ იმიტომ, რომ იგი ძალიან ხშირად ბრძანდებოდა ჩვენი ოჯახის "სტუმარი" როგორც ექიმი, რაც შემდეგში ოჯახურ მეგობრობაში გადაიზარდა.

უკვდავია იგი და მისი ნათელი სახელი ჩვენს გულებში...