„მე ხალხს დავანახვე, რომ გიორგი ნაზღაიძე არ არის თავში ავარდნილი, ამბიციური თავხედი" - როგორ ემზადება "პრაიმ ჰაუსის" ფინალისთვის გიორგი ნაზღაიძე

nazgaidze

დღეს 22 საათზე "რუსთავი 2"-ის ეთერში რეალითი შოუ - "პრაიმ ჰაუსი" სრულდება. მაყურებლის გადაწყვეტილებით დღეს პროექტს ან ანი ყიფშიძე მოიგებს, ან გიორგი ნაზღაიძე.

ანის განწყობა "პრაიმტაიმის" მკითხველმა ჩვენს სააგენტოზე წაიკითხა. ამჯერად კი გიორგი გვიზიარებს ემოციებს.

გიორგი ნაზღაიძე: - ნორმალური განწყობა მაქვს. წავალ მეგობრებთან ერთად რესტორანში, შევჭამთ, დავლევთ და ფინალზე მივალ.

ყოველ შაბათს, ალკოჰოლურ სასმელს ვსვამ ხოლმე. განსატვირთავად. ეს სამეგობროში ტრადიცია გვაქვს. ვსვამთ ან არაყს, ან კოქტეილს. დალევა რომ მიყვარს, უკვე ყველამ იცის.

აუტსაიდერის სკამის ყოველი შაბათი, ჩემთვის ემოციურად სანერვიულო იყო. არც დღევანდელი დღეა გამონაკლისი. მაყურებელი ხედავდა, როგორ ემოციურად მიხაროდა გამარჯვება.

მე ჩემთვის დავიტოვებ, რას ვფიქრობ გამარჯვებაზე. მაგრამ აღვნიშნავ, რომ მე ჩემი გულშემატკივრის იმედი ყოველთვის მაქვს. მჯერა, რომ როგორც ისინი, აქამდე ახდენდნენ სასწაულებს, ისევე მოახდენენ დღესაც.

რაც არ უნდა მოხდეს, მე მაინც მიმაჩნია, რომ ამ პროექტში იმდენი ადამიანის სიყვარული დავიმსახურე, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. 

ადრე ვამბობდი, რომ არ მიღირდა ამ რეალითში მონაწილეობა, რადგან ბევრი სტრესული სიტუაცია გამოვიარე, ჰეითერები და ფეიკგვერდები იერიშზე გადმოდიოდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, იმხელა სიყვარული ვიგრძენი და გულშემატკივართა ისეთი არმია დამიდგა გვერდში, რომ ნამდვილად ღირდა.

მე ხალხს დავანახვე, რომ გიორგი ნაზღაიძე არ არის თავში ავარდნილი, ამბიციური თავხედი.

საგულშემატკივროდ, მე თვითონ არც მეგობრები მომყავს და არც ოჯახის წევრები. ასე უფრო მშვიდად ვიქნები...