ხშირი მოხმარების წამლები, რომლებიც სინამდვილეში, ბავშვებისთვის სახიფათოა

წამალი

საიდუმლო არავისთვისაა, რომ მშობლები ხშირად თვითმკურნალობას მიმართავენ და ბავშვებს გარკვეულ მემდიკამენტებს ექიმის დანიშნულების გარეშე თამამად აძლევენ. რა თქმა უნდა, ეს მედიკამენტები ოდესღაც ექიმების დანიშნული იყო, თუმცა საქმე ისაა, რომ ხშირად ასეთი „გაშინაურებული“ წამლები სერიოზული ინტოქსიკაციის მიზეზი ხდება.

წარმოგიდგენთ მედიკამენტების რამდენიმე ჯგუფს, რომლებიც, მიუხედავად ხშირი მოხმარებისა, ყოველთვის სიფრთხილით და ასაკობრივი დოზების ზუსტი დაცვით უნდა მისცეთ ბავშვს.

ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატები

იგულისხმება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. კერძოდ, იბუპროფენი და პარაცეტამოლი. 

პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში (60 მგ/კგ/დღეში) შეიძლება ღვიძლის ფუნქციის დარღვევა განვითარდეს (ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა), სიკვდილიც კი. 

იბუპროფენის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა კი დღეში 30 მგ/კგ/-ზე არ უნდა აღემატებოდეს; გვერდითი მოვლენები უპირატესად დოზაზეა დამოკიდებული.

ბავშვებში იბუპროფენით ხანგრძლივი მკურნალობისას აუცილებელია პერიფერიული სისხლის მდგომარეობის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის მონიტორინგი.

ანალგინისა და ასპირინის, მათ შორის ციტრამონის გამოყენება 15 წლამდე ასაკის ბავშვებში მკაცრადაა აკრძალული სერიოზული გვერდითი ეფექტების რისკის გამო. იშვიათ შემთხვევებში მათი მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მისი ზედამხედველობის ქვეშ.

ამოსახველებელი საშუალებები

მეორე ჯგუფი, რომელთანაც ექიმები განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენას გვირჩევენ, მუკოლიზური საშუალებებია, ანუ პრეპარატები, რომლებიც ათხელებენ ნახველს.

მუკოლიზური საშუალებების გამოყენება მხოლოდ პედიატრის დანიშნულებით და მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს, ვინაიდან 4-6 წლის ასაკში ბავშვებში ნახველის ეფექტური ხველების უნარი სრულად არის განვითარებული. ამ ასაკის ბავშვებში ნახველის რაოდენობის გათხელებამ და ზრდამ შეიძლება კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენოს მათ.

ხველა თანდაყოლილი რეფლექსია, არ საჭიროებს მკურნალობას, ამიტომ უნდა დადგინდეს ხველის გამომწვევი მიზეზი და პრეპარატი ამის მიხედვით უნდა დაინიშნოს. ასე რომ, ხველას, განსხვავებით სიცხისგან, თავიდანვე წამლებით ნუ შეუტევთ.

ცხვირის გამხსნელი საშუალებები

მესამე ჯგუფი არის ვაზოკონსტრიქტორული პრეპარატები, ანუ ცხვირის შეშუპებისას ადგილობრივი გამოყენების წვეთები.

მათი 5 დღეზე და დღეში 2-3-ჯერ მეტად გამოყენება დაუშვებელია. ამ ჯგუფის წამლების ხანგრძლივი მოხმარებისას და/ან დოზის გადაჭარბებისას სამკურნალო ეფექტი სუსტდება და წამლისგან გამოწვეული რინიტის და ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფიის (გათხელების) რისკი იზრდება.

ანტიჰისტამინები

მეოთხე ჯგუფი არის 1-ლი თაობის ანტიჰისტამინები, რომლებმაც შეიძლება ისეთი გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს, როგორიცაა ცენტრალური ნერვული სისტემის მოშლილობა და სუნთქვის გაჩერება. უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში, ისინი შეიძლება ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ დაინიშნოს.

ამჟამად მე-2 და მე-3 თაობის ანტიჰისტამინები გამოიყენება მინიმალური გვერდითი ეფექტებით, რომლებიც ექვსი თვიდან ბავშვებში გამოსაყენებლადაა დამტკიცებული.

დიარეის საწინააღმდეგო საშუალებები

მეხუთე ჯგუფი ანტიდიარეული პრეპარატებია, ე.წ. კუჭის შემკვრელი საშუალებები. ეს პრეპარატები ექიმის დანიშნულებისა და მეთვალყურეობის გარეშე 5 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება, რადგან შეიძლება ნაწლავის კედლის შეკუმშვის კრიტიკული დაქვეითება გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ ნაწლავის გადაჭარბებულ გაფართოებას და სისხლის მიწოდების დარღვევას იწვევს ნაწლავის კედელზე.

წყარო: mshobleli.ge