„გადავწყვიტე ჩემი გადაცემები ჩანახატის ჩვენებით დავასრულო“ - გიორგი ნიორაძე თავის „უჩვეულო“ ეთერზე კომენტარს აკეთებს

nioradze

გიორგი ნიორაძის ჩანახატს სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ტელეჟურნალისტმა ეთერი დაასრულა და როცა მაყურებელს ემშვიდობებოდა, ეკრანზე მისი ჩანახატი გამოჩნდა. გიორგი ხუმრობს, გამოხმაურებამ იდეა მომაწოდა და ყოველი ეთერის შემდეგ, მაყურებელს ჩემს ჩანახატს ვაჩვენებო.

როგორც გიორგი „პრაიმტაიმთან“ ამბობს, შიშველი ტორსების და ფიგურების ხატვა მისი ჰობია.

გიორგი ნიორაძე: - ჩანახატებს ყველა ეთერის დროს ვაკეთებ. ვინც მე მიცნობს, იცის, რომ ვხატავ. ვხატავ ნიუებს - შიშველ ტორსებს, პორტრეტებს, მათ შორის, უკანა ფურცელზე რესპონდენტების პორტრეტებსაც ჩანახატებად ვინიშნავ.

ამ ეთერის დროს, დამშვიდობებისას აღარ დამიხედავს ფურცელზე და მაყურებელმა ნახა ჩემი ჩანახატი. 

ხატვაზე ხშირად ვხატავდი ნატურას და ჩვევაში მაქვს შიშველი ფიგურების ხატვა. შტრიხები, რაც მახსენდება, ვხატავ. მოძრაობაში ცხოველებსაც ვხატავ. რაც მომწონს შემდეგ, როცა ვმუშაობ, ის ჩანახატი ტილოზე გადამაქვს. 

ამხელა რეზონანსი რომ გამოიწვია, გადავწყვიტე ჩემი გადაცემები ჩანახატის ჩვენებით დავასრულო. მაყურებელი ნახავს, იმ გადაცემის დროს რა დავხატე.