ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში ღვინის ტური განხორციელდა

ღვინის ტური

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media“ ორგანიზებით, საქართველოში ღვინის ტური განხორციელდა.

10 კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ ღვინის პროფესიონალები და კომერციული სფეროს წარმომადგენლები სინგაპურიდან, ავსტრალიიდან და ჰონგ-კონგიდან. ტურის ფარგლებში სტუმრები ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს კახეთსა და ქართლში გაეცნენ, დააგემოვნეს როგორც ქვევრის, ასევე კლასიკური მეთოდით წარმოებულ სხვადასხვა სახეობის ქართულ ღვინო.

„ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში. აქ დავინახე, რამდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული კულტურა, ღვინო, საკვები და ხალხი ერთმანეთთან. როგორც სომელიესთვის, ვინც მაგიდასთან დგას და მომხმარებლებს ესაუბრება, ძალიან მნიშვნელოვანია, შეგეძლოს ისტორიის გადმოცემა. ეს ჩემთვის განსაკუთრებულად შთამბეჭდავია. ღვინოები გემრიელია და მივიღე პასუხი უამრავ კითხვაზე ღვინის წარმოების, ქვევრების, სხვადასხვა ვაზის ჯიშისა და მიკროზონების შესახებ. ჩემთვის აქ ყოფნა ნამდვილი პატივია“, - აღნიშნა ჯგუფის ავსტრალიელმა წევრმა, სომელიემ, რესტორნების ჯგუფის „Trader House“ სასმელების მიმართულების დირექტორმა ლიენ ოლტმანმა (Leanne Altmann).

ტურის მონაწილეებისთვის თბილისში ასევე გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო ღვინის მწარმოებელი 16 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორიოს ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს ამერიკის, ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.